ქართული სამომხმარებლო კალათის შესახებ ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, თუმცა რადგან ახალ, 2013 წელს ახალი მთავრობით და ახალი იმედებით ვეგებებით, ალბათ, უპრიანი იქნება, კიდევ ერთხელ შევაფასოთ ეს მნიშვნელოვანი საკითხი. როგორც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი ამბობს, ჩვენი სამომხმარებლო კალათა მწირი და არარაციონალურია:
- სხვადასხვა ქვეყნის სამომხმარებლო კალათებს შორის განსხვავება ყოველთვის არსებობს და ეს განსხვავება უამრავი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მთავარი მაინც ეკონომიკური ფაქტორებია, ანუ ქვეყნის განვითარების დონე, მოსახლეობის შემოსავლები და ა.შ... ასევე მნიშვნელოვანია ისტორიული და ყოფითი ფაქტორები, ტრადიციები.
- ალბათ, ამით უნდა აიხსნას, რომ ლათინურ ამერიკაში ბანანის მოხმარების წონაა დიდი, ხოლო თურქეთის მოქალაქის სამომხმარებლო კალათაში მექის მოლოცვაც შედის.
- მართალი ბრძანდებით. მოგეხსენებათ, რომ სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა ადამიანის არსებობისათვის აუცილებელ პროდუქტებსა და მომსახურებაზე გაწეული დანახაჯებით განისაზღვრება. თუ ერთმანეთს შევადარებთ საქართველოსა და აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლის სამომხმარებლო კალათებს, დავინახავთ, რომ მათ შორის დიდი განსხვავებაა. ყველაზე დიდი განსხვავება კი სურსათზე გაწეული დანახარჯების ხვედრით წილშია. კერძოდ, საქართველოს მოქალაქის სამომხმარებლო კალათაში სურსათსა და ალკოჰოლურ სასმელებზე მოდის სამომხმარებლო კალათის 30,3 პროცენტი, ანუ ერთი მესამედი მაშინ, როცა აშშ-ში კვებაზე მოდის საერთო დანახარჯების 15 პროცენტი, ანუ დაახლოებით ორჯერ ნაკლები. შეიმჩნევა ასეთი ტენდენცია: რაც უფრო მაღალგანვითარებულია ქვეყანა, მით ნაკლებია მის სამომხმარებლო კალათაში სურსათის ხვედრითი წილი, მაშინ, როცა დაბალგანვითარებულ ქვეყნებში დანახარჯების ძირითადი წილი სწორედ კვებაზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თავისი შემოსავლის ძირითად ნაწილს ხარჯავს კვების პროდუქტების შეძენაზე. ინტელექტუალური და კულტურული განვითარებისათვის კი თანხა თითქმის აღარ რჩება. ეს არის ძირითადი განსხვავება მაღალგანვითარებული და ჩამორჩენილი ქვეყნების სამომხმარებლო კალათებს შორის.
- ესე იგი, საქართველოს რიგითი მოქალაქე თავისი შემოსავლის ძირითად ნაწილს ხარჯავს კვებაზე და ძალიან ცოტა თანხა რჩება სულიერი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?
- სამწუხაროდ, ასეა. საქართველოს მოქალაქის შემოსავალი მისი ფიზიკური გადარჩენისათვის არის განკუთვნილი - ის შრომობს იმისთვის, რომ იარსებოს. თანაც, წლების განმავლობაში სამომხმარებლო კალათაც ისევე იყო შეკვეცილი, როგორც საარსებო მინიმუმი. სამომხმარებლო კალათა ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან კარგად ასახავს საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას და სწორედ ამ მაჩვენებლის მიხედვით იანგარიშება საარსებო მინიმუმი, სიღარიბის ზღვარი, ინფლაციის დონე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი და ა.შ… ამიტომ ჩვენ, ეკონომისტები, ძალიან დიდ როლს ვანიჭებთ სამომხმარებლო კალათის წონას, მის სტრუქტურას.
- ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის წილიც, რადგან ადამიანი მათ გარეშე ისევე ვერ იარსებებს, როგორც საკვების გარეშე.
- დიახ, ჩვენს სამომხმარებლო კალათაში დიდი ხვედრითი წილი უჭირავს ისეთ დანახარჯებს, როგორიც არის წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და ამ ტიპის დანახარჯები, რომლებიც მთელი დანახარჯების 13,9 პროცენტს შეადგენს. ეს მაშინ, როცა აშშ-ის მოქალაქის სამომხმარებლო კალათაში ასეთ დანახარჯებს 3 პროცენტი უკავია, ანუ საქართველოში 4,5-ჯერ მეტი თანხა იხარჯება კომუნალურ გადასახადებზე. აქედან გამომდინარე, ძალიან აქტუალურია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების შემცირებაც. კარგია, რომ ეს ტარიფები გარკვეულწილად შემცირდა, რადგან მომხმარებელს საშუალება მიეცემა გამოათავისუფლოს თანხა და სხვა რამისათვის დახარჯოს, თუნდაც კულტურულ და ინტელექტუალურ მოთხოვნებზე. მისასალმებელია, რომ გადასახდების შემცირებას ახალი ხელისუფლება მომავალშიც აპირებს. სხვათა შორის, აშშ-ის მოქალაქეების სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი ე.წ. საბინაო ხარჯებზე მოდის, რიგითი ამერიკელი ბინის ქირაზე თავისი შემოსავლის 33 პროცენტს ხარჯავს, რადგან იქ ბინის დაქირავება საკმაოდ ძვირია.
- ბატონო ელგუჯა, რა უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენი სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა სასიკეთოდ შეიცვალოს?
- უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შემოსავლები უნდა გაიზარდოს, მაგრამ სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილის შემცირება შესაძლებელია ტარიფების შემცირების გზითაც. უნდა გაუქმდეს ის მახინჯი წესი, რომელიც კომუნალური გადასახადების ერთმანეთზე მიბმას ითვალისწინებს და რომლის ანალოგიც, ალბათ, მსოფლიოში არ არსებობს... მსგავსი ღონისძიებები არის გარანტი იმისა, რომ ქართული სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში აღარ დაიჩაგრება ადამიანის სულიერი მხარე, რაც ახლანდელი სამომხმარებლო კალათის არსებობის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. ცნობილი ჭეშმარიტებაა: ღარიბი ქვეყნის მოქალაქე დაჩაგრულია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ნაკლები შემოსავალი აქვს, არამედ იმითაც, რომ არა აქვს სულიერი, ინტელექტუალური და კულტურული განვითარების რეალური შესაძლებლობა.
- თუმცა ეს, ალბათ, განათლებას ნაკლებად ეხება - ქართველი კაცი ყველაფერს მოიკლებს, რომ შვილს განათლება მისცეს.
- ეს ჩვენი ეროვნული ტრადიციაა - ქართველი კაცი ნაკლებს დახარჯავს საკვებში და გამოთავისუფლებული თანხით თავის შვილს განათლებას მისცემს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტიპური ქართული მოვლენაა, რომელსაც ეკონომიკურ კანონზომიერებასთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უსახსრობის გამო ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა რჩება უსწავლელი. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი სამომხმარებლო კალათა ძალზე მწირია. როდესაც კვებაზე გაწეული ხარჯები მთელი სამომხმარებლო კალათის მესამედზე მეტს შეადგენს, ამას დადებით მოვლენად ვერ მივიჩნევთ. საქმე ის არის, რომ ჩვენი სამომხმარებლო კალათის ყველა თავისებურება ქვეყანაში არსებული ვითარების ანარეკლია.
"საქსტატის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, თენგიზ ცეკვავამ გვითხრა, რომ უკვე მუშაობენ ახალი სამომხმარებლო კალათის შედგენაზე, რომელიც ახლო მომავალში გამოქვეყნდება. ჯერჯერობით კი 2012 წლის სამომხმარებლო კალათის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც 288 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას შეიცავს. ფასების დასადგენად საქართველოს ხუთი ქალაქის - თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის მონაცემები გამოიყენეს. სამომხმარებლო კალათა თავის მხრივ დაყოფილია ჯგუფებად, რომელთაც სხვადასხვა წონა აქვთ. ცალკეული სასაქონლო კატეგორიების ხვედრითი წილი ამ კალათაში ასეთია:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 30,3%
ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო - 5,5 %
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 2,7%
საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და სხვ. - 8,2%
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა-შეკეთება - 5,1 %
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 5,0 %
ჯანმრთელობის დაცვა - 7,5 %
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 4,4 %
განათლება - 6,1 %
დასვენება, გართობა, კულტურა - 6,8 %
კავშირგაბმულობა - 5,6%
ტრანსპორტი - 12,8 %
ესაუბრა ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)