აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მორიგ საინფორმაციო ტურს ებრაელი ჟურნალიტებისათვის ჩაატარებს. 6-9 მაისს ებრაული მედიის წარმომადგენლები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო ხასიათის სტატიები ყოველდღიურ პოპულარულ გაზეთებში, ჟურნალებსა და საინფორმაციო პორტალებზე განთავსდება. საინფორმაციო ტურში ჩართულ მედია საშუალებებს მთლიანობაში 3 მილიონამდე წვდომა ექნება, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის პოპულარობას ისრაელის სახელმწიფოში.
6 მაისს, სასტუმრო "დივანში" სტუმრებს ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები სპეციალურ პრეზენტაციას ჩაუტარებენ, რის შემდეგაც ისინი დაცულ ტერიტორიებსა და აჭარის მაღალმთიან ადგილებს მოინახულებენ. ებრაელი ტურისტები განსაკუთრებით გამოირჩევიან დიდი ინტერესით ეკოტურიზმის მიმართ, შესაბამისად, ტურიზმის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული პროგრამა ტურიზმის ამ მიმართულების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ისრაელი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ერთ-ერთ სამიზნე ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო წლებია სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ტარდება. 2012 წლიდან თელავავიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ჩარტერული ფრენები კვირაში ორჯერ ხორციელდება. სეზონურ ჩარტერებს პირველ წლებში ებრაული ტურისტული კომპანია "Eshet Tours" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ახორციელებდა. წელს ებრაული კომპანია ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს საქართველოს, კერძოდ აჭარის ტურისტულ ბაზარზე ოპერირებას. 2015 წლის სეზონის სიახლეს წარმოადგენს ისრაელიდან ახალი ავიაკომპანიის "AKRIA"-ს შემოსვლა, რომელიც თავის ჩარტერულ ფრენებს ასევე ბათუმის მიმართულებით კვირაში ერთხელ გეგმავს( http://www.arkia.com/).
ისრაელი ბოლო წლებში უცხოელ ტურისტთა შორის ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით რეგიონის განთავსების ობიექტებში 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 8,2%-ით მეტი ებრაელი ტურისტი იმყოფებოდა. უკვე დაგეგმილი ახალი ფრენების შედეგად 2015 წელს ისრაელიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უახლოეს პერიოდში ორგანიზებას გაუწევს ასევე ისრაელიდან მოწვეული ტურ-ოპერატორების საინფორმაციო ტურს.