საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა. ყიფიანმა გადადგომა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება უკვე დაწერილი აქვს.
როგორც ცნობილია, ორი დღის წინ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე, ელგუჯა ხოკრიშვილის გარდა, ლევან ყიფიანზეც იყო საუბარი. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრეტენზიებზე, რომელიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის მისამართით აქვს.
ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება, კონსტიტუციის გათვალისწინებით კი, მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. შესაბამისად, ყიფიანის გადადგომის შემდეგ, მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად შევა.