ბოლო დროს მგზავრები საქართველოს ფარგლებს გარეთ უფრო აქტიურად მოღვაწეობს, თუმცა ჯგუფი მონატრებულ ქართველ მსმენელს 1 მარტს "ივენთ ჰოლში" უმასპინძლებს.
Ambebi.ge გიგი დედალამაზიშვილს დაუკავშირდა.
– "ივენთ ჰოლში" კონცერტს ევგენი გრიშკოვეცთან ერთად წარმოვადგენთ. ის ცნობილი დრამატურგი, მწერალი და მსახიობია. მასთან ერთად შევქმენით ათი ახალი სიმღერა, სადაც ჩვენ ქართულად ვმღერით, ევგენი კი რუსულად კითხულობს. პირველად ეს პროექტი მოსკოვში წარვუდგინეთ მსმენელს, რუსეთში და უკრაინაში დაახლოებით 20 კონცერტი ჩავატარეთ. მსმენელს ძალიან მოეწონა და ბოლოს გადავწყვიტეთ, ქართველი მსმენელისთვის წარგვედგინა. მოვიდა დრო, ეს პროექტი გავაკეთოთ საქართველოში. კონცერტზე ძველ სიმღერებსაც შევასრულებთ, რომელიც ჩვენს თაყვანისმცემლებს ძალიან უყვართ.
- ცნობილია, რომ ხშირად მართავთ უკრაინაში კონცერტებს, იქაც შეიძინეთ თაყვანისმცემლები?
– კი, ხშირად ვართ უკრაინაში, ვმართავთ კონცერტებს და ძალიან ბევრი მსმენელი შევიძინეთ. ისევ ვართ მიწვეული უკრაინაში, იქ ჩავატარებთ რამდენიმე კონცერტს და შემდეგ ისევ რუსეთში წავალთ. ეს არ არის პოლიტიკური პროექტი, ისინი არიან რუსები, ჩვენ ქართველები და პოლიტიკურად არ ვუყურებ ამ ყველაფერს. ხელოვნება და პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს ერთმანეთში. მას შემდეგ, რაც არეულობა დაიწყო უკრაინაში, რამდენჯერმე ვიყავი, ევრომაიდანზეც არაერთხელ გავედით. ბოლოს ორი კვირის წინ ვიყავი და ძალიან მძიმე სურათი დაგვხვდა უკრაინაში. მე როგორც შემეძლო, გვერდით დავუდექი უკრაინელ ხალხს.
– მეუღლე რომ გყავს უკრაინელი, ალბათ, იმიტომ გიყვარს ასე განსაკუთრებით ეს ქვეყანა...
– ჩემი ცოლი უკრაინელია და ხშირად მიწევს იქ ჩასვლა. ყოველთვის მიყვარდა უკრაინა, მაგრამ რაც მარინაზე ვიქორწინე, უფრო შემიყვარდა. თბილი და კარგი ხალხი ცხოვრობს. განსაკუთრებული სიყვარული მაქვს უკრაინის მიმართ. როცა ბიჭებიც მოდიან, მე მარინას ოჯახში ვრჩები, ისინი კი სასტუმროში რჩებიან. მე და მარინა სამი წელია ერთად ვართ. ყოველდღე უფრო ბედნიერი ადამიანი ვხდები. იმ წუთიდან ვითვლი ჩვენს ურთიერთობას, როცა ერთმანეთი გავიცანით. დღითიდღე უფრო მეტად მიყვარს მარინა და ალბათ, მასაც ასევე ვუყვარვარ. ერთმანეთს ვეხმარებით ჩვენი სიყვარულით. ყოველი დღე გვიხარია, ყველდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო მეტ "მუღამს" ვიჭერთ ჩვენი ურთიერთობიდან, გვიხარია ერთად გაღვიძება და ერთად ყოფნა.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge