ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
მისივე თქმით, ისრაელი არ არის "დამწყები ქვეყანა და მას არ მართავენ დამწყები პოლიტიკოსები", რომ პოზიციები მარტივად შეიცვალონ.
"ჩვენ პოზიციებს მარტივად არ ვიცვლით. ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს ტერიტორიებად მოიაზრება. ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.
აღნიშნული განცხადება ისრაელის ელჩმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, შეიცვლება თუ არა ისრაელის პოზიცია საქართველოს რეგიონებთან მიმართებაში თბილისის მიერ პალესტინის სტატუსის მხარდაჭერის გათვალისწინებით.