საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილები, საიმპორტოში კი - ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. "საქსტატის" მონაცემებით, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში მსუბუქი ავტომობილების წილმა 512 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი ექსპორტის 25 პროცენტია. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 183 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 9 პროცენტს. მესამე ადგილზე აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 99 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 5 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-სექტემბერში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 668 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 516 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტია. მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი 199 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).