საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართულ საზოგადოებაში არსებული გახლეჩილობის პრობლემას განიხილავს.
"ყველაზე მეტად მაფიქრებს და მადარდებს ჩვენი საზოგადოების გახლეჩილობა. სადაც კი კომენტარებს და შეფასებებს ვკითხულობ, უმეტესობა უბრალოდ ერთი-მეორის ლანძღვა-გინებაა, პირდაპირ, ყველანაირი გადატანითი მნიშვნელობის გარეშე. თუკი, პირობითად, ნაციონალები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ, დანარჩენი ნაწილისთვის შინაარსი აბსოლუტურად კარგავს აზრს და ავტომატურად საპირისპიროს მტკიცებას იწყებენ. ეს არის ისევ ემოციებით მართული გამოხმაურებები, შინაარსს მოკლებული, რასაც ძალიან სამწუხარო შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
ჯერ ერთი, ამით ჩვენსავე ქვეყანას ვუსპობთ განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას, რადგან პროგრესი მხოლოდ ერთიანობით, ძალების გაერთიანებითაა შესაძლებელი.
მეორე, გახლეჩილობით მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს. "დაყავი და იბატონე" არის ყველაზე აქტუალური და კარგად მოფიქრებული სტრატეგია.
მესამე, ასე გაუაზრებლად ერთმანეთის კრიჭაში ჩადგომა უბრალოდ გვაკარგვინებს ობიექტურ, საღ აზრს და განსჯის უნარს, რამაც შეიძლება ისედაც საფრთხეში ჩავარდნილი ჩვენი ნამდვილი ღირებულებების კიდევ უფრო დეგრადაცია გამოიწვიოს.
მეოთხე, სადაც ღირებულებებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ნუ ავურევთ ნამდვილ ღირებულებებს და "ფსევდოებს", რამაც დღეს ძალიან მოიკიდა ფეხი. მე დავაბრალებდი სამოქალაქო განათლების და ასევე გააზრების დაბალ დონეს, თორემ ისტორიულად ქართველები ნამდვილად არ ვხასიათდებოდით რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების (ამავე კატეგორიაში გადის სექსუალური უმცირესობები) მიმართ აგრესიით, სიახლის შიშით.
და მეხუთე, კითხვა: მაინც მაშინ რითია გამოწვეული?! ეს არის სუფთად საბჭოთა ნაკვალევი, სადაც ყველა "ერთნაირი" უნდა ყოფილიყო. დავაკვირდეთ: ერთნაირი და არა თანასწორი; ყველას, განათლებულის თუ გაუნათლებლის ერთნაირი მოპყრობა, არანაირი მერიტოკრატია, რამაც წარმატების ღირს ადამიანებს მოუსპო განვითარების და წარმატების მიღწევის სურვილი, გაუნათლებელი კი გაბღინძა და "გაამაგარტიპა".
მოკლედ, მე მგონია, რომ თუ გარკვეული პოზიციის გამოხატვამდე არ დავფიქრდებით, არ დავსვამთ კითხვებს, არ გავიაზრებთ რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენი მტერი კი გახარებული შეძლებს ჩვენით მანიპულირებას. ნუ ფიქრობთ, რომ აუცილებელია რუსული არმია იდგეს საქართველოში, რომ რუსეთმა ქვეყანა აკონტროლოს. ეს სავსებით რეალურია და შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ რუსეთი პირდაპირ არმიის ჩაყენების გარეშეც მშვენივრად მოახერხებს ჩვენს მართვას, მთავარი იარაღი კი უკვე ვთქვი - "დაყავი და იბატონე"!", - წერს საჯაია.
ასევე დაგაინტერესებთ:
- რისთვის ერიცხება მარიამ საჯაიას ყოველთვიურად 4190 ლარი