ლალი მოროშკინა ბოლო დროს ციხეებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. მისი თქმით, საპატიმროებში პატიმართა მხრიდან ციხის ადმინისტრაციის მიმართ ანგარიშსწორება გახშირდა. ლალი მოროშკინას ინფორმაციით, პატიმრები ერთმანეთის მიმართაც ძალადობენ.
"დღეს ნამდვილად არ ხდება არც ცემის და, მით უფრო, არც წამების ფაქტები, მაგრამ საქმე გვაქვს მეორე უკიდურესობასთან - რამდენიმე პატიმარმა თავს უფლება მისცა და თავში წამოარტყა ბადრაგს, უხეშად მოიქცა, თავად პატიმართა შორისაც ხდება ანგარიშწორებისა და ჩხუბის ფაქტები. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია. მინდა ყველას მოვუწოდო, თავიანთ პატიმრებს აუხსნან, ასეთი ქცევა დაუშვებელია", - აცხადებს ლალი მოროშკინა.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტები სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულებაში ხდება.
"მსგავსი ფაქტები პრაქტიკულად ყველა კოლონიაში და ციხეში ხდება. უბრალოდ, ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობენ... ჩვენ გვქონდა პრეტენზია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩადიოდნენ დანაშაულს, მაგრამ იგივეს არ უნდა აკეთებდნენ პატიმრები", - აღნიშნა მოროშკინამ.