"კომედი შოუს" მსახიობ ეკატერინე აბშილავას ცხოვრებაში სიახლეა, რომელსაც მისი ბევრი მეგობარიც კი ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან შეიტყობს. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, გამოჩნდა ადამიანი, რომლითაც დაინტერესებულია და ხვდება კიდეც.მართალია, ჯერ ამ ურთიერთობისთვის სიყვარულის დარქმევას არ ჩქარობს, მაგრამ, როგორც მივხვდით, ბევრიც აღარ უკლია. დღის განრიგზე, "კომედი შოუს" ბიჭებთან ურთიერთობასა და თაყვანისმცემლებზე ეკატერინე გულღიად გვესაუბრა.
- საერთოდ, დიდხანს ძილი არ მიყვარს, მგონია, რომ ამ დროს დღეს ვკარგავ, ამიტომ უქმეებზე მაქსიმუმ დილის 11 საათამდე შეიძლება მეძინოს, სამუშაო დღეებში კი უფრო ადრე მიწევს ადგომა, რადგან 10 საათზე უკვე სამსახურში უნდა ვიყო. ბავშვობიდან გამომუშავებული მაქვს, რომ დილით საუზმის გარეშე სახლიდან არ უნდა გავიდე და დღემდე ასე ვიქცევი, შემდეგ მთელი დღე ჭამა რომ ვერ მოვახერხო, ეს საკითხი აღარ მაწუხებს. რაც შეეხება ვარჯიშს, თავისუფალ დღეებში დილით ვარჯიშსაც ვახერხებ, თან ახლა გაზაფხულია და საჭიროა ფორმის შესანარჩუნებლად ფიზიკური დატვირთვა, უკვე თბილა და სასიამოვნოა დილაობით სავარჯიშოდ გასვლა.
რატომ შეიცვალა თმის ფერი
...როგორც წესი, საკუთარ თავზე თავად ვზრუნავ, თუ არ მჭირდება, მაკიაჟს არ ვიკეთებ, არ დავდივარ სალონში თმის დასავარცხნად. რაც შეეხება თმის ფერის ცვლილებას, ახლა "რიჟა" ვარ, მაგრამ ეს დეპრესიის გამო არ გამიკეთებია, სხვა ფერზე მინდოდა შეღებვა, არ გამომივიდა და ბოლოს ამ ტონზე შევაჩერე არჩევანი, მინდოდა ცვლილება და ამიტომ გავხდი წითური (იღიმება).
ადრე საკმაოდ პრობლემური სახის კანი მქონდა, მაგრამ კოსმეტოლოგის დახმარებით მომიწესრიგდა, თვეში ერთხელ მივდივარ მასთან პროცედურებისთვის და ძალიან კმაყოფილი ვარ.
ხელსაქმე
...კარგა ხანი ვაკეთებდი აქსესუარებს, ლარნაკებს ვუცვლიდი ფორმას და ზარდახშებად ვაქცევდი, ვქარგავდი კიდეც, უკვე იმდენი რამე დამიგროვდა, ყუთებში ჩავალაგე ჩემი ნამუშევრები, არადა ადრე ყველაფერი გამოფენილი მქონდა. სამწუხაროდ, ბოლო დროს ამ საქმეს თავი დავანებე, ცოტა ხნის წინ რაღაცის გაკეთება მომინდა, გადმოვყარე ნაჭრები, ტყავები, ბისერები, მაგრამ იდეა არ მომივიდა, ვერაფერი შევქმენი. ეტყობა, ამ მხრივ ნეგატიური პერიოდი მაქვს, იმედია, მუზა და იდეები დამიბრუნდება (იღიმის). არადა, ეს პროცესი საოცრად მამშვიდებდა, ბევრჯერ ისე დამთენებია, ძილიც კი არ მომრევია, დროის შეგრძნებას ვკარგავ ხოლმე. თითოეულ ნამუშევარს შვილივით ვუვლიდი, გაჩუქებაც ძალიან მიჭირდა, თუ მაინცდამაინც ვინმეს უჩნდებოდა სურვილი, ჰქონოდა ჩემ მიერ დამზადებული ნივთი, სპეციალურად მისთვის ვაკეთებდი, მთელ გულსა და სულს ვაქსოვდი. ახლა ასეთი დამოკიდებულება აღარ მაქვს, თუ ვინმეს რაიმე მოეწონება, მაშინვე ვჩუქნი (იღიმის). რაც შეეხება გამოფენას, მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ იმ დონის ნამუშევრები არ მაქვს, რომ გამოფენაზე გავიტანო, ეს უბრალოდ ჩემთვის გაკეთებული ნივთებია. შესაძლებლობა რომ იყოს და მქონდეს ჩემი სახელოსნო და დრო, სადაც შევძლებ მუშაობას, უფრო გავიზრდებოდი შემოქმედებითად, ნამუშევრებიც უფრო ხარისხიანი იქნებოდა, აი მაშინ კი დავფიქრდებოდი გამოფენაზე.
დამღლელი, მაგრამ კომედიური სამსახური
...საკუთარი თვალით დანახული ჩემი სამსახური ძალიან კომედიურია. "კომედი შოუს" ბიჭების კომენტარებით მთელი დღის განმავლობაში კარგად ვერთობი, მაგრამ იმავდროულად საკმაოდ დამღლელ საქმეს ვაკეთებთ. დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე მუდმივად ფიქრის რეჟიმში ვიმყოფებით, რათა კარგი ხუმრობები წარვუდგინოთ მაყურებელს. ორშაბათ დღეს ვიყოფით რამდენიმე გუნდად, ვირჩევთ თემებს და ვმუშაობთ ხუმრობებზე, ყოველ 40 წუთში კი ყველა ერთად ვიკრიბებით და ჩვენს ნააზრევს ვუკითხავთ ერთმანეთს, თუ რამე აკლია, ვამატებთ, შემდეგ ახალ სკეტჩზე ვიწყებთ მუშაობას და მთელი დღე ასე, ფიქრში გადის. საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანებზე დაკვირვება დამჩემდა, მიშა ანდღულაძე სრულიად უცხო ადამიანზე ისეთ დეტალს დამაფიქსირებინებს ხოლმე, რაც შეიძლება ახალი ტიპაჟის შექმნის საფუძველი გახდეს. სხვათა შორის, ყველაზე მეტად პაროდიების გაკეთება გამიჭირდა, მომიწია ნანუკა ჟორჟოლიანისა და ნინო ხოშტარიას მიბაძვამ. ნანუკას მიბაძვისას ძალიან ვნერვიულობდი, ახალი მისული ვიყავი, ყველაფერზე ვღელავდი, ვფიქრობდი იმასაც, რას იფიქრებდა ნანუკა, მოეწონებოდა თუ არა. ნინო ხოშტარიას შემთხვევაში კი უკვე მუშაობის ორწლიანი სტაჟი მქონდა, შეგუებული ვიყავი ბევრ რამეს, ჩავუჯექი მის გადაცემებს და ისე განვასახიერე. ზოგადად, ძნელი ყოფილა ვინმეს მიბაძვა. პაროდიის შემდეგ ნანუკასთან არ მქონია შეხება, მაგრამ ნინო შემხვდა, თავადვე დამიძახა, მომესიყვარულა, რჩევებიც მომცა და გულზე მომეშვა (იცინის).
სულ სხვა სამყარო - თეატრი
...ამ მხრივ დიდი სიახლე არ მაქვს, ვაკის სარდაფში ერთ სპექტაკლს ვთამაშობ და მაქსიმალურად ვებღაუჭები ამ საქმეს, რომ თეატრს არ ჩამოვშორდე. მადლობას ვამბობ, რომ ერთ სპექტაკლში მაინც ვთამაშობ, შეიძლება თვეში ერთხელ ან ორჯერ მომიწიოს სცენაზე გამოსვლამ, მაგრამ ჩემთვის ესეც განტვირთვაა, თეატრი მაინც სულ სხვა სამყაროა. სცენაზე გასვლის წინ ტანში ისეთი ჟრუანტელი მივლის, როგორც არასდროს, ნეტავ იცოდეთ, როგორ მიყვარს ეს შეგრძნება.
პირადი
...მართალია, პირადზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ნაწყენი რომ არ დამრჩეთ, გაგიმხელთ იმ სიახლეს, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება. არსებობს პიროვნება, ვის მიმართაც მაქვს ინტერესი, ვხვდებით ერთმანეთს და ამ ეტაპზე კარგად ვარ, სიყვარულზე ლაპარაკი ალბათ ჯერ ადრეა, ჯერ ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესში ვართ. ბევრს არაფერს გეტყვით მის შესახებ, ცნობილი პიროვნება არ არის, ერთი ჩვეულებრივი არქიტექტორია (იცინის). "კომედი შოუს" ბიჭებმა ამის შესახებ არაფერი იციან, მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრისთვისაა ეს ცნობილი.
ზოგადად, საკმაოდ მწირი სასიყვარულო გამოცდილება მაქვს. როდესაც საქმე მამაკაცს ეხება, ძალიან ბევრს ვფიქრობ, ღირს თუ არა მისი გულთან ახლოს მიყვანა, არა იმ თვალსაზრისით, არის თუ არა ჩემი ღირსი, ამაზე მეცინება კიდეც, უბრალოდ, ძალიან ემოციურად განვიცდი ყველანაირი ურთიერთობის დასრულებას და ვცდილობ, ამ მხრივ საკუთარ თავს გავუფრთხილდე. ერთ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ დაშორების შემდეგ გამოაჩინა რეალური სახე და მაშინ მივხვდი, ბედი მქონია, რომ მასთან სერიოზული ურთიერთობა არ ჩამომიყალიბდა, თურმე საშინელი პიროვნება ყოფილა.
14 წლისას მეწვია პირველი სიყვარული, მაგრამ მაშინ ძალიან დაკომპლექსებული ვიყავი, ცუდ რაღაცებს ვაკეთებდი, იმის მაგივრად, რომ მას შევხვედროდი, ჩემს დაქალთან მივდიოდი. ვიცოდი, ამით მას გულს ვტკენდი, მაგრამ მაინც იმავეს ვაგრძელებდი, თითქოს სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო. მერე ამის გამო ვტიროდი, მინდოდა ბოდიში მომეხადა, მაგრამ ბოდიშსაც ვერ ვუხდიდი და ასე ვიტანჯავდი თავს (იცინის).
ხმამაღალ ნათქვამად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ თაყვანისმცემლების სიმცირეს არ ვუჩივი, ხშირად მანებივრებენ საჩუქრებით. მაპატიოს ყველამ, მაგრამ ხანდახან მათი ყურადღებით ვღიზიანდები კიდეც, ათასნაირი ადამიანი მირეკავს და მეკონტაქტება. ზოგს ზრდილობიანად ვუხსნი, რომ არ მინდა მასთან ურთიერთობა, ზოგს ვეუბნები, თავი დამანებოს, ზოგს საერთოდ არ ვპასუხობ, ეს ყველაფერი დამღლელია, ყოველთვის ხომ არ ხარ პასუხის გაცემის ხასიათზე?! ამასთან, შეიძლება დამირეკოს ისეთმა პიროვნებამ, რომელიც წლების წინ ერთხელ ვნახე, ადამიანი ვარ და ყველა არ მახსოვს. რომ ვერ ვიხსენებ, ბრაზდებიან და როგორი კომენტარები აქვთ იცი? - დიდი ხანია ცნობილი გახდი?! არადა, რეალურად არ ვარ ისეთი ტიპი, რამეს ან ვინმეს ვუკადრისობდე და თავშიც ადვილად არ მივარდება რაღაცები. ამ უსიამოვნო ფაქტების გარდა, თაყვანისმცემლებისგან ბევრი სასიამოვნოც მახსოვს, მაგალითად, ვარდებით მოფენილი სახლის კიბეები, 150 ვარდი ერთად, ფეიერვერკი... ერთი პიროვნება კართან გარკვეული დროის განმავლობაში ყოველდღე ერთ ვარდს მახვედრებდა. რამდენჯერმე დედაჩემსაც მიართვეს ჩემ მაგივრად ყვავილები (იცინის), სახლში არ ვიყავი და მას გადასცეს (იცინის). ერთხელ მიზანმიმართულად სამი თაიგული მოგვართვა ჩემმა თაყვანისმცემელმა, დედაჩემის და ჩემი დის ერთნაირი იყო, ჩემი - განსხვავებული. ამ ახალ წელს თოვლის ბაბუის ხელით გამომიგზავნა თაყვანისმცემელმა საჩუქრები. სხვა რა გითხრათ? ერთხელ მანქანაზე დამახვედრეს ყვავილები და წერილი, ორმა სხვადასხვა ბიჭმა კი ჩემი პორტრეტი მაჩუქა. ერთმა ძალიან მთხოვა სურათი, მივეცი და იმის მიხედვით დაახატვინა, მეორემ კი "ფეისბუქიდან" აიღო ფოტო და დახატული მომიტანა. სიმართლე გითხრათ, ეს ორი ნამუშევარი ძალიან მომწონს.
წელიწად-ნახევარი საჭესთან...
...არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ქალები ცუდი მძღოლები არიან, პირადად მე წელიწად-ნახევარია, რაც საჭეს მივუჯექი, მაგრამ საკმაოდ კარგად ვმართავ მანქანას, მეტიც, ისე ვარ დაკომპლექსებული კაცების ზემოხსენებული დამოკიდებულებით, რომ სულ მარჯვენა ზოლში დავდივარ, ვინმე რომ არ გავაღიზიანო. თავიდან, საჭეს რომ მივუჯექი, პატრულს ძალიან ვუფრთხოდი, გზაზე რომ დავინახავდი, გვერდზე გადავდიოდი და სხვათა შორის, ამის გამო ბევრჯერ გამაჩერეს (იცინის). ერთი ინციდენტი მახსენდება პატრულთან დაკავშირებით: ახალი ნაყიდი მქონდა მანქანა, ისნიდან ავლაბრამდე ორჯერ რომ დამაჯარიმეს, ვუხსნიდი, რამდენიმე წუთის წინ დამაჯარიმეს და იქნებ დამინდოთ-მეთქი, მაგრამ იცით, რა მიპასუხეს? ერთი გაგვეხუმრე და არ დაგიწერთ ჯარიმასო. ამაზე უფრო გავბრაზდი, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი. ბოლოს მითხრეს, წესით, თქვენ არ უნდა გიწერდეთ ჯარიმას, მაგრამ არასწორი იქნება ჩვენი საქციელიო და მაინც გამომიწერეს. საქმე თანხის ოდენობაში არ იყო, უბრალოდ, დაჯარიმების ფაქტმა გამაღიზიანა.
ციცი ომანიძე
(გამოდის ორშაბათობით)