ისლანდიის პოლიციის თანამშრომლებმა ქვეყნის ისტორიაში პირველად, დამნაშავის დასაჭერად ოპერაცია ჩაატარეს, რომლის მსვლელობისას ეჭვმიტანილი ჩაცხრილეს.
"უპრეცედენტო შემთხვევა" (ასე მოიხსენია ინციდენტი შს მინისტრმა ჰარალდურ იოჰანსენმა) ქვეყნის დედაქალაქ რეიკიავიკში მოხდა. შუახნის მამაკაცი საკუთარ ბინაში იმყოფებოდა და ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო იარაღიდან სროლა დაიწყო. პოლიციამ გარეშემო მდებარე შენობებიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა და მსროლელთან კონტაქტს შეეცადა.
დამნაშავესთან დაკავშირების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პოლიციელებმა ბინაში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. სამართალდამცავები ეჭვმიტანილის განეიტრალებას შეეცადნენ. ამ მცდელობამაც უშედეგოდ ჩაიარა: მან ფანჯრებიდან სროლა გააგრძელა.
ბინაში სპეცრაზმი შევიდა. ეჭვმიტანილმა მათ ცეცხლი გაუხსნა, შედეგად ერთ-ერთი პოლიციელის მუზარადი და მეორის ფარი დააზიანა.
სპეცრაზმის თანამშრომლებმაც საპასუხოდ ისროლეს და თავდამსხმელი სასიკვდილოდ დაჭრეს. მის გადარჩენას ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმები შეეცადნენ, მაგრამ ამაოდ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს უკვე მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ პოლიციის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები მომხდარის გამო წუხან. რატომ ისროდა მამაკაცი, გამოძიება დაადგენს. ჯერჯერობით, ვარაუდობენ, რომ იგი ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ისლანდიის მოსახლეობა დაახლოებით 320 000 ადამიანს შეადგენს. დანაშაულის დონე ამ ქვეყანაში იმდენად დაბალია, რომ პოლიცია ქუჩებში იარაღით ძალიან იშვიათად დადის და მას თითქმის არასდროს იყენებს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.