საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ირაკლი ალასანიას შესახებ გააკეთა.
"საინტერესოა სახელგანთქმული პოლიტიკოსი, მანანა კობახიძე როდიდან ერკვევა ასე სიღრმისეულად ჰაერსაწინააღმდეგო სამხედრო სისტემებში თავდაცვის მინისტრს რომ წვდა მყისიერად კისერში: ალასანიას განცხადება ნაადრევიაო?! ალბათ ქალბატონ მანანას შორსმჭვრეტელი სამხედრო-პლიტიკური ანალიზის იმედად ჯობია იყოს საქართველო... დარწმუნებული ვარ დამთავრებული არ ქონდა ალასანიას, საქართველოს ხელმწიფე - ბიძინა ივანიშვილი რომ ურეკავდა უკვე ღარიბაშვილს, არიქა რამე თქვითო, რუსები არ გამიღიზიანოთო...", - წერს საყვარელიძე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსებაზე ირაკლი ალასანიას განცხადებას ნაჩქარევს უწოდებს.
როგორც კობახიძემ "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, რაც იდეის დონეზე განიხილება, საჯაროდ არ უნდა გაცხადდეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, დასავლეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა, შესთავაზოს ნატო-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში. როგორც მან ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთი მიხვდება, რომ ნატო სერიოზულად უდგება საკითხს.