"გამოიჩინეთ გულისხმიერება, დაეხმარეთ უშვილო წყვილს, გახდი სუროგატი დედა და მიიღე კომპენსაცია 13 200 დოლარი" - ეს SMS-ია, რომელსაც რეპროდუქციული ასაკის ქალები მობილურით "New Life"-სგან იღებენ.
ასეთი შინაარსის მესიჯის ადრესატი "ამბები.ge"-ს თანამშრომელიც გახდა. სატელეფონო მესიჯის ბოლოს მითითებულ საკონტაქტო ნომერზე მას განუმარტეს, რომ უშვილო წყვილებს დახმარებას "New Life გეორგია" უწევს და თუკი ის 35 წლამდე ასაკის იყო, გაჩენილი ჰყავდა ერთი შვილი მაინც და ხელს უწყობდა ჯანმრთელობა, შეეძლო უშვილო წყვილებს დახმარებოდა და სუროგატი დედობის შეთავაზება მიეღო. კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა ისიც, რომ ბავშვი უშვილო წყვილის გენეტიკური შვილია, რადგან სუროგატი დედის საშვილოსნოში უშვილო წყვილის გენეტიკური ემბრიონი გადადის.
როგორც ამბები.ge-მ გაარკვია, სუროგატ დედობაზე SMS-შეთავაზება არაერთმა ქალმა უკვე მიიღო. "New Life"-ის ადრესატები რატომღაც მამაკაცებიც კი აღმოჩნდნენ.
კანონი საქართველოში სუროგატ დედობას არ კრძალავს - თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის - სუროგატული დედის საშვილოსნოში გადატანა და გამოზრდა, დასაშვებია. მოქმედი კანონით, ბავშვის დაბადების შემთხვევაში, მშობლებად უშვილო წყვილი ითვლება და აქედან გამომდინარე, სუროგატ დედას ბავშვის მშობლად ცნობის უფლება არა აქვს.
დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კი დღის წესრიგში საქართველოში კომერციული სუროგაციის აკრძალვის საკითხი დადგა. 2012 წლის ივნისში პარლამენტში სუროგაციასთან დაკავშირებით "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა, რომლის მთავარი მიზანიც სუროგაციის მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა და კომერციული სუროგაციის აკრძალვა იყო. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი შემდეგი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებდა: სუროგაციის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ უშვილო წყვილს ექნებოდა; სუროგატი დედა უნდა ყოფილიყო რეპროდუქციული ასაკის ქმედუნარიანი ქალი, რომელსაც ჰქონდა ერთი მშობიარობა მაინც ცოცხალი ნაყოფით; ქორწინებაში მყოფი ქალის სუროგატული დედობა, მხოლოდ ქმრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ხდებოდა დასაშვები და იკრძალება სუროგატული დედობა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ასევე სუროგატული დედობის იძულება.
პროექტის ავტორი და ინიციატორი ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელი ოთარ თოიძე იყო, რომელიც მიიჩნევს, რომ ის, რაც ამ მიმართულებით დღეს საქართველოში ხდება, ქალის სხეულით ვაჭრობაა. თოიძის აზრით, სუროგაცია მხოლოდ ალტრუისტული მიზნებით და მოსაზრებებით შეიძლება იყოს დასაშვები, როცა უშვილო წყვილს სუროგატი დედობის გაწევით ოჯახის წევრი, ახლობელი ეხმარება და ამ საქმის უკან ფინანსური ინტერესები არ დგას. გარდა ამისა, თოიძე მიიჩნევს, რომ დღეს ასეთ მომსახურებაში იკვეთება კრიმინალის ელემენტებიც, რასაც ბავშვის გაყიდვა ქვია.
"მესიჯები, რომელიც ახლა ვრცელდება, თავისი შინაარსით არაფრით განსხვავდება იმისგან, ვინმეს რომ მოეწერა: გამოიჩინეთ გულისხმიერება, დაეხმარეთ იმპოტენტ მამაკაცს, გაუწიეთ მას მომსახურება და მიიღეთ 13 000 დოლარი. ქალის სხეულით ვაჭრობა მხოლოდ ქუჩის სერვისში არ გამოიხატება. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალის სხეულის ბავშვის კონტეინერად გამოყენებას", - აღნიშნა ამბები.გე-სთან საუბრისას ყოფილმა პარლამენტარმა.
თოიძის კანონპროექტი კანონად არ იქცა - წინა მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ისე დაასრულა, რომ მისი მიღება ვერ მოასწრო, ახალმა პარლამენტმა კი ძველის ყველა საკანონმდებლო ინიციატივაზე უარი თქვა და უკან გაიწვია. ეს გაწვევა ავტომატურად სუროგაციის თემასაც შეეხო.
ნათია ინაური, ამბები.ge