საქართველოში წითელას შემთხვევების მატება თებერვლის ბოლოდან შეინიშნება. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვარაუდობდნენ, რომ დაავადება შემდგომი 2-3 თვის განმავლობაშიც გამოვლინდებოდა. ბოლო დღეების მონაცემებით კი უკვე 3 300 შემთხვევაა დარეგისტრირებული. გვაქვს თუ არა საქმე ეპიდემიასთან? ამ კითხვით მივმართეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელ პაატა იმნაძეს:
- ეპიდემიის შემთხვევაში ეპიდაფეთქება უნდა იყოს მთელ საქართველოში, ამჟამად კი ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება მხოლოდ თბილისშია. 3 300 შემთხვევიდან 2 140 შემთხვევა თბილისზე მოდის.
- რატომ აღირიცხა თბილისში წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოს სხვა რაიონებთან შედარებით?
- 2008 წელს აცრების მასობრივი კამპანია ჩატარდა, მაშინ თბილისში აიცრა მოსახლეობის 15%, როცა საქართველოს სხვა რეგიონებში აიცრა 50%-მდე, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის 85% იყო აცრილი და აქედან გამომდინარე ამ რეგიონებში შემთხვევებიც ნაკლებია.
- როდისთვის ვარაუდობთ შემთხვევათა კლებას?
- ჯერჯერობით შემთხვევები კიდევ მოიმატებს, მაგრამ მატების ტემპი აღარ გაგრძელდება. დაახლოებით ერთ თვეში კი წითელას გავრცელება უნდა დასრულდეს. მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს აცრები ბავშვებში, დღეისათვის უკვე აცრილია 28 583 ადამიანი. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ თუ დაავადებულთან იყვნენ კონტაქტში, აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია.
- თუ ბავშვობაში გვქონდა გადატანილი წითელა, შესაძლებელია, კვლავ შეგვხვდეს?
- ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მედიცინაში გამორიცხული არაფერია.
P.S. წწყ-ს (წითელა, წითურა, ყბაყურა)ვაქცინის პირველი დოზა უნდა გაკეთდეს პირველ დაბადების დღეზე ან მის შემდეგ; რეკომენდებული ასაკობრივი შუალედია 12-24 თვე. გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ 12 თვემდე გაკეთებული აცრა არ მიიღება სათვალავში და 1 წლის ასაკში ვაქცინაცია მაინც უნდა გამეორდეს.
მეორე დოზა ჩვეულებრივ კეთდება 5 წლის ასაკში, სკოლაში შესვლამდე. თუმცა შეიძლება გაკეთდეს უფრო ადრეც, პირველი დოზიდან 28-დღიანი ინტერვალის დაცვით.
წწყ-ს პირველი დოზა ქმნის კარგ იმუნიტეტს წითელას, წითურასა და ყბაყურას წინააღმდეგ. მეორე დოზა განკუთვნილია იმუნიტეტის გამომუშავებისთვის იმ ადამიანებში, რომლებსაც არ ჰქონდათ რეაქცია პირველ დოზაზე; მეორე დოზის შემდეგ ხალხის ძალიან მცირე ნაწილი შეიძლება დარჩეს დაუცველი.
ყველა მოზარდს უნდა ჰქონდეს გაკეთებული ვაქცინის ორი დოზა, თუ არ აღინიშნება ნამდვილი უკუჩვენება.
ეპიდაფეთქების დროს ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაცია წწყ-ით უნდა მოხდეს დაბადების თარიღის მიუხედავად.
ცნობისათვის
წითელა ვირუსით გამოწვეული რესპირატორული დაავადებაა. ჩვეულებრივ, წითელას ვირუსი ფილტვებისა და ხახის უჯრედებში მრავლდება.
უმეტეს შემთხვევაში წითელას გამოვლენა იწყება ადამიანის დაინფიცირებიდან 7-14 დღეში და შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება: ლაქოვანი გამონაყარი, ცხელება, ხველა, სურდო, თვალის სიწითლე და ცრემლდენა (კონიუნქტივიტი) სისუსტე, წვრილი თეთრი გამონაყარი პირის ღრუში.
სიმპტომების გამოვლენიდან 5-6 დღის შემდეგ ავადმყოფის სხეულზე ჩნდება წითელი გამონაყარი. თავდაპირველად სახეზე (შუბლზე), შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე - კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები. გამონაყართან ერთად ავადმყოფის სხეულის ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს 40 °C-ს. რამდენიმე დღეში სიცხე დაბლა იწევს და გამონაყარი თანდათან ქრება. გართულების შემთხვევაში ვითარდება ყურის ინფექცია და პნევმონია.
მოამზადა ლიკა კერატიშვილმა
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)