მოსკოვი, 1937 წლის დეკემბერი. კრემლში იოსებ სტალინი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ლავრენტი ბერიას ხვდება. ბერიამ საუბარი ქართულად დაიწყო. სტალინი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა და ლაპარაკი რუსულად განაგრძო. ბერიაც უმალ რუსულზე გადავიდა:
- ამხანაგ ეჟოვზე რას იტყვით? - მოულოდნელად შეეკითხა სტალინი.
- ეჟოვზე?
ბერია გაოცებას ვერ მალავდა. ეჟოვი ხომ საკავშირო შინსახკომს ედგა სათავეში. 1936-37 წწ-ის "წმენდებიც" მის სახელთან იყო დაკავშირებული.
- ჩემი აზრით, აუცილებელია ეჟოვის მოღვაწეობის სწრაფი და უხმაურო შემოწმება, - განაგრძო სტალინმა, - შინსახკომის ცენტრალური აპარატი ამას ვერ შეძლებს, რადგან იქ ეჟოვის ხალხია. შენს გუნდში ბევრი ნიჭიერი ჩეკისტია. მათ თბილისიდან მოსკოვში გადავიყვანდით. ამხანაგები მეხლისი და ფრინოვსკი მათ დაეხმარებიან. გყავს ასეთი ბიჭები?
- დიახ, ამხანაგო სტალინ! - მტკიცედ მიუგო ბერიამ.
მეხლისი და ბერია
მეორე დღეს ბერია წითელი არმიის პოლიტსამმართველოს უფროსმა მეხლისმა ინახულა, ლავრენტის ხელი მაგრად ჩამოართვა და სიცილით უთხრა:
- მაშ ასე, ამ ომში ერთად ვართ, არა?
ბერიამ პასუხი არ გასცა. მეხლისი სავარძელში მოკალათდა და ფეხი-ფეხზე გადაიდო: - ეჟოვთან ძველი ანგარიშები მაქვს, ეს გარეწარი ჩემს დაპატიმრებას მოითხოვდა. სხვათა შორის, შენს დაჭერასაც აპირებდა.
მეხლისი გაჩუმდა. ბერიაც დუმდა.
- თუკი ეჟოვი შინსახკომის სათავეში დარჩა, ორივეს გაგვისწორდება, - განაგრძო მეხლისმა, - დავამხობთ? მაშინ, გადავრჩებით. სტალინს ეჟოვზე გული გაუტყდა, რადგან მან უზარმაზარი ძალაუფლება იგდო ხელთ. ის როგორც შინსახკომის, ისე გრუ-ს თავკაციცაა.
- რა გინდა? - შეაწყვეტინა ბერიამ.
- ფრინოვსკი, ეჟოვის მოადგილე, მის სკამს უმიზნებს, - მეხლისს მისი შეკითხვა თითქოს არც გაუგონია, - ის ეჟოვზე უკეთესი არ არის. ფრინოვსკი ჩვენი მხოლოდ ტაქტიკური მოკავშირეა, მაგრამ არა სტრატეგიული.
- რა გინდა?
- ეჟოვი უნდა მოვიშოროთ, ანუ გადავრჩეთ, იმედია, შენც ეს გინდა!
საიდუმლო თათბირი
ბერიას, ფრინოვსკისა და მეხლისის შეხვედრა კონსპირაციულ ბინაში მოხდა. ფრინოვსკი ძალზე აქტიურობდა, როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, ეჟოვის შემდეგ შინსახკომს სათავეში ჩაუდგებოდა.
დღეს ეჟოვის დამხობა სავსებით შესაძლებელია, - ჩუმად წარმოთქვა მეხლისმა, - თუკი რაიმე საგანგებო შემთხვევა მოხდა, სტალინი საბოლოოდ გაწირავს. რას იტყვი, ლავრენტი პავლოვიჩ?
- აქცენტი შორეულ აღმოსავლეთზე უნდა გაკეთდეს. იქ კარგა ხანია იაპონელებთან თამაში მიმდინარეობს. იქნებ ეს გამოგვეყენებინა, - შენიშნა ბერიამ.