დღეს, თანამედროვე ცხოვრების სწრაფი და დინამიური რიტმის გათვალისწინებით, ადამიანების უმრავლესობა არჩევანს ისეთ საკვებზე ვაკეთებთ, რომლის მომზადებაზეც დიდ დროს არ დავკარგავთ. შესაბამისად, ბაზარზე წარმოდგენილი ძეხვეულის, სოსისების, შებოლილი შაშხების ფართო ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გვიიოლებს ცხოვრებას და ამასთან ერთად, დროის დაზოგვაშიც გვეხმარება.
თუმცა, საქართველოში ხშირად გვხდება უხარისხო, კუსტარულად დამზადებული, ან სულაც სავაჭრო ობიექტის პერსონალის უყურადღებობის გამო ვადაგასული ძეხვეული, რისი შემჩნევაც ერთი შეხედვით, შეუიარაღებელი თვალით არც ისე ადვილია.
როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ძველი და ახალი, ხარისხიანი და უხარისხო სოსისი თუ ძეხვი, რა ნორმები უნდა იყოს დაცული მათი შენახვისას - ამის თაობაზე კომპანია "ნიკორას" ტექნოლოგი, ნანა პერტენავა გვესაუბრება.
- ქალბატონო ნანა, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ხარისხიანი და უხარისხო ძეხვეული?
- როდესაც ძეხვეულის ხარისხიანობაზე ვსაუბრობთ, მომხმარებლისთვის გარეგნულად მისი გარჩევა ცოტა არ იყოს რთულია. პირველი, რაც თვალშისაცემია, ხარისხიანი ძეხვეული უნდა იყოს ბუნებრივი შეფერილობის მშრალი ზედაპირით, არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი საღებავის ფერი და არ იყოს დაობებული. ეს ის მახასიათებლებია, რომლის შემჩნევაც ვიზუალურად შესაძლებელია.
- როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ დაძველებულ ძეხვეულთან გვაქვს საქმე?
- თუ ძეხვეული არის მუქი ფერის, შემხმარი ზედაპირით, ლორწოვანი გარსით, აქვს არასასიამოვნო მომჟავო სუნი, ეს ნიშნები მეტყველებს პროდუქტის სიძველეზე. პროდუქციას ზედაპირზე არ უნდა ჰქონდეს ობის წერტილები - ზოგიერთი სახეობის გარდა (ნედლად შებოლილი ობიანი ძეხვეული); საინტერესოა მომჭკნარი ზედაპირის თემაც, დაუშვებელია ასეთი ზედაპირის არსებობა მოხარშულ ძეხვეულში, თუმცა ეს ნიშანი მოხარშულ-შებოლილი და ნედლადშებოლილი პროდუქციისთვის მახასიათებელი თავისებურებაა.
- საშუალოდ რამდენი ხანია ძეხვეულს შენახვის ვადა?
• ყველა პროდუქტს ინდივიდუალური შენახვის ვადა აქვს. შეუფუთავი სახით მოხარშული ძეხვეული კონსერვანტების დამატების გარეშე ინახება 5-7 დღე, შებოლილი ძეხვეული ინახება 15-30 დღე სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისას.
რაც შეეხება შეფუთულ პროდუქციას, მათი შენავის ვადები დამოკიდებულია ვაკუუმ და დაცულ ატმოსფერული შეფუთვაზე. აღნიშნული მეთოდები ზრდის პროდუქციის შენახვის ვადებს. დაცულ შეფუთვაში არსებული ატმოსფერო უზრუნველყობს პროდუქტის უსაფრთხო შენახვას, საგემოვნო თვისებების, ხარისხისა და არომატის შენარჩუნებას. პროდუქტი უფრო დაცულია დაბინძურებისაგან და შესაბამისად, ხარისხის გაცილებით სტაბილურია.
- რამდენად უსაფრთხოა ქუჩაში ნაყიდი ძეხვეული?
- მომხმარებელი უნდა მოერიდოს ძეხვეულის ქუჩაში შეძენას. ხშირია შემთხვევები, როცა ქუჩაში გამოტანილ ძეხვეულზე შენახვის ვადა მითითებულია 3-6 თვე, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია, თუ საქმე ხარისხიან პროდუქტთან გვაქვს. ამას გარდა, ქუჩაში ჰიგიენის ნორმების და პროდუქტის შენახვისთვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა პრაქტიკულად გამორიცხულია.
- რა ინფორმაციას უნდა მიაქციოს ყურადღება მომხმარებელმა ეტიკეტზე?
- პირველ რიგში საყურადღებოა ინფორმაცია პროდუქციის ვადების შესახებ; შემადგენლობა, კვებითი ღირებულება და შენახვის პირობებზე ინფორმაციაც დატანილი უნდა იყოს სრულყოფილად და გარკვევით. თუ ეტიკეტზე არ არის განთავსებული ეს ინფორმაცია, ასეთი პროდუქციის შეძენა სარისკოა.
- დღემდე სხვადახვა მოსაზრება არსებობს სოსისის მოხარშვის წესთან დაკავშირებით. ნაწილი ამტკიცებს, რომ სოსისი ცელოფნით უნდა მოიხარშოს, ნაწილი კი საპირისპირო აზრისაა. თქვენ რას გვირჩევთ, როგორ უნდა მოვხარშოთ სოსისი?
- სოსისის მოხარშვა აუცილებელია ცელოფანთან ერთად, რომელიც გადაკრული აქვს. ცელოფნის მოძრობის შემთხვევაში, სოსისში არსებული ყველა არომატი გარეთ გამოვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოხარშვის დროს არ მოხდეს სოსისის გადადუღება. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ შეძენის დროს ეს პროდუქტი უკვე მოხარშულია და მას მხოლოდ შეთბობა სჭირდება. ამიტომ გირჩევთ, ჩაყაროთ მოსახარში სოსისი ცარიელ ქვაბში, დაასხათ ცივი წყალი, მიიყვანოთ ადუღებამდე და როგორც კი ადუღებას დაიწყებს, გამორთოთ გაზი. სარდელის მოხარშვასაც იგივე წესის გამოყენებით გირჩევთ.
- რა რჩევებს მისცემდით ძეხვეულის მოყვარულ მომხმარებელს?
- ნუ შეიძენენ გაურკვეველი წარმოშობის პროდუქციას. დიდი სურვილი მაქვს, რომ მოსახლეობის ცნობიერება ამაღლდეს ძეხვეულის მოხმარებასთან დაკავშირებით. გახსოვდეთ, რომ უმჯობესია, იყიდოთ ცოტა და კარგი ხარისხის ძეხვეული, ვიდრე გაურკვეველი წარმოების და დიდი რაოდენობის პროდუქტი. მომხმარებელს ვურჩევ, რომ ძეხვეული სპეციალიზირებულ მაღაზიებში, ისეთ სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ობიექტებში შეიძინონ, სადაც მაქსიმალურადაა დაცული პროდუქტის შენახვისთვის საჭირო წესები და ნორმები.