"ელექტრომობილი" ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილთან ასოცირდება, რომელიც მავნე გამონაბოლქვით გარემოს არ აბინძურებს და მფლობელს საწვავის ეკონომიის საშუალებას აძლევს. ფრანგული კომპანია Venturi, რომელიც მსოფლიოში მაღალი ხარისხის ელექტრომობილების წარმოებითაა ცნობილი, ელექტრომობილების შესაძლებლობის გაფართოების მიზნით, მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მომუშავე ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილის შექმნას აპირებს.
პროგრამის განსახორციელებლად ფრანგებმა დასახმარებლად ოჰაიოს შტატის (აშშ) უნივერსიტეტს მიმართეს, რომელსაც ელექტრომობილების შექმნაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ფრანგულ-ამერიკული თანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია გრძელდება. 2010 წელს ოჰაიოს უნივერსიტეტის მძღოლ-გამომცდელმა, ფრანგული ელექტრომობილით VBB-2.5 495 კმ/სთ განავითარა და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
გარკვეული დროის განმავლობაში, ჩქაროსნულ ელექტრომობილებზე მუშაობა შეჩერებული იყო. მაგრამ ბოლო დროს Venturi-მ პროექტი განაახლა. ახალი მოდელის წარმოდგენას ფრანგები მიმდინარე წლის აგვისტოში, იუტას შტატში გამართულ გამოფენაზე Speed Week აპირებენ. სექტემბერში პირველი საცდელი გარბენების შესრულება იგეგმება. კომპანიის მიზანი 600 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებაა. გაისად რეკორდის გაზრდას 700 კმ/სთ-მდე აპირებენ.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytachinfo.com-ის მიხედვით.