მას შემდეგ, რაც ინტერნეტში პეტიცია გავრცელდა, რომლითაც მოქალაქეები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს თხოვნით მიმართავენ, ანსამბლ "ერისიონს" მოეხსნას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი და დაფინანსება, Ambebi.ge "ერისიონის" ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს დაუკავშირდა.
- ბატონო ჯემალ, საქართველოს მოქალაქეები პეტიციას ავრცელებენ, ხელისუფლებას თხოვნით მიმართავენ, "ერისიონს" მოეხსნას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი და დაფინანსება. რას იტყვით?
- რას ვიზამთ, ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ გუშინ განვაცხადეთ, რომ რუსეთში დაგეგმილი გასტროლები მოვხსენით, მაგრამ რადგან ხელმოწერებს აგროვებენ, ესე იგი, ეგ ხალხი მიზეზს კი არ ეძებს, უბრალოდ ასე უნდათ, რომ იყოს. ეს სირცხვილია და უხერხულია. აბა, ასე პირდაპირ, უპრეცედენტო მოითხოვნას, არ ვიცი, რა ჰქვია, მაგრამ ეს ნაკლებად მაწუხებს. დამნაშავე არ ვარ არაფერში და როგორც იტყვიან, რომის პაპზე დიდი კათოლიკე არავინ არისო, კარგი გამოთქმაა.
- ე.ი. 16 აპრილს კრემლში დაგეგმილი კონცერტი აღარ ჩატარდება?
- კრემლში კი არა, კონცერტები ყველგან იყო დაგეგმილი და მთლიანად მოვხსენით... ხალხი, ვინც პროტესტს გამოთქვამს, პროცედურა არ იცის. დიდი ხანია, მოვახსენეთ რუსულ მხარეს, რომ ჩვენი იქ ჩასვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ხელშეკრულებაში წერია, გასტროლის გაუქმება მხოლოდ ფორსმაჟორულ შემთხვევაშია შესაძლებელი, ეს არ არის ფორსმაჟორიო, - გვითხრეს. მიუხედავად ამისა, მოვხსენით და არ მივდივართ.
- ე.ი. ხელშეკრულება დაარღვიეთ?
- დიახ, რასაც უზარმაზარი ჯარიმა მოჰყვება, მაგრამ ვერავითარი ჯარიმა ვერ გადაწონის ამ ყველაფერს... ჯარიმას, ალბათ, სასამართლო გადაწყვეტს, რამდენი და როგორ იქნება.
ზოგადად კი ვიტყვი, რომ საშინელ სიტუაციაში ვართ, საოცარი ამბები ხდება ჩვენ გარშემო, ჯერ ორმოს სიღრმე არ ვიცით, ვხტებით და მერე ვამბობთ, რატომ ჩავვარდი ხრამშიო? სირცხვილია, "ერისიონის" პატრიოტიზმში ვინმეს ეჭვი რომ შეაქვს და პეტიციებს ადგენს. მაინტერესებს, მათ რა გაუკეთებიათ?
ლალი ფაცია
სპეციალურად Ambebi.ge-სთვის
ასევე დაგაინტერესებთ: