რედაქციაში ასეთ შეკრებებს თათბირს ვეძახით, ჩემი კარიერის დასაწყისში კი მახსოვს, დაგეგმვა ერქვა. განსხვავება მხოლოდ სახელშია, შინაარსი კი ნიშნავს, რომ რედაქცია იმ ახალი ნომრის მასალების მიზანშეწონილობას განიხილავს, რომელიც თქვენ უახლოეს დღეებში უნდა წარმოგიდგინოთ.
შევთანხმდით, რომ მე ამ ნომრისთვის უმუშევრობის პრობლემაზე ვიმუშავებდი. ხომ არ არის ამის მიზეზი კვალიფიციური კადრების ნაკლებობა? - იკითხა ჩემმა რედაქტორმა... გადავწყვიტეთ, რომ ამ მასალისთვის რამდენიმე რესპონდენტი მომეძებნა. ერთი მხრივ უმუშევარი ადამიანი, მეორე მხრივ კი წარმატებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც საკუთარ წარმატებულ საკადრო პოლიტიკაზე გამოცდილებას გაგვიზიარებდა. ეგებ ფსიქოლოგთანაც მივსულიყავი, - გავიფიქრე ხმამაღლა, - მაგრამ ის მხოლოდ იმ ფაქტს დამიდასტურებს, რომ უმუშევრობა ადამიანის ფსიქიკას ანგრევს... მოკლედ, ახალი ვერა, მაგრამ საოცრად მტკივნეული თემა ავირჩიე...
რედაქციიდანვე დავრეკე ერთ-ერთი ბანკის "ქოლ ცენტრში" და ოპერატორ გოგონას ვთხოვე, - პრესსამსახურთან დამაკავშირეთ-მეთქი. სცადა, მაგრამ არავინ უპასუხა. რამდენიმე ასეთი უშედეგო ზარის შემდეგ, თავად ოპერატორმა გოგონამ შემომთავაზა, რომ შეტყობინება დამეტოვებინა. მადლიერებით დავთანხმდი... და ამ ბანკის პრესსამსახურს "დავუბარე", რომ ჩემი ანუ "გზის" ჟურნალისტის შეხვედრა უზრუნველეყო ბანკის პრეზიდენტთან, რომელთანაც საკადრო პოლიტიკაზე ვისაუბრებდი, მერე კი უმუშევარი ადამიანის ძებნას შევუდექი...
ყველას გვყავს ჩვენი, პირადი უმუშევარი - მეგობარი, ნათესავი, ოჯახის წევრი, მაგრამ მე უცხო ადამიანის პრობლემები მინდოდა გამეგო.
ძალიან სიმპათიური, პუტკუნა ქერა რუსი ქალბატონი, რომელსაც შვილიშვილი პარკში სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი, ქართულად დიდებულად ვერა, მაგრამ საკმაოდ გაბედულად მეტყველებდა. ვთხოვე, ვინაობა გაემხილა და როცა ჩემი მიზანი ვუთხარი, ძალიანაც გაუხარდა... მისი ეროვნებით ქართველი მეუღლე თურმე, ინვალიდია და შესაბამისად, უმუშევარიც. ორი ქალიშვილიდან მხოლოდ ერთი მუშაობს - სწორედ იმ პატარა გოგონას დედა, რომელსაც ბებია ბაღში ასეირნებდა.
- გამოდის, რომ ერთი ახალგაზრდა გოგონა არჩენს მთელ ოჯახს. ამას როგორ ახერხებს?
- ერთად ვახერხებთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ოჯახში ეკონომია გავწიო და ზედმეტი ხარჯები ავაშორო. მის შვილზეც მე ვზრუნავ; ღამეც ჩემ გვერდით ვაწვენ, რომ დედამისმა დასვენება მოახერხოს.
- მისი ხელფასის გარდა, სხვა შემოსავალი თუ გაქვთ?
- ჯერ საპენსიო ასაკისთვის არ მიმიღწევია, მაგრამ ჩემი მეუღლე ინვალიდის პენსიას იღებს.
- მაპატიეთ, რომ გეკითხებით, მაგრამ კონკრეტულად როგორ აკეთებთ ეკონომიას?
- მაგალითად, ზამთარში მხოლოდ ერთ ოთახს ვათბობთ. ღვთის მადლით, სახლი კარგი გვაქვს, მაგრამ ფანჯრები ძველია და ყველა ოთახის გათბობა რთულია...
- გარდა ამისა?..
- ბავშვს ვერაფერს მოვაკლებთ. მისთვის ყოველთვის განსაკუთრებული საკვები გვაქვს. პირადად მე, არც ხორციან კერძს ვეკარები და არც რძის ნაწარმს, ოღონდ ოჯახის წევრებს ეს არ შეუნიშნავთ.
- აბა, რით იკვებებით?
- სეზონური ხილით და ბოსტნეულით. "სუპებს" ვაკეთებ. ძალიან გემრიელ წვნიანებს ვამზადებ. მიყვარს მაკარონი, თონის პური. კიდევ, კარგ ბლინებს ვაცხობ და გადასარევ "ვარენიკებს", როცა ხილი მიწყობს ხელს.
- დიდი ოჯახი გაქვთ. ალბათ სარეცხ საშუალებებზე ვერ გააკეთებთ ეკონომიას.
- როგორ არა! აი, ჯერ ვალბობ სარეცხს, მერე ვწურავ და ნებისმიერი იაფფასიანი ფხვნილი ერევა, თანაც - რა ისეთი ბინძურები ჩვენ ვართ...
- ტანსაცმელი, ფეხსაცმელი...
- ჰო, ზოგჯერ რაღაცის ყიდვა მიწევს, მაგრამ იშვიათად. "ძველმანებში" ვყიდულობ აუცილებელ რაღაცებს. ასეთ მაღაზიაში ზოგჯერ მოხდენილ ტანსაცმელსაც იპოვი, ოღონდ, იქაც არ ღირს იაფი. აი, ამას წინათ ისეთი კარგი პალტო ვნახე, მაგრამ 25 ლარი ღირდა და ვერ გავიმეტე.
- ხუთი ადამიანი დღეში დაახლოებით რა თანხას ხარჯავთ?
- ორი ლარი ჩემს გოგონას უნდა იმისთვის, რომ იმგზავროს, მე კი ვცდილობ, 5 ლარში ჩავეტიო. სოფლიდანაც ძალიან მეხმარებიან. ლობიოს და სიმინდს ჩემი მული უგზავნის ძმას. ღვთის მადლით, არ ვშიმშილობთ, მაგრამ ოჯახი ხარჯიანია. ამას წინათ ტელევიზორი გაფუჭდა და ჩემმა გოგომ განვადებით გამოიტანა. აბა, სხვა რა გზა იყო? ისეთი ტელევიზორია, რომ ვუყურებ, თავი სიზმარში მგონია.
- აქამდე რომელი ტელევიზორით სარგებლობდით?
- ძველი რუსული ტელევიზორი მქონდა. მეგონა, ფერადი იყო, მაგრამ აი, ახალი ვიყიდე და მივხვდი, რომ ვცდებოდი.
- თქვენი ქალიშვილი ქმარს გაშორებულია?
- ასეა! იმას საზღვარგარეთ უნდოდა წასვლა, ჩემი გოგო კი ვერ გაჰყვა. ჩვენ რომ მივეტოვებინეთ, იცოდა, თავს ვერ გავიტანდით. ჰოდა, წავიდა ჩემი სიძე და ახლა გვითხრეს, რომ სხვა ქალთან ცხოვრობს...
- თქვენს ოჯახს ვალი თუ აქვს?
- სამწუხაროდ, გვაქვს... მადლობა ღმერთს, ბანკისგან ძალიან პატარა ვალი გვაქვს აღებული და ისეთი ადამიანების ფულიც გვაქვს, რომლებიც არ "გვახრჩობენ". აი, გაიზრდება ჩემი მეორე შვილიც და გავისტუმრებთ ყველა ვალს. გასულ ზაფხულს ზღვისპირეთში წავედი და "პერაშკებს" ვაცხობდი. სხვათა შორის, ძალიან კარგად იყიდებოდა და ცოტა ფული შევაგროვე. მომავალ ზაფხულსაც წავალ და ალბათ ვალის ნაწილსაც გავისტუმრებ...
- თქვენ არ გიცდიათ სამსახურის შოვნა?
- თავის დროზე მსუბუქ მრეწველობაში ვმუშაობდი. ახლა მგონია, პროფესიით ვეღარც ვიმუშავებ, იმდენი ახალი რაღაც მოხდა ამ სფეროში, მაგრამ სხვა რაღაცები ბევრჯერ ვცადე. მაგალითად, ვიდრე ჩემი გოგონა დაიწყებდა მუშაობას, შინ ნამცხვრებს, ხაჭაპურს ვაცხობდი და მაღაზიებში ვაბარებდი. მაშინ თავის გატანა არ გვიჭირდა, მაგრამ მერე მკერდი გამიხდა მოსაკვეთი... ახლა ჩემთვის ფიზიკური შრომა არ შეიძლება...
ქალს დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი. სკამზე მოხუცი კაცი შევნიშნე, რომელსაც ხელში პური ეჭირა - ლუკმას წაატეხდა, უკბილო პირში ჩაიდებდა და ვიდრე გადაყლაპვას მოახერხებდა, პურის ნამცეცებს მტრედებს უყრიდა. ძველი გაქუცული ლაბადა, დაბრეცილი ფეხსაცმელი ეცვა და დამტვერილი ქუდი ეხურა ან შეიძლება, ქუდი სულაც არ იყო მტვრიანი, მაგრამ ასე იმიტომ მომეჩვენა, რომ გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დროინდელი იყო. არა, მათხოვარი ნამდვილად არ გახლდათ... ჰოდა, ვიფიქრე: უამრავი რესპონდენტის მოძებნა შემიძლია იმისთვის, რომ ათასგვარი ამბავი მოგითხროთ უმუშევართა ცხოვრებიდან. შემიძლია მოგიყვეთ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები მათხოვრული პენსიით, პენსიის გარეშეც ან როგორ გააქვს თავი იმ ათსულიან ოჯახს, რომლის მხოლოდ ერთ წევრს აქვს ხელფასი; შემიძლია გესაუბროთ იმაზეც, თუ როგორი რთულია დამლაგებლად მუშაობა იმისთვის, ვინც "იმ ცხოვრებაში" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო; იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ჯერ ბანკიდან აიღეს სესხი, მერე კი ამ ვალის წყალობით სახლები დაკარგეს, მაგრამ ყველა ეს ამბავი ხომ იქნება ერთი დიდი ამბავი იმის შესახებ, რომ უმუშევარი ადამიანები კი არ ცხოვრობენ, არამედ არსებობენ და არავინ იცის, როდემდე...
- არ გამომდის არაფერი, - ვამბობ მომდევნო თათბირზე: - თითოეული უმუშევარი ადამიანის ამბავი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. როგორ ვესაუბრო მშიერ ადამიანებს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, თუკი მათ არ დავაპურებ?..
- დაგერეკა მაინც იმ ბანკში, - მისაყვედურა რედაქტორმა.
მაგრამ მე ხომ უკვე ბევრჯერ დავრეკე... და ვერასდროს ვერ მივიღე დასმულ შეკითხვაზე პასუხი: - თანახმაა თუ არა ბანკის პრეზიდენტი, ჟურნალისტს შეხვდეს?.. უფრო მეტიც, პრესცენტრამდე საერთოდაც ვერ მივაღწიე! ახლა როგორ მოვიქცე, ხმამაღლა დავუწუნო ჩემს საყვარელ ბანკს საკადრო პოლიტიკა და კიდევ რამდენიმე ადამიანი დავტოვო ლუკმაპურის გარეშე თუ თავად ბანკის პრეზიდენტს მოვთხოვო, საკუთარი თავი დასაჯოს იმის გამო, რომ საკადრო პოლიტიკა არაფრად უვარგა?..
იქნებ რომელიმე სხვა ორგანიზაციისთვის უნდა მიმეკითხა?..
როგორ ფიქრობთ, ვინ მიპასუხებს კითხვაზე: სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი იმ ქვეყნის შვილებმა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევრობის უღელქვეშ გმინავს, ნაწილი კი მამასისხლად ნაპოვნ სამუშაო ადგილს არაფრად აგდებს და ვერ ხვდება, რომ მისი კარგი მუშაობა შეიძლება, ახალი სამუშაო ადგილის შექმნის საწინდარი იყოს?
დეა ცუცქირიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)