"დასანანია, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები პროვინციული ქალაქის გარეუბანში მდგარი სახლის სამზარეულოში ჭორაობის დონეზე დადის" (სტილი დაცულია), თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ერთ-ერთ თათბირზე, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე თავმჯდომარეობდა. პირად საუბრებში ზურაბი ხშირად იმასაც ამბობდა, რომ ჩვენი საზოგადოება მუდამ ახერხებს ფარსად აქციოს ნებისმიერი, თუნდაც მნიშვნელოვანი მოვლენა. ბედის ირონიით სწორედ ფარსად და ჭორაობის მასალად იქცა ბევრისათვის მისი დაღუპვის გარემოებები.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი "სკანდალური" და "სენსაციური" განცხადება მოვისმინეთ:
ზურაბ ჟვანიას საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესზე დაცვის მხარე დაინტერესდა, ნახა თუ არა გამომძიებელმა კახა ჭუმბაძემ შემთხვევის ადგილზე ტყავის ჩანთა, რომელშიც პარიკი და წვერი იდო. ჭუმბაძემ შემთხვევის ადგილზე ჩანთის არსებობა დაადასტურა, თუმცა, აღნიშნა, რომ ჩანთა არ
დაუთვალიერებია (!).
"ჩვენ მოვითხოვეთ სხდომის დახურვა, გამომძიებელ ჭუმბაძეს თავისუფლად რომ გაეცა ჩვენს კითხვებზე პასუხი, რაზეც მოსამართლემ უარი თქვა. ამ დეტალზე პასუხის გაცემის უფლება არა მაქვს, ეს გამოძიების საიდუმლოებაა, მოწმისთვის კი ამ კითხვის დასმის საფუძველს საქმის მასალები მაძლევდა. არის თუ არა ეს საქმესთან კავშირში, ალბათ, გაირკვევა. ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ყველაფერს ვერ ვიტყვი"", განაცხადა სხდომის შემდეგ ლევან ჩაჩუას ადვოკატმა. მან აგრეთვე თქვა, რომ "იუსუპოვს ბალზამირება გაუკეთდა, ამას ადასტურებს ორი დაკითხული სანიტარი. მათ წინასწარ გამოძიებაში განაცხადეს, რომ ორივე ცხედარს ჩაუტარდა ბალზამირება ფორმალინის ხსნარით. მოლებმა განაცხადეს, რომ იუსუპოვის მკერდზე არსებული ნაჩხვლეტებიდან სითხე გადმოდიოდა - ეს ბალზამია.
პროზექტურაში იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან სამხარაული და მათ გადაწყვიტეს ბალზამირების გაკეთება. ჩაჩუა ეტყოდა მათ, არ ჩაუტარდესო? სხვათა შორის, როცა ბალზამირება კეთდება, ცნობა არ დგება და არც ექსპერტიზის ოქმში აღინიშნება"" (ციტატის დასასრული).
ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ კი სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ფანჯრის გისოსების გამოგლეჯისა და ფანჯრიდან ბინაში შეღწევის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ""უსუპოვი პრემიერისგან მოშორებით ეგდო. იყო არაორდინალური სიტუაცია და ამ სიტუაციის გამოსასწორებლად მოვიფიქრე შემდეგი გეგმა: რაულ უსუპოვის ცხედარი მე და მიხეილ ძაძამიამ გავიტანეთ ბინიდან და ჩავდეთ მანქანაში. როდესაც მანქანაში ჩავსხედით, შემდეგ მივხდი, რომ ეს იყო აბსურდული გეგმა და ცხედარი ისევ უკან შევიტანეთ. დავაწვინეთ იმავე ადგილზე და იმავე მდგომარეობაში, როგორც იყო. ფეხსაცმელი, სავარაუდოდ, ამ გატანის დროს გასძვრა და შარვალიც, სავარაუდოდ, ამ დროს დაესვარა"".
ხარშილაძემ ასევე თქვა, რომ მან მაშინათვე გიორგი ბარამიძეს დაურეკა და ამბავი შეატყობინა. მეორე ზარი კი პრეზიდენტთან განახორციელა, რომლის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ.
რამდენიმე დღის წინათ "რუსთავი 2""-მა აჩვენა და გაახმოვანა აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ვრცელი დასკვნა, სადაც ნახსენებია, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის დნმ დაფიქსირებულია ზეწრებზე, ბალიშებზე, ხალათებზე. ტელეგადაცემაში თქვეს, რომ რაულ უსუპოვს სიკვდილის წინ აღებინა და აჩვენეს სამზარეულოს ნიჟარა, სადაც ჩანდა დაგროვებული ნარწყევი. (მკითხველს შევახსენებ, რომ 2013 წლის 19 ოქტომბერს ბლოგზე განთავსებულ წერილში აღვნიშნავდი, რომ მხუთავი გაზით მოწამვლისას ადამიანს ზოგჯერ აღებინებს და ასე იყო რაულ
უსუპოვის შემთხვევაში). იმავე წერილში კატეგორიულად ვაცხადებდი, რომ ვერც ვიცე-პრემიერი ბარამიძე და ვერც კობა ხარშილაძე ვერ გაბედავდნენ "არაოდინალური სიტუაციის გამოსწორებას"" და რაღაცის შეცვლას შემთხვევის ადგილზე, მითუმეტეს ცხედრებისათვის ხელის ხლებას. ეს შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ სააკაშვილის ბრძანებით ან ნებართვით.
"მე ეს ვიცოდი 2004 წლიდან. ეს იცოდა ნინომ, ზურას მეუღლემ. ეს იცის დედაჩემმაც და ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით. პირდაპირ გეტყვით, რა დელიკატურ მომენტებზეა საუბარი, იქ დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ. ეს სცენა იყო დადგმული. ეს არ არის ახალი არავისთვის, არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის. ეს არის ის, რასაც წინა ხელისუფლება დგამდა, თითხნიდა და ახლა ცდილობს, რომ ამით გადაფაროს ის გამოძიების პროცესი, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს", - განაცხადა ზურაბის ძმამ გოგლა ჟვანიამ.