რატომ არავინ იცავს საქართველოში მართლმადიდებელთა უფლებებს

რატომ არავინ იცავს საქართველოში მართლმადიდებელთა უფლებებს

2013 წლის 13 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციების: "უფლებადამცველთა გაერთიანების", "სახალხო დარბაზისა" და "ერთსულოვნების" წარმომადგენლებმა ჩაატარეს ბრიფინგი, სადაც ჩემს მიერ შესწავლილი "მართლმადიდებელთა უფლებადარღვევის ფაქტების" კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, თუმცა დღემდე მძლავრობენ და გავლენას ახდენენ რა ფსევდოლიბერალები მასმედიის საშუალებებზე, აღნიშნულ ბრიფინგზე ორი ტელეკომპანიის (ტელეკომპანია "კავკასია" და ტელეკომპანია "იმედი") გარდა, არავინ მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეიმედმა სიუჟეტი ჩაწერა, არც ერთ საინფორმაციო გამოშვებაში აღნიშნული ბრიფინგი არ გაუშუქებია.

2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინაღმდეგ დაწესებული დღის აღსანიშნავად სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა განიზრახეს, მოეწყოთ აქცია-ფლეშმობი, რამაც საზოგადოებაში სერიოზული დაძაბულობა წარმოშვა და დიდი პროტესტი გამოითქვა, რადგან აღნიშნული აქცია ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად იქნა მიჩნეული. უკიდურესად დაძაბული ვითარების გამო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელდა პატრიარქის წერილობითი თხოვნა, რომ არ ჩატარებულიყო დაგეგმილი აქცია, რათა მოწინააღმდეგე მხარეებს შორის არ მომხდარიყო სერიოზული დაპირისპირება. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო და ყოველთვის იქნება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა (და არა თავად "ელგებეტე" ადამიანები). სამწუხაროდ, ამ დღეს აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება არ შეცვალეს და მოწინააღმდეგე მხარეთა შორის მოხდა არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფიზიკური დაპირისპირებაც, ხალხმა პოლიციის კორდონის გარღვევაც შეძლო, თუმცა ამ შეხლა-შემოხლის დროს "ელგებეტე" ორგანიზაციათა წარმომადგენლები არ დაშავებულან, რადგან პოლიციამ ეფექტურად მოახდინა მათი დაცვა და ესკალაციის ადგილიდან მათი ევაკუაცია. ჩნდება ლოგიკური კითხვა: როგორ აღმოჩნდნენ "მოწინააღმდეგე გუნდში" ათეულობით დაშავებული. რა თქმა უნდა, ისინი საკუთარ თავს არ გალახავდნენ. როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ბრძანა, მათ სანდო წყაროდან აქვთ ინფორმაცია, რომ გარკვეული ძალები აღნიშნულ აქციაზე გეგმავდნენ დიდ პროვოკაციებს; მათ შორის, დაგეგმილი იყო სისხლისღვრაც. მეუფე იაკობის თქმით, აქციაზე გამოჩნდნენ ნიღბიანი ადამიანებიც, რომლებიც ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი, ეს ფაქტი ძალზე ბევრმა თვითმხილველმა დააფიქსირა; და რომ არა სასულიერო პირთა დიდი აქტივობა, რომლებმაც წარმოუდგენელი დახმარება გაუწიეს პოლიციას დაძაბულობის განმუხტვაში (მათი უშუალო მონაწილეობით განეიტრალდა რამოდენიმე ცხელი კერა), გარდაუვალი იყო არა მხოლოდ ფიზიკური შეხლა-შემოხლა, არამედ დიდი ალბათობით - მხსვერპლიც. ფსევდოლიბერალთა გავლენის ქვეშ მყოფმა ტელეკომპანიათა უმრავლესობამ სასულიერო პირთა ამგვარ პოზიტიურ როლზე დუმილი არჩია და მხოლოდ ის კადრები გაუშვა, სადაც ერთი სასულიერო პირი პატარა ხის სკამით გარბის, მეორე - იგინება, თუმცა პირველმა მოძღვარმა განაცხადა, რომ იგი ახალი ნაოპერაციები იყო და ტაბურეტიც ამიტომ სჭირდებოდა; არც მეორე მღვდლის გინება ნიშნავს ვინმესთან ფიზიკურ დაპირისპირებას, მით უმეტეს, მანაც განაცხადა, გინება კადრებზე შემდეგ არის დადებული, ეს ხმა ჩემი არ არისო. უდავოა, რომ სასულიერო პირს მსგავს შემთხვევებში დიდი თავშეკავება მართებს, მაგრამ სამწუხაროა, რომ მედია ტენდენციურად მხოლოდ ამ ორი სასულიერო პირის მოქმედების გაშუქებით შემოიფარგლა და არაფერი თქვა დანარჩენთა დამსახურებაზე.

ასევე სამწუხაროა, რომ არ გამოიძიეს, ვინ გეგმავდა პროვოკაციებს, სისხლისღვრას, ვინ იყვნენის ნიღბიანი და ხელკეტიანი ადამიანები? ან რატომ არ შეეხო გამოძიება და არ მოთხოვა პასუხი "ელგებეტე" ორგანიზაციებს იმის გამო, რომ საზოგადოებაში კონფლიქტი გამოიწვიეს და ხელოვნურად შექმნეს დიდი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონი? ხომ არ აწყობდათ მსგავსი რამ გრანტების მოპოვების მიზნით?

საზოგადოებაში აგრესია დაბადა 2012-13 წლებში გამართულმა აქციებმა, რადგან ისინი პირდაპირ შეიცავდა პროპაგანდას და იმართებოდა საჯარო სკოლების სიახლოვეს. რეალურად კი, გამოდის, რომ ამ "ელგებეტე უფლებადამცველმა" ორგანიზაციებმა ყველაზე მეტად დაარღვიეს თავიანთ დაცვის ქვეშ მყოფთა უფლებები და ვინ უწყის, რა პირადი ინტერესებით გაწირეს და მსხვერპლად გამოიყენეს სექსუალური უმცირესობები, რაზეც მოწმობს მომდევნო დღეებში საზოგადოების მხრიდან მათი დევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა (თუ ეს ინფორმაციაც შეეფერება სინამდვილეს და არ წარმოადგენს "ელგებეტე" აქციის ინსცენირების გაგრძელებას).

ამდენად, დაუშვებელია ხელისუფლებამ გაასამართლოს მხოლოდ ზემოხსენებული სასულიერო პირები და პასუხი არ მოსთხოვოს გაურკვეველი ინტერესებით მოქმედ "ელგებეტე" აქციის ორგანიზატორებს. მსგავსი ტენდენციურობა საზოგადოებაში გააღრმავებს დაპირისპირებასა და აგრესიას. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს უმრავლესობის ინტერესებზე და გამონახოს ოქროს შუალედი ისე, რომ არ შეილახოს არც უმცირესობისა და არც უმრავლესობის უფლებები, რადგან ერთი მხარის ხარჯზე დაუშვებელია მეორის დაჩაგვრა. სწორედ ამგვარი ბალანსი წარმოადგენს ჭეშმარიტ დემოკრატიას. ხელისუფლებამ რომელიმე მხარე არ უნდა ჩააყენოს ისეთ მდგომარეობაში, რომ მისთვის თავდაცვის საშუალება და ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირება გახდეს.

ერთი რამ ცხადია, საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მსოფლიო უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და საზოგადოების წინაშე ტოტალურად გაუტყდეს სახელი. როგორც ჩანს, მსგავსი რამ ფსევდოლიბერალებსა და ნაციონალებს კარგად უმყარებთ პოლიტიკურ და ფინანსურ მდგომარეობას. ამის თქმის საფუძველს კი ისიც გვაძლევს, რომ ზემოხსენებულ აქციაზე ნიღბიანი და ხელკეტიანი ადამიანების გამოჩენა სწორედ ნაციონალების აპრობირებული ხელწერაა. მსგავსი პროვოკაციული აქცია კი ახალი ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟად რომ მივიჩნიოთ, არც ეს იქნებოდა საღ აზრს მოკლებული.

2013 წლის 24-31 მაისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის. სცენარი სოფელ ნიგვზიანსა და წინწყაროს მსგავსად განვითარდა. გაურკვეველი პირები მივიდნენ მუსლიმებთან და მათზე ზემოქმედებდნენ, რომ მოეთხოვათ მეჩეთის აშენება. შემდეგ, როგორც ჩანს, მართლმადიდებლებთანაც ვიღაცამ ჩათესა დაპირისპირების თესლი და კონფლიქტიც შედგა, თუმცა შედმგომ, გონს მოსული ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავდა, რომ რეალურად, მათ შორის დაპირისპირება არ არსებობს და კონფლიქტი გაურკვეველ პირთა მიერ ხელოვნურად იყო დაგეგმილი. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გამოსვლისას მუსლიმთა ლიდერმაც ანალოგიურად შეაფასა სამთაწყაროში განვითარებული მოვლენები. ორივე რელიგიის წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სიმშვიდისკენ მოუწოდა, დალოცა და აღნიშნა, რომ ყველანაირი აღმსარებლობის ადამიანს უნდა შეეძლოს, თავისუფლად ლოცვა და, სამომავლოდ რაიმე პრობლემის შექმნის შემთხვევაში, თავად აღუთქვა თანადგომა.

2013 წლის 24 ივლისს დავით გარეჯის ლავრაში, ბერთუბანში, სადაც 2012 წელს აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვარი თვითნებურად გადმოწია, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მხრიდან ოთხი მომლოცველი დააკავა და ერთი დღე-ღამე დაპატიმრებული ჰყავდა. მოტივი _ საზღვრის დარღვევა. ამ ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელთა არშეშვების გამო, დროთა განმავლობაში ნადგურდება უძველესი უნიკალური ფრესკები.

რელიგიური ნიშნით მორიგი დაპირისპირება 2013 წლის 10 აგვისტოს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ თივში, აღმსარებლობით მუსლიმ ეთნიკურ დაღესტნელებსა და აჭარიდან ჩასახლებულ ქრისტიან ეკომიგრანტებს შორის მოხდა. აჭარლების თქმით, დაღესტნელები მათ ავიწროებენ და არ აძლევენ ჯვრის აღმართვის, სოფლის სახელწოდების მიმანიშნებელი ტრაფარეტის დადგმისა და ღორების მოშენების უფლებას, რის გამოც ეკომიგრანტები უყურადღებობაში ადანაშაულებენ ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს. დაღესტნელები დაპირისპირებას უარყოფენ, მაგრამ, გარკვეულ საკითხებში, უთანხმოების არსებობას ადასტურებენ. მათ მეჩეთისთვის ადგილიც აქვთ გამოყოფილი, რომლის აშენებასაც უახლოეს მომავალში გეგმავენ. სამწუხაროა, რომ როდესაც მუსლიმებს შეექმნათ პრობლემები სოფ. ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში, მხოლოდ მაშინ აღშფოთდა სახალხო დამცველის აპარატიცა და უფლებადამცველებიც; ტელეკომპანიებმა ამ თემებს გადაცემებიც კი მიუძღვნეს, ხოლო სოფელ თივში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაზე არავინ დაინტერესებულა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაქტის ტოტალური იგნორირებაც მოხდა... მიზეზი კი ის გახლავთ, რომ უფლებების შელახვა ეხებოდა ქრისტიანებს და "უფლებადამცველები" გრანტებსაც ვერ მიიღებდნენ.

2013 წლის 26 აგვისტოს ახალციხეში, ადიგენის მუნიპილატიტეტის სოფელ ჭელაში, ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაშლილ იქნა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის მიერ მეჩეთთან ჩუმად, ერთ ღამეში უკანონოდ აგებული მინარეთი. ამ ფაქტს მოჰყვა საპროტესტო აქციები, როგორც მუსლიმ, ასევე ქრისტიანთა მხრიდან. პირველნი გმობდნენ მინარეთის დაშლას; მეორენი კი _ თანასოფლელთაგან მინარეთის დაუკითხავად აგებას. მუსლიმთა აქცია გამოირჩეოდა მომეტებული აგრესიით, ზოგიერთმა პოლიციასაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა, რაც კანონის დარღვევაა და ამის გამო რამდენიმე მოქალაქე დაისაჯა კიდეც.

ხელისუფლებამ მინარეთის დაშლის მიზეზად, უკანონო მშენებლობის გარდა, განბაჟებისას აღმოჩენილი დარღვევები დაასახელა. ომბუდსმენი აცხადებდა, რომ ხელისუფლების მოქმედება მინარეთთან დაკავშირებით შეიცავდა სამართლებრივ საფუძვლებს, მაგრამ ეს საქმე მშვიდობიანი ფორმით უნდა გადაწყვეტილიყო, რაზეც შეუძლებელია არ დავეთანხმოთ ბატონ ნანუაშვილს. ბოლო ათი წლის მანძილზე ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველი ვითარებას ობიექტურად აფასებს და ყველაფერში მხოლოდ მართლმადიდებლები არ გამოჰყავს დამნაშავედ.

სააკაშვილის ხელისუფლების დროს აშენდა ათეულობით უკანონო არამართლმადიდებლური რელიგიური ნაგებობა, რაზეც თვალს ხუჭავდა მაშინდელი ხელისუფლება. მოსახლეობა კი, რომელიც ამ უკანონობას აპროტესტებდა, უფლებადამცველთა მხრიდან არატოლერანტულად ცხადდებოდა. 2007 წელს აჭარაში, ბათუმში, ფერიის მთაზე, დაინგრა ნახევრადაშენებული ტაძარი, მიზეზად მშენებლობის უკანონობა დასახელდა, ამაზე არც ერთ უფლებადამცველს პროტესტი არ გამოუთქვამს. სოფელ ჭელაში კი მყისიერად დაირაზმნენ "უფლებადამცველები" და მინარეთის დაშლა ისლამოფობიად შერაცხეს. მსგავსი დემოკრატიის ქადაგება დასავლურ ღირებულებებს აყენებს ჩრდილს და დაუშვებელია, დემოკრატიად ჩაითვალოს უკანონო რელიგიური ნაგებობის აღმართვა, რომელი აღმსარებლობის კუთვნილებაც არ უნდა იყოს იგი. არც ერთი რელიგია არ უნდა იყოს უკანონობის ინდულგენცია, როგორც ჩანს, ფსევდოლიბერალ უფლებადამცველთა გაგებით, უწესრიგობა, სახელმწიფოს უპატივცემულობა და დემოკრატია იდენტური მცნებებია. მისასალმებელია პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ობიექტური დამოკიდებულება მსგავსი საკითხებისადმი, როცა რელიგიურ დაპირისპირებათა შემთხვევებში ობიექტურად აფიქსირებენ ორივე მხარის შეცდომებს და ტენდენციურად მხოლოდ ერთი მხარე არ ცხადდება ტოტალურ დამნაშავედ.

დაისვა საკითხი, მინარეთების მშენებლობასთან დაკავშირებით, შვეიცარიის მაგალითით გამოკითხულ იქნას მოსახლეობის პოზიცია. აქ შეიძლება გავიხსენოთ გერმანიის შემთხვევაც 2010 წელს _ ქალაქ კიოლნში, თურქეთის დაფინანსებითა და ყოველგვარი კანონის დაცვით შენდებოდა მეჩეთი, რასთან დაკავშირებითაც არამუსლიმმა მოსახელობამ დაიწყო საპროტესტო აქციები. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა გაიზიარა და მეჩეთის მშენებლობა აღარ დაუშვა. ეს ფაქტი არავის შეურაცხავს არადემოკრატიულ ან არატოლერანტულ მოვლენად, საქართველოსგან განსხვავებით, სადაც არათუ კანონიერი, არამედ უკანონო მშენებლობის აკრძალვაც "შეუწყნარებლობად" ითვლება.

ხელისუფლების აზრით, ჭელაში, ნიგვზიანის, წინწყაროსა და სამთაწყაროს მსგავსად, დაძაბულობის ესკალაცია ხელოვნურად იქნა გამოწვეული ნაციონალების მიერ, რათა საპრეზიდენტო არჩევნების წინ საგრძნობლად დაეცეს ივანიშვილის ხელისუფლების რეიტინგი და შეელახოს საერთაშორისო ავტორიტეტი. გაურკვეველ პირთა მიერ მიზანმიმართულად, პროცესების ხელოვნურად დაძაბვაზე საუბრობს სოფელ ჭელას ადგილობრივი მოსახლეობაც. ასევე მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას თურქული ძალები და ფინანსები, რომელთაც საქართველოს გარკვეულ კუთხეთა ისლამიზაცია აქვთ განზრახული.

რამოდენიმე თვის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავიდ ოღლუმ დაუფარავად გამოხატა ინტერესი საქართველოს კონკრეტული რაიონების მიმართ და განაცხადა, რომ ისინი ისტორიულად მათ ეკუთვნით და მიზანს მალე მიაღწევენ. ამ კონტექსტში ჯდება 2013 წლის ზაფხულში აგორებული სკნადალი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც მფლობელმა საავადმყოფო თურქ ინვესტორზე გაყიდა. ახალმა მეპატრონემ, რომელიც აღმსარებლობით მუსლიმია, საავადმყოფოს კედლებიდან ჩამოახსნევინა ხატები, სადაც ქრისტიანი ავადმყოფები მიდიოდნენ ხოლმე სალცავად, ხოლო მომსახურე პერსონასლ აუკრძალა ჯვრის ტარება; ზოგიერთ მათგანს კი ხელფასის მომატების სანაცვლოდ, სექსუალური ურთიერთობაც შესთავაზა. საავადმყოფოს პერსონალის საპროტესტო აქციის შემდეგ საქმეში ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთო და დღეისათვის საუბარია იმაზე, რომ კლინიკა სახელმწიფოს დაუბრუნდეს, ხოლო საქმეს სწავლობს სამინისტროს გენინსპექცია... სხვათა შორის, არც ამის შესახებ დაუფიქსირებიათ სამართალდამცავებსა და ომბუდსმენს საკუთარი პოზიცია.

ლაშა ცაიშვილი

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია