მუსიკით მკურნალობის ფუძემდებლად ითვლება პითაგორა, რომელიც ავადმყოფებს ქნარზე (ლირაზე) შესრულებული მუსიკით მკურნალობდა. არტთერაპიის ერთ-ერთი მეთოდი სწორედ მუსიკით თერაპიაა. ალბათ ამის გავლენითაა დანერგილი პრაქტიკა მსოფლიო კლინიკებში, სადაც პაციენტებს ფოიეში ცოცხალი მუსიკით ხვდებიან. გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეთი მეთოდი თბილისშიც დამკვიდრდა. პიანისტი ქალბატონი ლალი ქართველებს ძირითადად კლასიკური მუსიკის ჰანგებით ეგებება.
- ერთ-ერთ რესტორანში ვუკრავ ფორტეპიანოზე, დუეტში საქსოფონთან. ჩვენი სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან. ერთხელ რესტორანში სტუმრად იყო კლინიკის ხელმძღვანელობა და შემომთავაზეს, მათთან დამეწყო მუშაობა. თავიდან ხალხს გიჟი ვეგონე, თითითაც კი აჩვენებდნენ ერთმანეთს - ეს ვერ არისო... მესმის მათი, აქ ბევრი ავადმყოფი მოდის და მუსიკისთვის არ სცხელათ, მაგრამ უმეტესობა უკვე შეეჩვია ამას, მადლობის წერილებსაც მიტოვებენ. ერთი ქალბატონი ნევროპათოლოგთან იყო მოსული და აქ რომ იჯდა და მისმინა, მითხრა, მგონი, ექიმი აღარ მჭირდებაო. თავიდან როგორც ჩიტს გალიაში, ისე მიყურებდნენ, მაგრამ უკვე შეეჩვივნენ.
- აგრესიული არავინ ყოფილა?
- იყო ორი ასეთი შემთხვევა, როცა ქალბატონებმა მითხრეს, რა დროს მუსიკაა, ხალხი ავად არისო. საქართველოში ეს სიახლეა, ალბათ ამიტომაც უკვირთ ჩემი დანახვა და ხანდახან აგრესიასაც გამოხატავენ.
- ძირითადად რა რეპერტუარს სთავაზობთ პაციენტებს?
- კლასიკას, ევროპულ მუსიკას - შუბერტს, ბახს, შოპენს, მოცარტს. მძიმე მუსიკას ვერ მოასმენინებ ადამიანს, მელოდია სასიამოვნო უნდა იყოს. ვაკვირდები, ვის რა მოსწონს, აქ სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანი შემოდის, ამიტომ ვცდილობ ის რეპერტუარი შევასრულო, რაც ყველა ფენაზეა გათვლილი. ცოცხალი პროცესია, ყოველდღე ახალ-ახალი ხალხი შემოდის და, მართალი გითხრათ, მეშინია, ვინმემ რამე არ ჩამცხოს, თუმცა თანდათან მიქრება ეს დაძაბულობა და სამსახურში ფეხის კანკალით აღარ მოვდივარ.
- რა პროფესიის ბრძანდებით?
- პიანისტი ვარ. დამთავრებული მაქვს კონსერვატორია, წარმატებები მქონდა გნესინის ინსტიტუტში, ამიერკავკასიის ქვეყნებში საუკეთესო კონცერტმაისტერის წოდებაც მივიღე 1989 წელს, მაგრამ შემდეგ ისეთი დრო დადგა, რომ ყველას გაუჭირდა და რესტორანში დავიწყე მუშაობა. კოლეჯშიც, ვასწავლი, მაგრამ ის შემოსავალი საკმარისი არ არის.. კლინიკაში რა გამომივა - არ ვიცი.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)