"თუ გინდა, დიდი ფეხბურთი ითამაშო, ახალგაზრდობა უნდა შესწირო"

"თუ გინდა, დიდი ფეხბურთი ითამაშო, ახალგაზრდობა უნდა შესწირო"

ვახტანგ ქორიძეს სასაუბროდ "დინამოს" სტადიონზე შევხვდით. ოთახში მასთან ერთად მისი მეგობარი რომან რამიშვილი იმყოფებოდა. ჩვენს საუბარს შემოსწრებულმა გაგვიმხილა, რომ ვეტერანი "დინამოელი", მეტსახელად "ტუხა", ფილიმონ ქორიძის, იმავე წმინდა ფილიმონ მგალობლის შთამომავალია. ქართველი საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფოლკლორისტი და ლოტბარი ფილიმონ ქორიძე იტალიაში "ლა სკალაში" მღეროდა. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. ეს ამბავი თავად რატომ არ მითხარით-მეთქი, ვუსაყვედურე ფეხბურთელს. მაგას არ ვიტყვი, მერე მეტყვიან, შენ რატომ არ მღერიო, - გაეცინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ვახტანგ ქორიძე თავადაც მღერის და იტალიური სიმღერის დიდი თაყვანისმცემელია...

- წარმოშობით გურული ვარ. მამაჩემი სოფელ გამოჩენილიდან იყო, ხოლო დედა - ნაკადულიდან. დავიბადე ბათუმში 1949 წლის 16 დეკემბერს, თუმცა პასპორტში დაბადების დღედ 24 რიცხვი მიწერია. ამის მიზეზი ის არის, რომ დიდი თოვლის გამო ჩემი დაბადების დარეგისტრირება მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მოხერხდა. ბათუმში ერთ-ერთ უბანს ბონი ჰქვია. იქ ხელბურთელების სტადიონზე, მაპატიეთ და, ბავშვობაში სულ "ტრუსიკით" დავრბოდი. მზეზე ისე ვშავდებოდი, რომ ზანგსა და მე ერთმანეთისგან ვერ გაგვარჩევდი. კანის ფერის გამო "შავტუხას" მეძახდნენ. ბოლოს "შავ" მოაცილეს და "ტუხა" შემრჩა. დღეს ბათუმში რომ ჩახვიდე და ვახტანგ ქორიძე იკითხო, შეიძლება ვერ მიხვდნენ, რომ ჩემზეა ლაპარაკი. ყველა ტუხა ქორიძით მიცნობს.

- დედმამიშვილი თუ გყავთ?..

- ერთი ძმა მყავდა, 1978 წელს დაიღუპა. მშობლებიც წასული არიან ამ ქვეყნიდან. 1966 წელს დავამთავრე ბათუმის #14 საშუალო სკოლა. ფეხბურთელი ვიყავი და წამიყვანეს ბათუმის "დინამოში". 1966-1974 წლებში ბათუმის "დინამოში" ვთამაშობდი, ხოლო 1975 წლის 1-ელ იანვარს თბილისის "დინამოში" გადმომიყვანეს, სადაც მე და ვიტალი დარასელია ერთად მივედით.

- ალბათ მამას ინიციატივა იყო, რომ ფეხბურთზე გევლოთ...

- დიახ, მამას უყვარდა ფეხბურთი, ბავშვობაში თავადაც თამაშობდა. ისევე, როგორც ჩემი ძმა. მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამოში" გადმოვედი, თბილისში ბინა მომცეს და ერთი წლის შემდეგ ოჯახიც გადმოვიყვანე. ჯერ დიღომში ვცხოვრობდი, როცა გავმრავლდით და ორი შვილი შემეძინა, საბურთალოზე მომცეს ბინა. მაშინ ფეხბურთელებს დიდ ყურადღებას აქცევდა მთავრობა და ხალხი. ჩემი ცოლი მესამე ბავშვზე მშობიარობას გადაჰყვა. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი, მაგრამ თურმე კაცი ყველაფერს იტანს...

- სპორტსმენს განსაკუთრე­ბული დღის გრაფიკი აქვს. რთული არ იყო სულ რეჟიმში ცხოვრება?

- რა თქმა უნდა. სპორტს, განსაკუთრებით ფეხბურთს, მკაცრი რეჟიმი აქვს, თუ ფორმაში არ ხარ, ვერ ითამაშებ. თბილისის "დინამოს" დიღმის ბაზაზე ვიყავით "ჩაკეტილი" და ასე ხდებოდა წელიწადში 300 დღე. თავისუფალი დღეები ცოტა გვქონდა, თამაშის შემდეგ სახლში მივდიოდით და მეორე დღეს 12 საათზე ისევ "სბორები" იწყებოდა. თუ გინდა, დიდი ფეხბურთი ითამაშო, სპორტს ახალგაზრდობა უნდა შესწირო. ფეხბურთელს მოედანზე გასვლა უნდა გსიამოვნებდეს, ესაა ნამდვილი ფეხბურთელობა.

- სულ რამდენი წელი გაატარეთ მოედანზე?

- რვა წელი - ბათუმის "დინამოში" და შვიდი - თბილისში.

- წარმატებული თამაში ბევრი იყო, გაიხსენეთ შეხვედრა, რომელზეც გული გწყდებათ...

- 1979 წელს ლივერპულს მოვუგეთ და იმავე წელს, ერთი თვის შემდეგ, ჰამბურგთან თამაშისას წავაგეთ. ამაზე გული ძალიან დაგვწყდა, მაგრამ რას ვიზამთ?! უდიდესი სიხარული იყო, როცა 1976 წელს საბჭოთა კავშირის თასი ავიღეთ, 1977 წელს - მეორე ადგილი, 1978 წელს ჩემპიონები გავხდით, 1979 წელს კიდევ ერთი თასი მოვიპოვეთ. შემდეგ ამას მოჰყვა თასების მფლობელთა თასი. ის წლები "დინამოს" აღმავლობა და, შეიძლება ითქვას, "დინამოს" ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია