ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ჯგუფი Metallica-ს წევრები კარიერის დასაწყისში ქუჩაში უკრავდნენ და ასე გახდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი. 90-იანი წლებიდან საქართველოშიც შეამჩნევდით მუსიკოსებს, რომლებიც ქუჩაში იდგნენ და უკრავდნენ. ეს მათი მხრიდან პროტესტის გამოხატვაც იყო და თავის რჩენის საშუალებაც. დღესაც ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ამ გზით ირჩენენ თავს.
დავინტერესდი, რა სიტუაციაა ამ მხრივ და გავემართე იმ მიწისქვეშა გადასასვლელისკენ, სადაც ქუჩის მუსიკოსი მეგულებოდა. არჩილ ჩხეტიამ გულთბილად მიმიღო და კითხვებზე საინტერესო პასუხებიც გამცა.
- როდის და რატომ დაიწყეთ ქუჩაში დაკვრა?
- დაახლოებით თორმეტი წლის წინ. მაშინ ბათუმიდან ახალი ჩამოსული ვიყავი. ადრე დღევანდელთან შედარებით ძალიან ცოტა ქუჩის მუსიკოსი იყო, გარეთ დაკვრით ჩვენ პროტესტს გამოვხატავდით საზოგადოებისა და პოლიტიკური რეჟიმის მიმართ. ვცდილობდით, სიმღერით გვეჩვენებინა ჩვენი დამოკიდებულება იმდროინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ხალხი იმ დროს გვიყურებდა, როგორც მათხოვრებს, მაწანწალებსა და ლოთებს.
- ამ პერიოდის განმავლობაში თუ შეიცვალა თქვენ მიმართ ხალხის დამოკიდებულება?
- საბედნიეროდ, დღეს ხალხს მათხოვრები აღარ ვგონივართ. ფულს ადრე იმიტომ ყრიდნენ, რომ ვეცოდებოდით, ახლა კი ხშირად ჩემ წინ დგებიან და მისმენენ. რამდენიმე ქუჩის მუსიკოსი საკმაოდ ცნობილ მუსიკალურ შოუებში მონაწილეობდა და ხალხის სიყვარულიც დაიმსახურა. ზოგიერთმა ჯგუფიც შექმნა. გადაწყვიტეს, საკუთარი მუსიკა ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ.
- ბარში დაკვრა არ გიცდიათ? თუ იქ არ გიღებენ?
- როდესაც თბილისში ჩამოვედი, ქუჩაში დაკვრა ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. ფაქტობრივად, ამით ვირჩენდი თავს. იყო მეორე მხარეც, - მსიამოვნებდა დაკვრა. შემდეგ ჯგუფი შევქმენით მე და ჩემმა მეგობრებმა და დავიწყეთ ბარში დაკვრაც, თუმცა, ამის მიუხედავად, ქუჩაში სიმღერაზეც არ მითქვამს უარი.
- თქვენს ცხოვრებაში რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში?
- ახლა მყავს ჯგუფი Industrial City. თავად ვწერთ მუსიკასა და ტექსტებს. ის საკმაოდ პოპულარულია საქართველოში და არა მარტო აქ. გვქონია კონცერტები სომხეთშიც, ასევე გვწერენ სამხრეთ ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან და ჩვენდამი დიდ სიყვარულს გამოხატავენ. შარშან, ერთ-ერთ საიტზე გამოკითხვაში ჩვენმა სიმღერამ წლის საუკეთესო სიმღერის ტიტულიც მოიპოვა. ვცდილობთ, წელსაც დავიმსახუროთ.
- თუ ყოფილხართ სომხეთის გარდა სხვა ქვეყანაში და იქ თუ დაგიკრავთ ქუჩაში?
- დიახ, ძალიან მიყვარს მოგზაურობა. გარდა იმისა, რომ მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს, ვყოფილვარ აზერბაიჯანშიც, თურქეთსა და უკრაინაშიც. იქაც, რაღა თქმა უნდა, ქუჩაში დაკვრით ვირჩენდი თავს. ამ ქვეყნებში სპეციალური ადგილებია გამოყოფილი მუსიკოსებისა და მოცეკვავეებისთვის. მას "თავისუფალი მუსიკის ზონას" უწოდებენ. კარგი იქნებოდა, საქართველოშიც ასე იყოს. საქართველოსგან განსხვავებით, იქ არავინ მოვა და არ გეტყვის, რომ ხელს უშლი სიმღერით. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. ხშირად მაღაზიის გამყიდველებს უჩხუბიათ და უთქვამთ, - აქ ნუ დგახარ, ჩვენი ტერიტორიაა და შენი სიმღერით ხელი გვეშლებაო.
- ქართველი და უცხოელი მსმენელი შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ?
- ეს შესანიშნავი კითხვაა. მათი შედარება საკმაოდ იოლია და ქართველებისთვის ალბათ სამწუხარო იქნება პასუხი. უცხოეთში არასოდეს მოსულა ისეთი ადამიანი, რომელსაც უთხოვია ჩემთვის, "ქურდული" მუსიკა დამეკრა. აქ კი ასეთი შემთხვევა ბევრია. ამით გამოიხატება მსმენელის კულტურა და მისი განათლების დონე მუსიკაში. საზღვარგარეთ უსმენენ იმას, რასაც მე ვუკრავ და არ მაძლევენ ასეთ უცნაურ "შეკვეთებს". როცა ადამიანს ესმის, რომ ვუკრავ The Doors-ს ან სხვა მსგავსი ჟანრის მუსიკას, აღარ უნდა მთხოვოს "ქურდულების" შესრულება.
- თქვენი აზრით, საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა ქუჩის მუსიკოსების მიმართ როგორ შეიძლება?
- მასაზე ზემოქმედება მედიასაშუალებებს შეუძლიათ. რადიოსა და ტელევიზიებში ხარისხიანი მუსიკის ნაკლებობაა. ასევე უნდა გაიმართოს ისეთი ფესტივალები, სადაც "ლეგენდა ჯგუფები" ჩამოვლენ. ასეთი შემთხვევა ერთხელ უკვე იყო და Deep Purple ჩამოიყვანეს, რამაც ძალიან გამახარა. დღევანდელი თაობა კომპიუტერიზებულია, ისინი კომპიუტერებს ცუდად იყენებენ, მთელი დღე "ფეისბუკზე" არიან, რაც არაფრისმომცემია. ჩვენ დროს ყველაფრის მოძიება რთული იყო, ბავშვები წიგნებსა და კასეტებს ვუცვლიდით ერთმანეთს, დღეს კი ასე აღარაა, ყველაფერი ცხვირწინ აქვთ და არ იყენებენ.
ნათია მაისურაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)