ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში გამართული აქციის მონაწილეები ლანჩხუთის პოლიციაში დაიბარეს.
"ორი დღის განმავლობაში, ათი ადამიანი დაგვიბარეს პოლიციაში და დაგვკითხეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მუსლიმებმა პოლიციაში შეიტანეს წერილი, რომ, ვითომ, ჩვენ მათ უფლებებს ვარღვევდით და შეურაცხყოფას ვაყენებდით. ყველგან ვნახე ჩვენს სოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული კადრები, სადაც გურულები 21-ე საუკუნის ვამპირებად გამოგვიყვანეს. როგორც ეს მოვლენები გაშუქდა, ასე არაა საქმე... ჩვენ არ გვინდა სოფელში მეჩეთი აშენდეს და ამას ვითხოვთ", - ამბობს სოფელ ნიგვზიანის ერთ-ერთი მცხოვრები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგვზიანში დაძაბული ვითარება რელიგიურ ნიადაგზე შეიქმნა - ადგილობრივი მართლმადიდებელი მცხოვრებლები სოფელში მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებენ, ხოლო ადგილობრივი მუსლიმანი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, რადგან ლოცვის შესაძლებლობა ეზღუდება.