დღეს, კახეთში პირველი თოვლი მოვიდა. გადაუღებელმა თოვამ, რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა და ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრი ავარია დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, კახეთში 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
თელავის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, (სასტუმრო "ძველ თელავთან"), თელავის ხევში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა. თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანაში მჯდომი მამაკაცი მსუბუქად დაშავდა. მას თავი აქვთ გატეხილი.
საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. გაუწმენდავი გზის გამო "ვაზ-21"-ის მარკის ავტომობილი მოცურდა და "მერსედესს" დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილიდან ბუნებრივი აირის ავზი გადმოვარდა. დაშავებულები სხეულის დაზიანებებით საგარეჯოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომრავლებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე თელაველებიც საუბრობენ. მათი თქმით, თოვლის გამო დღეს დილიდან ქალაქში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა საგარეჯო-თბილისის მაგისტრალის პატარძეულის მონაკვეთზე. გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, მისაბმელიანი მანქანა და სამარშუტო ტაქსი, რის გამოც საცობი შეიქმნა.
აღნიშნულ მონაკვეთზე პარალიზებული იყო მოძრაობა მთელი დღის განმავლობაში, სადაც რიგში მდგომი 300-მდე ავტომანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებდა. მგზავრები გზის გაწმენდას 2-3 საათი უშედეგოდ ელოდნენ.
უამინდობის გამო, გზების დეპარტამენტმა კახეთთან დამაკავშირებელ გზებზე შეზღუდვები დაწესდა.
თბილისი-ბაკურციხის გზის ბარჯისხევის მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება შეფერხებული, ზოგიერთ მონაკვეთზე კი, გზაზე ჩახერგილი ავტომობილების გამო მოძრაობა პარალიზებული იყო. მიკროავტობუსები, სატრანზიტო და სატვირთო ავტომობილები ვერ მოძრაობდნენ და გზაზე იყვნენ გაჩერებულები. ხოლო მსუბუქი ავტომობილები მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილდებოდნენ.
ინტენსიური თოვის გამო, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის თბილისი (ლოჭინი)-წნორის მონაკვეთზე (კმ21-კმ119), მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიურ თოვასთან ერთად, ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ1–კმ65 (ვაზიანი–თელავი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
კახეთში ცენტრალური გზის ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია. თელავისა და გურჯაანის გამგეობებში კი აცხადებენ, რომ მაგისტრალების გასუფთავება მათ კომპეტენციაში არ შედის. გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც გადაადგილება ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. გზებზე ტექნიკური მარილი მცირე რაოდენობით დაყარეს.