ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც იმედის "ქრონიკის" წამყვანი მაია, საზოგადოებისთვის კი მაკო დოლიძე, სტუდიაში ზის და სუფლიორზე ტექსტს არცთუ გამართულად კითხულობს. ვიდეოს ავტორს მითითებული აქვს, რომ ეს მაკოს ღია ეთერია, რეალურად კი საქმე სულ სხვაგვარადაა და ამას დაკვირვებული თვალი ჩანაწერის ნახვისთანავე მიხვდება. ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ მაკო, რომელსაც დილის ეთერში "ქრონიკა" მიჰყავს, "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ბაია ცანავას რძალია. ამ კადრების გავრცელების შემდეგ მაკოს დავუკავშირდით და ახალ ამპლუასა და ზემოხსენებულ ვიდეოზე ვესაუბრეთ.
- მაკო, ყველასთვის ცნობილია, რომ ხარ "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ბაია ცანავას რძალი, ამის გამო გახდი "ქრონიკის" წამყვანი თუ კასტინგი გაიარე?
- რასაკვირველია, გავიარე კასტინგი, მერე გარკვეული პერიოდი დავდიოდი მეტყველების პედაგოგთან და ამან დამატებით თავისი შედეგი გამოიღო. მანამდეც მქონდა გასართობი გადაცემების წაყვანის გამოცდილება, მაგრამ საინფორმაციო გადაცემა სხვაა და საკუთარი თავი ამ მხრივ მინდოდა გამომეცადა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამის შანსი მომცა.
- როგორია გყავდეს უფროსი, რომელიც იმავდროულად შენი დედამთილია?
- ბაია ჩემთან ისეთივეა, როგორიც სხვების მიმართ. როცა საჭიროა, შენიშვნებს მაძლევს და როცა საჭიროა, მაქებს კიდეც. პირველი და მეორე ეთერის დროს ვღელავდი, ვნერვიულობდი, რომ არაფერი შემშლოდა. დასაწყისში ყველა მაფრთხილებდა, არ ინერვიულო, შენ შეგიძლია და ყველაფერი გამოგივაო.
- შენ და ბაია ოჯახში თუ განიხილავთ სამსახურის ამბებს?
- ბაია იმდენად დაკავებულია, რომ შინ საკმაოდ გვიან ბრუნდება, ამიტომ სახლში კიდევ სამსახურზე საუბარი ზედმეტია, საქმეზე უფრო ტელევიზიაში ვსაუბრობთ.
- რაც შეეხება შენს გარეგნობას, ეთერში შეცვლილი ხარ, თმაც გასწორებული გაქვს...
- საინფორმაციო გადაცემას გაჩეჩილი და ხვეული თმა არ უხდება, ამიტომ მისწორებენ. ყველა აღნიშნავს, რომ ეკრანზე განსხვავებული იმიჯით ვჩანვარ. ამასთან, ყველა მაკოთი მიცნობს, დასაწყისში კი ვაცხადებ, რომ ვარ მაია დოლიძე, ოფიციალური სახელით უნდა წარდგეს წამყვანი მაყურებლის წინაშე, რადგან კნინობითი სახელების გამოყენება არ შეიძლება.
- მას შემდეგ, რაც "ქრონიკის" წამყვანი გახდი, დილით ალბათ ადრე გიწევს სახლიდან გასვლა, ამაზე შენი მეუღლე როგორ რეაგირებს?
- ჩემი მეუღლე ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის გაგებით ეკიდება, პრეტენზიებს არ გამოთქვამს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ რეჟიმში ყოფნა არ მიჭირს, ერთი წლის შვილი მყავს, დათუნა, რომელიც ზუსტად დილის ექვს საათზე ჭამს, მისი გამოკვების შემდეგ აღარ ვიძინებ, ნელ-ნელა ვემზადები და სამსახურში მივდივარ.
- დილის საათებში, როცა სახლში არ ხარ, ბავშვს ვინ უვლის?
- ჩემი ქმარი დილაობით ჩემ დაბრუნებამდე სახლშია, დედაჩემიც მოდის და ყურადღებას აქცევს, დათუნას ბაბუა (გოგას მამა) არანაკლები მზრუნველობით გამოირჩევა, ასე რომ, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ამ ერთი წლის ბავშვს მთელი ოჯახი ვყავართ გაგიჟებული, ძალიან უყვარს ხოხვა და სიარულსაც ცდილობს, თანდათან ლაპარაკსაც იწყებს, ამბობს სიტყვებს და გვაგებინებს რა უნდა, ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან გონიერი ბავშვია. გარეგნულად ძალიან ჰგავს მამას, ერთად რომ სხედან, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ორ სხვადასხვა ასაკის გოგას ვუცქერ (იღიმება). დათუნას ძალიან უყვარს ეზოში სეირნობა, კარს რომ ვაღებ, მაშინვე ისუსება, ხვდება, რომ გარეთ გამყავს, საათობით ვსეირნობთ ეზოში, მოსწონს საქანელები, თან უკვე ყველას იცნობს (იღიმის).
- არ შემიძლია არ გკითხო ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს შესახებ, რომელზეც "ქრონიკის" სტუდიაში ზიხარ და სუფლიორზე ტექსტს არცთუ გამართულად კითხულობ...
- სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა და მეწყინა ამ ვიდეოს გავრცელება, მით უმეტეს, რომ ეს ღია ეთერი არ იყო, როგორც წერდნენ, არამედ გადაღებული იყო იმ დღეს, როცა პირველად მივედი "იმედში". მაკიაჟი, თმაც კი ჩემით მქონდა მოწესრიგებული, ანუ საეთეროდ არ ვიყავი მზად, მითხრეს შევსულიყავი სტუდიაში, რათა ენახათ, როგორ გამოვიყურებოდი ეკრანზე. იმ დღეს სხვებსაც ნახულობდნენ და ჩემსავით ბევრი ადამიანი მოისინჯა წამყვანის პოზიციაზე. შევედი სტუდიაში, სადაც ჩემ გარდა არავინ იყო, ოპერატორიც კი არ ყოფილა, დავჯექი და დავიწყე სუფლიორზე იმ ტექსტის კითხვა, რომელიც ჩემი დაწერილი არ იყო და მანამდე თვალითაც არ მქონდა ნანახი, ანუ უბრალოდ, დავიწყე მომზადება სასინჯი შიდა გადაღებისთვის. ვინ და რატომ გაავრცელა ეს მასალა, როგორც დეზინფორმაცია, ნამდვილად არ ვიცი და გულწრფელად გეტყვით, უკვე აღარც მაინტერესებს, რადგან ასე პატარა ადამიანები იქცევიან.
ციცი ომანიძე
(გამოდის ორშაბათობით)