საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მზად არის, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილთან დებატებში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
"საქართველოში საბიუჯეტო კრისიზი არ არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტთან, ქვეყანის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებთან და მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით, მზად ვარ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანთან დებატებში მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო შემოსავლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 15 იანვრის მდგომარეობით, ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებული თანხა შეადგენს 219.8 მლნ ლარს.
"რაც 119.1 მლნ ლარით აჭარბებს გასული წლის მონაცემებს, როდესაც ანალოგიურ პერიოდში მობილიზებული იყო 100.7 მლნ ლარი. მიმდინარე წლის 15 იანვარს მობილიზებულია 102.8 მლნ ლარი, 2012 წლის 15 იანვარს - 18.2 მლნ ლარი",- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვანო მერაბიშვილი ნოდარ ხადურთან ქვეყნის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე ტელედებატების გამართვის მზადყოფნას გამოთქვამს.
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის განცხადებით, ის სიამოვნებით მიიღებს ფინანსთა მინისტრთან ტელედებატებში მონაწილეობას საბიუჯეტო კრიზისის საკითხებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მან დღეს ისაუბრა. ამასთან ყოფილი პრემიერის განცხადებით, მზად არის სხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებითაც იდებატოს.
ვანო მერაბიშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო. მისი თქმით, საბიუჯეტო კრიზისი საქართველოს ბიუჯეტში რეალური შემოსავლების კლებით არის გამოწვეული.
მერაბიშვილის ინფორმაციით, საქართველოში შემცირებულია ეკონომიკური აქტიურობა, რაც გამოიხატება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის კლებაში, ასევე შემცირდა საქართველოში წარმოება და ვაჭრობა.
ამავე დროს, მისივე თქმით, საგანგაშოდ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ვალების ოდენობა და დღეს ქართულ ეკონომიკურ სუბიექტებს ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი ვალები დაუგროვდათ.