დღევანდელი გულახდილობისკენ მადლიერების გრძნობამ მიბიძგა, მადლიერებისამ იმ ხალხისა და კომპანიების წინაშე, რომლებმაც ამ ბოლო პერიოდში, "გუდვილის" გარშემო შექმნილი აჟიოტაჟისას, პარტნიორული და გულშემატკივრული პოზიცია გამოხატეს.
როცა "გუდვილის" შექმნა გადავწყვიტე, ვიცოდი და მწამდა, რომ ჩემს გუნდთან ერთად, საქართველოში ახალი, თანამედროვე სამომხმარებლო კულტურის დანერგვას მოვახერხებდი. ქართული საზოგადოება ახალს და ინოვაციურს იოლად იღებს და ეჩვევა. "გუდვილმა" საკმაოდ მოკლე დროში მოიპოვა მომხმარებლის მხრიდან ლოიალობა და ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მთავარი სტრატეგია იყო, რომ არაფრის ხარჯზე არ დაგვერღვია, როგორც შეთავაზებული პროდუქციის, ისე მომსახურების ხარისხის სტანდარტი.
ახლა რომ ვაანალიზებ, თუ რამდენი და რა მასშტაბის სიძნელეა უკან მოტოვებული, ზოგჯერ მეფიქრება, ღირდა კი ეს ყველაფერი ამდენ ძალისხმევად?!. მაგრამ სუფთა, მოწესრიგებული სავაჭრო დარბაზების, თავისი კომპანიის ერთგული მომღიმარი პერსონალის და რაც მთავარია, კმაყოფილი მომხმარებლების დანახვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ღირდა!
ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში სწორი და თანამედროვე გზით განვითარდება, სადაც პარტნიორებს შორის შეთანხმება ჯანსაღი, ხოლო სახელმწიფოსთან ურთიერთობა მხოლოდ კანონმდებლობის ჩარჩოებში იქნება მოქცეული. მინდა მჯეროდეს და მჯერა კიდეც, რომ ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია.
იყო დიდი სიძნელეები, ბევრი მიზეზის გამო, რომელთა თაობაზეც ბევრი ითქვა და დაიწერა, დაგროვდა პრობლემები, მაგრამ მენეჯმენტმა, მომწოდებლებმა, მომხმარებლებმა, ყველამ ერთად გავიარეთ ბეწვის ხიდზე. გვქონდა დაძაბული და ემოციური სასამართლო პროცესი რეაბილიტაციაში შესვლასთან და რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ სასამართლო პროცესმა ნათლად დამანახა, რომ დღევანდელი სასამართლოს პირობებში, ბიზნესს შეუძლია გაცილებით მშვიდად იყოს, ვიდრე ეს წინა საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში იყო. კოლეგებო, მეგობრებო, პარტნიორებო, დამერწმუნეთ, სასამართლოს ობიექტურობის ხარისხი შეუდარებლადაა გაზრდილი. მართლაც უპრეცედენტო აღმოჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ქალბატონ თამარ ჭუნიაშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც სამართლიანად და ობიექტურად შეაფასა ვითარება და გადაწყვიტა, რომ "გუდვილი" რეაბილიტაციის რეჟიმში უნდა შევიდეს. რომელმაც რეაბილიტაციის მმართველის პოსტზე დაამტკიცა ჩვენი მომწოდებლების 97% -ის კანდიდატურა და შედეგად, "გუდვილის" რეაბილიტაციის პროცესს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების მსოფლიო ოცეულის წევრი კომპანია PKF-ი უხელმძღვანელებს.
ახლა მთავარია, რა იქნება, რას შევძლებთ ერთობლივი ძალისხმევით და როგორ მოხერხდება კომპანიის განვითარება ისე, რომ "გუდვილთან" დაკავშირებულ ათასობით ადამიანს (ვგულისხმობ, ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენს მომწოდებლებს და მათ უკან მდგომ თანამშრომლებს თავიანთი ოჯახებითურთ, ცხადია, ჩვენს თანამშრომლებს) ჰქონდეთ სტაბილურობის მყარი განცდა და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი.
მე გეტყვით, რომ ეს არ იქნება ძნელი. ყველამ ერთად დღემდე შევძელით მოსვლა და ახალ დროში, დარწმუნებული ვარ, ორმაგად სწრაფად განვვითარდებით და კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ ქართულ სამომხმარებლო ბაზარს.
ჩვენ ერთი მთლიანი ჯაჭვი ვართ. მომწოდებლები, რეაბილიტაციის მმართველი, "გუდვილის" ინფრასტრუქტურა და მენეჯმენტი და, რა თქმა უნდა, მომხმარებელი. უერთმანეთოდ, ერთმანეთის ობიექტური ინტერესების გათვალისწინების გარეშე, წარმატება ვერ მოვა.
მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანისადმი. გაგახსენებთ, სამინისტრომ დადებთად გადაწყვიტა "გუდვილის" მიმართვა და მეურვის მომსახურების ღირებულების 7%-იანი ზღვარი საგრძნობლად დაწია, რაც მაშინ რეაბილიტაციის რეჟიმში შემავალი ჩვენი კომპანიისთვის, და ზოგადად ქართული ბიზნესისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. მადლობა მათ ბიზნესის ობიექტური ინტერესების გათვალისწინებისთვის. ქართული ბიზნესი ხელისუფლებისგან ამგვარ დამოკიდებულებას ჩვეული არ ყოფილა და იმედი მაქვს ეს ტენდენცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს.
მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ვინც რთულ პერიოდში გვგულშემატკივრობდა, ვინც გვიერთგულა, ჩვენს გვერდით მართლაც გულწრფელად დადგა და დარჩა კიდეც ასეთად.
პატივისცემით
გოგი შევარდნაძე
R