სოჭში ჩასულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მომავალი წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ქალაქი სრულად იქნება მზად. ამის შესახებ "სქაი ნიუსი" იუწყება.
როგორც სტატიის ავტორი წერს, სოჭში მიმდინარე მშენებლობის შემოწმებისას, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა - "სამუშაოები გეგმიურად მიდის. ეჭვი არ მეპარება, ყველაფერი დროულად იქნება მზად".
გავრცელებული ინფორმაციით, სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებისთვის განკუთვნილი თანხა 50 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, რაც მას ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულად აქცევს. ეს თანხა პეკინის თამაშებზე დახარჯულ თანხებსაც აჭარბებს.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, თანხების ნახევარი კერძო ინვესტორებს ეკუთვნით, თუმცა კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეგრეთ წოდებულ კერძო დაფინანსებას თავად სახელმწიფო გაიღებს, ან მინიმუმ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიები.
თავის დროზე, - წერს "სქაი ნიუსი", - სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამართვა საკამათო იყო მისი სუბტროპიკული კლიმატის გამო, თუმცა რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი მზად არიან გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაც. მათი განცხადებით, ფინეთიდან შეძენილი აქვთ ხელოვნური გათოვლიანების 400 მანქანა და თოვლის უზარმაზარი რეზერვუარი, რათა თამაშების დროს მოედნები საჭირო თოვლით უზრუნველყონ.
თუმცა, ამ ყოველივეს ფონზე, სოჭის ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება სირთულეებს მიმდინარე მშენებლობების გამო, რომლის დასრულებისთანავე, ქალაქს 367 ახალი გზა და ხიდი, ასევე გაფართოებული აეროპორტი და საზღვაო ტერმინალი ექნება.
გორაკზე, რომელიც ოლიმპიურ პარკს გადაჰყურებს, ერთი ქუჩაა. ამ ქუჩაზე მდებარე სახლები კი ახალი მშენებლობის გამო დანგრევის პირასაა. მართალია, სახლის მფლობელები ვერ ამტკიცებენ, რომ სახლების ნგრევა მშენებლობას უკავშირდება, თუმცა აცხადებენ, რომ სახლებს დამანგრეველი ბზარები სწორედ ოლიმპიადისთვის მზადების შემდეგ გაუჩნდა.
სახლი, რომელშიც ტატიანა სკიაბა 18 წლის განმავლობაში ცხოვრებდა, ერთ ღამეს, როგორც თავად ქალბატონი აცხადებს, ლამის სრულად დაიშალა.
"თავიდან მიწისძვრა გვეგონა, რადგან ერთი კედელი მთლიანად ჩამოიშალა. თუმცა დილით აღმოვაჩინეთ, რომ ეს მიწისძვრის გამო არ მომხდარა", - აცხადებს ტატიანა სკიაბა და დასძენს, რომ სანამ ოლიმპიადა დაიწყება, ამ ქუჩაზე არც ერთი სახლი აღარ დარჩება.
ამავე მდგომარეობაშია მის მეზობლად მდებარე კიდევ ერთი სახლი, - წერს "სქაი ნიუსი", - რომლის კედლებიც მთლიანად დაბზარულია, სამზარეული კი სრულად მიწასთან განადგურებული. სიტუაცია კი სულ უფრო უარესდება.
"ზოგჯერ ყვირილი მინდება. იქნებ ღმერთს მაინც მივაწვდინო ხმა, რომ დაგვეხმაროს. თუმცა, არც ეს გვშველის. მთელ დღეებს ტირილში ვატარებ. ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს თავზე ჭერი აღარ აქვთ", - აცხადებს ერთ-ერთი დანგრეული სახლის პატრონი, რომელიც ამბობს, რომ ბევრჯერ მიმართა წერილობით ხელისუფლებას, თუმცა მისთვის პასუხი არავის გაუცია.
როგორც "სქაი ნიუსი" წერს, ამ საკითხით მათ სოჭის მერსაც მიმართეს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ქუჩის შესახებ არაფერი სმენია.
მომზადებულია news.sky-ის მიხედვით.