სვანეთში ორი უცხოელი ტურისტი ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, ლენტეხი-უშგულის მონაკვეთზე მოხდა.
უწყების ინფორმაციით, ფრანგი და გერმანელი ექსტრემალური სპორტის მოყვარული ტურისტების 5-კაციანი ჯგუფიდან, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ორი მათგანი გარდაიცვალა, ორი ტურისტის ძებნა კი გრძელდება. ამ შემთხვევის შესახებ საგანგებო სამსახურს გადარჩენილმა ტურისტმა აცნობა.
ზვავსაშიშროების გამო, ამ დროისთვის საგანგებო სამსახურს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შეჩერებული აქვს. ძებნა ხვალიდან განახლდება.
გარდაცვლილი ტურისტების ცხედრები მესტიაში უკვე ჩამოასვენეს.