თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი მეუღლის ყოფილი კლასის დამრიგებლის, კლარა ხასაიას წერილს ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"ბაჩოს მასწავლებლის წერილი... ცრემლი მომერიაააა... :((((", - წერს ნადარეიშვილი და იქვე კლარა ხასაიას წერილს აქვეყნებს:
"ასეთი იყო... ასეთი დარჩა ჩემს მეხსიერებაში...
ჭეშმარიტება და ყოფილი მოსწავლის მეობის ექო მაბედვინებს ფიქრთა გამჟღავნებას...
როგორი ადამიანი იყო მოსწავლე ბაჩანა ახალაია?!
სიმშვიდე, სიყვარული, დახვეწილობა, ესთეტიკა, პეწიანობა, სიფაქიზე, ზრდილობა, სიფხიზლე, გონი და ნიჭიერება; გახლდათ გამორჩეული სიბეჯითე, შრომისმოყვარეობა, კონტროლი საკუთარი ქმედებების, სისპეტაკე, სიმდაბლე, თავდაჭერილობა, სიკეთე, სათნოება...
ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის ძახილის ნიშანი. გაფრთხილება...
იჯდა ფიზიკური და სულიერი ჰარმონიულობა, ზღვისფერთვალება კოლხი, სწავლას და სიცოცხლეს დაწყურებული...
იჯდა და ითხოვდა გამორჩეულ აზრს, დახვეწილ სიტყვას, ნათლად ამეტყველებას საგაკვეთილო მასალის თემისა თუ იდეის, მხატვრული სამყაროსი....
იჯდა ყურადღება, მსურველი შენთან ყოფნის, შენთან ერთად მხატვრული, დედა სიტყვის შუკა-ბილიკების გათელვის...
ახასიათებდა დროული და უსუსხო იუმორი...იცოდა სიტყვის თქმის ადგილი, დრო და მნიშვნელობა.
იყო სიმშვიდე, იყო სიხარული, ხვალეს იმედი, ზრდილი, აუღელვებელი თითქოს, დამუხტული, მიყურადებული უხილავ სამყაროს... არ ჭირდა მასთან ურთიერთობა- მოგენდობოდა, მიგინდობდა. არ უკვირდა, არც აღელვებდა საკუთარ აზრს თუ თქვენი უპირისპირდებოდა.
არ ყოფილა შემთხვევა გაკვეთილზე შესულს ბაჩანა ადგილზე არ დამხვედროდა, მისი მოქმედების ბალავარი იყო სათნოება და სიმდაბლე.
ადამიანი, ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება. მქონდა ასეთი დრო, ეს ის ჟამია, როდესაც საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი "თურქი" მხედრიონის სახით ზუგდიდში რია-რიობდა, სად ნახავდით ტაქსს, მანქანას, მივდივარ ზურგზე ლეიბმოგდებული თუ პირიქით... მესმის "სირბილის ხმა",მალე სიმსუბუქე ვიგრძენი, შევხედე, ევროპულად აწკეპილმა ბაჩანამ ჩემი ტვირთი ზურგზე აიკიდა, რა მოხდაო? მკითხა. პასუხმა დააღონა... საავადმყოფოს მესამე სართულამდე ამყვა, ლეიბი ადგილზე მოათავსა, უსიტყვოდ მომეფერა და წავიდა... დაღლა, წუხილი, დარდი სადღაც გაქრა, ამ დღიდან ის ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, ამ შემთხვევას კი უცრემლოდ ვერ ვიხსენებ...
ასეთი ბაჩანა რატომღაც გაღიზიანებთ გარშემო მყოფთა გარკვეულ ნაწილს, შეიძლება არ ვირწმუნოთ ვაჟასი " ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი?" იქნებ გვარია ხელის შემშლელი და სათაკილო? სინამდვილეში ამ გვარის თავკიდური თუ დაბოლოება სიახლის გრძნობით გვხიბლავს... იქნებ ის ადგილი გვაღიზიანებს, "სადაც შობილან, გაზრდილან?" თუ ასეა, რატომ? ზუგდიდი ხომ სრულიად საქართველოს ზურგდიდია, მისი განუყოფელი ნაწილი?", - წერს ბაჩანა ახალაიას კლასის დამრიგებელი.
იხილეთ ვიდეო: ბაჩო ახალაიას კლასის დამრიგებელი ახალაიას სინანულისკენ მოუწოდებს