ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ზემო ალვანში, სტალინის ძეგლი დააბრუნეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ზემო ალვანის რწმუნებულმა დავით ქააძემ განუცხადა, ძეგლი ჯერ შეფუთულია და მისი გახსნა რამდენიმე დღეში იგეგმება.
"გუშინ, დილით დავინახე, რომ სტალინის ძეგლი აღდგენილი იყო, მაგრამ ჯერ შეფუთულია. ვისი ინიციტივა იყო, ვინ აღადგინა, არაფერი ვიცი. მე ძეგლის აღდგენის მომხრე ვიყავი. ასეა თუ ისეა, ისტორიაა. მის დემონტაჟს მხარს არ ვუჭერდი. ეს იყო დავალება. ვისი დავალება იყო, არ ვიცი. ღამე მოვიდა მანქანა და ძეგლი მოხსნეს. მე უბრალოდ ვესწრებოდი ამ პროცესს, რომ ძალიან არ დაზიანებულიყო. ძეგლი ამ დრომდე ერთ–ერთ ინდმეწარმესთან ინახებოდა," - აცხადებს დავით ქააძე.
ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაქარია ქინქლაძის თქმით, სტალინის ძეგლის აღდგენის თაობაზე საკრებულო საქმის კურსში არ არის, თუმცა ამ ფაქტს მიესალმება.
"არ ვიცი, მართლა თუ აღადგინეს ძეგლი, მაგრამ თუ ასეა, მევესალმები. ეს ძეგლი იდგა იმ ადგილას, სადაც არის შინმოუსვლელთა მემორიალი, ეს იყო მეორე მსოფლიო ომის სიმბოლო. საქართველოში შინმოუსვლელთა პირველი სტენდი და "ობელისკი" ზემო ალვანში გაკეთდა. მას ისტორიული დატვირთვა ჰქონდა, თორემ მე სტალინიზმის მომხრე არ ვარ. ძეგლის აღდგენის მომხრე ვიყავი არა იმიტომ, რომ ეს არის კოლექტივიზაციასთან და საბჭოთა წყობასთან დაკავშირებული, არამედ იმიტომ, რომ ომთან დაკავშირებულია",- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზაქარია ქინქლაძემ.
ზემო ალვანში სტალინის ძეგლი 2011 წლის 16 ივნისს, ღამით აიღეს.
სრული ვერსია