ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაზე საუბრისას, ქვეყნის მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა: "საინტერესო სიახლეებია. გამოძიება საკმაოდ რთული ფაზიდან არის დაწყებული, თუმცა ამ დროის განმავლობაში გამოძიებამ მონახა ხელმოსაჭიდი ვერსია, რომელიც თანდათან მყარდება და, სავარაუდოდ, საინტერესო განვითარებას პოვებს". მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის საფუძველზეც, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია დაიკითხება თუ არა ქვეყნის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმის მასალებიდან გამომდინარე. დავინტერესდით, რას ფიქრობს ამ საკითხზე ზურაბ ჟვანის ძმა გოგა ჟვანია, რომელიც დღეს პარლამენტის დეპუტატია კოალიცია "ქართული ოცნებიდან".
- ბატონო გოგა, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიებამ მონახა ახალი ხელმოსაჭიდი ვერსია, რა იცით ამის თაობაზე?
- ვიცნობ ამ ვერსიას და საზოგადოდ, საქმის მსვლელობაზე ინფორმირებული ვარ, პერმანენტულად ვეცნობი მოძიებულ ახალ მასალებს, თუმცა სჯობს, ამ ეტაპზე კომენტარი საქმეში გაჩენილი ახალი დეტალების თაობაზე, პროკურატურამ გააკეთოს.
- ვინაიდან იცნობთ საქმეს, იქნებ ის მაინც გვითხრათ, კონკრეტული ადამიანების ბრალეულობა თუ გამოიკვეთა?
- ზურაბ ჟვანიას საქმეში გაჩნდა ახალი და მნიშვნელოვანი დეტალები, რაც, ვიმედოვნებ, მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
- რას იტყვით პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ ამ საქმეში აღარაფერია გამოსაძიებელი და რომ უკვე ყველაფერი გარკვეულია...
- პრეზიდენტის განცხადებები შორს არის ადეკვატურობისგან, ამიტომ მისი კომენტირება არც ღირს. ყველაფერი გარკვეული რომ ყოფილიყო, ეს საქმე აქამდე დაიხურებოდა. ვეკითხები პრეზიდენტს, რატომ არ დახურეს საქმე, თუ ყველაფერი გამოძიებული იყო? ეს რვა წლის განმავლობაში ვერ შეძლო "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომლის დაქვემდებარებაშიც იყო პროკურატურა და ვერ შეძლო იმიტომ, რომ არსებობდა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა. ეს არის ყველაზე მარტივი პასუხი პრეზიდენტის მორიგ უპასუხისმგებლო განცხადებაზე.
- არსებობს ვარაუდი, რომ გამოძიებას ზურაბ ჟვანიას საქმეზე შესაძლოა, პრეზიდენტ სააკაშვილთანაც ჰქონდეს კითხვები...
- ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილს სამართალდამცველების არაერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
- "ერთიანი სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები" პარლამენტში მესამე მოსმენიდან ისევ მეორე მოსმენას დაუბრუნდა, არადა, უმრავლესობას კარგა ხნის წინ შეეძლო კანონის მიღება. უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ამჯერად საჯილდაო ქვად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი იქცა, ამას შეეხებოდა ვენეციის კომისიის მთავარი შენიშვნაც. ამ შენიშვნის გათვალისწინებით ცდილობს უმრავლესობა შეთანხმების მიღწევას, თუ კიდევ არის რაიმე სხვა მიზეზი?
- საკითხის განხილვა იმიტომ გადაიდო, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები უმცირესობის წარმომადგენლებთან. რადგან ამ მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობ, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის დადებითი პროცესი. გვსურს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ მოლაპარაკებისა და შეთანხმების გზით წყდებოდეს.
- რამდენიმე დღის წინ პრემიერი შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობას. ამ შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა ორ კვირაში ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა ეს ასე განმარტა: "იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობა თბილისშია და პარლამენტი - ქუთაისში, აქამდე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის რეგულარული შეხვედრები არ იმართებოდა და კოორდინაცია არ არსებობდა." დავიჯეროთ მხოლოდ გეოგრაფიული დაშორებაა პრობლემების მიზეზი?
- ვერ ვიტყვი, რომ კომუნიკაცია და კოორდინაცია აქამდე დიდი პრობლემა იყო, თუმცა მხოლოდ მივესალმები, თუ ეს კიდევ უფრო გაუმჯობესდება. რაც ხშირად შევხვდებით ერთმანეთს საკანონმდებლო ხელისუფლება და მთავრობა და გავუზიარებთ აზრებს, ეს საქმეს მხოლოდ წაადგება. არის ძალიან ბევრი საკითხი და პრობლემა, რომელთა გადაწყვეტასაც ჩვენი შეთანხმებული მოქმედება სჭირდება.
- თუმცა ზოგჯერ ამა თუ იმ საკითხზე პარლამენტარები სხვა რამეს ამბობენ, მთავრობის წევრები კი - სხვას...
- აზრთა სხვადასხვაობა გასაკვირი არ არის, როდესაც ამხელა სტრუქტურებსა და ამდენ ადამიანზეა ლაპარაკი. ყოველთვის ვერ გვექნება ერთი პოზიცია. აქ ლაპარაკია, რომ იყოს მაქსიმალური კოორდინაცია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ეფექტიანად და გამართულად მუშაობისათვის.
- 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობა" რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველ შენობასთან აქციის გამართვას გეგმავს...
- ძალიან უცნაურია, რომ ნაცმოძრაობა პარლამენტის ძველ შენობასთან აპირებს აქციის გამართვას. საინტერესოა, ვისკენ არის მიმართული მათი აქცია, ვისი ყურადღების მიპყრობას ცდილობენ? გაემართათ აქცია პარლამენტის ახალ შენობასთან, რომლის აშენებითაც ძალიან იწონებენ თავს, ეს უფრო ლოგიკური არ იქნებოდა? რაც შეეხება უშუალოდ აქციას და საზოგადოების ინტერესს მის მიმართ, ვფიქრობ, ეს ინტერესი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ნათლად ჩანს უკვე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ნელ-ნელა ისტორიას ბარდება. ეს რაღაც ბოლო გაბრძოლების მცდელობებია, რომელიც, არა მგონია, ამდენ ყურადღებას იმსახურებდეს. ამ პოლიტიკური ძალის, განსაკუთრებით მისი ლიდრების - ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საღ აზრს მოკლებულია, ამიტომ მათზე რაც ნაკლებად ვილაპარაკებთ, მით უკეთესი.
- სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით ანგარიშის იმ ეპიზოდს, რომელიც ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციას შეეხება. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მეტად თამამ შეფასებებს აკეთებს, მავანნი მიიჩნევენ, რომ მან შესაძლოა უფლებამოსილებას ოდნავ გადაამეტა კიდეც.
- ახლახან შემოვიდა ანგარიში პარლამენტში, გავეცნობით, შევისწავლით და კომენტარსაც მერე გავაკეთებთ. რაც შეეხება ლაფანყურის საქმეს, მასში თავიდანვე ძალიან ბევრი რამ იყო ბუნდოვანი, რის გარკვევასაც, სავარაუდოდ, გამოძიება დასჭირდება.
- უჩა ნანუაშვილი პარლამენტს ამის გამოსაძიებლად სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნის რეკომენდაციას აძლევს.
- იქ მოყვანილ ფაქტებში არსებული დანაშაულის ნიშნების გათვალისწინებით, ამით, ალბათ, უპირველესად შესაბამისი სამართალდამცველი სტრუქტურები დაინტერესდებიან.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)