როცა ძეგლებს ებრძვით, პოსტამენტები შეინახეთ, ვინძლო გამოგადგეთ, - ამბობდა პოლონელი პუბლიცისტი სტანისლავ ლეცი. მოსიარულე ძეგლების ეპოპეა გრძელდება, ინტელიგენციის ნაწილი დავით აღმაშენებლის ძეგლის პირვანდელ ადგილას დაბრუნებას ითხოვს. რა ბედი ელის სხვა ძეგლებს, რომლებსაც ასევე შეუცვალეს მისამართი? - ამ საკითხზე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გვესაუბრებიან.
ელდარ შენგელაია, კინორეჟისორი: - დავით აღმაშენებლის ფიგურა ჩვენს ისტორიაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ იქ იდგა, სადაც უნდა მდგარიყო - თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ, რესპუბლიკის მოედანზე და მისი გადატანა ქალაქის შემოსასვლელთან, დიღმის ტრასაზე, ზურგით დედაქალაქისკენ, გაუმართლებელია; მათ, ვინც ეს ძეგლი აქ დადგა, ისტორია არ იციან - დავით აღმაშენებელი თბილისიდან კი არ გაქცეულა, მან ქალაქი არაბებისგან გაათავისუფლა. ახლა კი ძეგლი ისე დგას, თითქოს თბილისიდან ქუთაისში გარბის. ჩვენი დიდი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება კვლავ სასტუმრო "რედისონის" წინა მოედანზე უნდა დაიდგას, ადგილზე, რომელიც თვითონ მოქანდაკემ აირჩია. ვფიქრობ, არქიტექტორებისგან, მოქანდაკეებისგან, ურბანისტებისგან უნდა შეიქმნას კომპეტენტური კომისია, რომელიც ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ნიკუშა შენგელაია, მხატვარი: - ძეგლებს შეეშვან, ამ ენერგიის ხარჯვას, სჯობს, ცოცხლებს მიხედონ, ხალხს ყოფა შეუმსუბუქონ. დავით აღმაშენებელიც და ილია ჭავჭავაძეც ცოცხალი ქართველებისთვის ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ. სადაც არ უნდა წაიღონ დავითისა და ილიას ძეგლები, ისინი მაინც ყველაზე მთავარ ფიგურებად რჩებიან, ბევრ ცოცხალზე ცოცხლები არიან.
ნერსე ბაცაში, მოქანდაკე: - როცა ასეთი კლასიკური ძეგლი, დიდი ხელოვანის მიერ შექმნილი ქანდაკება სადმე გადაგაქვს, თვითონ ავტორს მაინც ხომ უნდა ჰკითხო აზრი? თურმე ფული მერიას გადაუხდია და ახლა ყველაფრის უფლება აქვს!.. სული და გული რომ არ გაქვს, გასაგებია, მაგრამ ჭკუა ხომ მაინც უნდა გქონდეს, ცოცხალი კლასიკოსის მიერ შექმნილ ქანდაკებას როგორ ეხები? დავით აღმაშენებლის ძეგლს ქუთაისშიც შეუცვალეს ადგილი, აღმაშენებლის მოედნიდან რკინიგზის სადგურთან გადაიტანეს. სამარცხვინო "მედეა" ბათუმში, დაკუჭული ბოთლის ქანდაკება, კვერცხები და შლოპანცები - იმ დროის სახედ დარჩება. ამირანის ქვეყანაში შეიძლება პრომეთეს სახით "ბარბი" თუ გაურკვეველი სექსუალური ორიენტაციის კაცის ძეგლი დადგა, რომელიც მერე ბორჯომში "გაიპარა"? ძეგლთმებრძოლეობას გამართლება არა აქვს. ვფიქრობ, ძეგლების დიდი ნაწილი თავის ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდეს.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)