ყველა ერს თავისებური საქორწილო რიტუალი და ტრადიციები აქვს. საზეიმო გარემოს, ლხინის სუფრას თან ერთვის აუცილებლად შესასრულებელი ადათ-წესებიც. იორმუღანლოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის ქუჩის კარზე შებმული წითელი ბაფთები ოჯახში ახალი წევრის, პატარძლის შესვლას მოასწავლებს. აზერბაიჯანელები წითელ ლენტებს კარზე, ქორწილამდე სამი-ოთხი დღით ადრე აკეთებენ, ქორწილის შემდეგ კი რამდენიმე დღეში ხსნიან და ეზოში სუფთა ადგილას აგდებენ.
"პირველ რიგში წყვილის დასალოცად მოგვყავს მოლა, აკურთხებს ის ახალგაზრდებს და წავა. ამის შემდეგ იწყება ქეიფი და მხიარულება. სიძე-პატარძლის მაგიდა შემაღლებულ ადგილასაა მოწყობილი. გოგოსაც და ბიჭსაც გვერდში მეგობრები უსხედან, როგორც თქვენთან ჰყავთ ხოლმე მეჯვარეები. სტუმრები ლოცავენ, ადღეგრძელებენ ნეფე-დედოფალს. ერთ მაგიდასთან ქალები სხედან მეორესთან მამაკაცები. ჩვენთან ასეთი ტრადიციაა. ქალები უფრო მოკრძალებულად იქცევიან, არც სასმელს სვამენ. პატარძლისთვის განსაკუთრებული საჩუქარია ოქროს საყურე, ბეჭედი, ან მაჯის საათი. ქორწილში აუცილებლად სრულდება სპეციალურად ამ დღის ცეკვა. ხალხს წრე აქვს შეკრული და ნეფე-დედოფალთან ერთად ცეკვავს. ვისურვებდი, რომ კიდევ და კიდევ ბევრი ქორწილი ყოფილიყოს ჩვენს სოფლებში და მთლიანად საქართველოში" - ამბობს ჯახანგირავ ველიოღლი.
როდესაც სიძეს პატარძალი ოჯახში პირველად მიჰყავს, ბიჭის დედა მათ კარში დეფშს უდებს გასატეხად. გადმოცემის თანახმად, რიტუალი ნავსის გასატეხად და მოსაცილებლად სრულდება, რათა დამტვრეულმა ნივთმა თან წაიღოს თუკი ოჯახაში რაიმე უარყოფითია.
"სპექტრი"