"თელასის" კომერციული დირექტორი ზურაბ არსოშვილი კომპანიის ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს სპეკულაციას უწოდებს.
როგორც არსოშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "თელასიდან" უკანონოდ არავინ გათავისუფლებულა და პრეტენზიას ის პირები აცხადებენ, ვინც "პატიოსნად მუშაობა არ ისურვა".
"ჩვენი მოსვლის შემდეგ ყველა თანამშრომელს, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებსაც, შევთავაზეთ, უარი ეთქვათ კორუფციულ გარიგებებზე და მოეყვანათ წესრიგში თავიანთი ქსელი და არასანქცირებული მიერთებები. ბევრმა თანამშრომელმა მიიღო ჩვენი შეთავაზება და ფეხი აუწყო ახალ მიდგომებსა და მოთხოვნებს, თუმცა მცირე ნაწილმა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, პატიოსნად მუშაობა არ ისურვა. თუ ადრე ვინმე აბონენტს ფულს ართმევდა, მასზე ჯარიმას ვეღარ გამოწერდა. აქედან გამომდინარე, მათმა ნაწილმა საკუთარი სურვილით და განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. მეორე მცირე ნაწილი კი, ვისი შედეგებიც არადამაკმაყოფილებელი იყო, ჩვენც გავუშვით სამსახურიდან", - განაცხადა არსოშვილმა.
მისივე განმარტებით, არადამაკმაყოფილებელი შედეგების მქონე თანამშრომლები პერიოდულად სამსახურიდან თავისუფლდებიან და ამის უფლება მას, როგორც კომერციულ დირექტორს, აქვს.
"რაც შეეხება პოლიტიკურ შეხედულებებზე აქცენტის გაკეთებას, ეს არის სპეკულაცია, რადგან "თელასში" დღესაც მუშაობენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები და ხვალაც აუცილებლად იმუშავებენ. ნინო ტივაძე, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობს, მთელს კოლექტივს თავს აცნობდა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და დღეს, როგორც ჩანს, ეს მოდაში აღარ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, ესეც აბსურდია, რადგან მისი და, თამარი დღესაც მუშაობს "თელასში" საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე", - აღნიშნა ზურაბ არსოშვილმა.
ამავდროულად, "თელასის" კომერციულმა დირექტორმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების პროტესტს მთაწმინდა-კრწანისის ბიზნესცენტრის მოქმედი თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
კომპანია "თელასის" გათავისუფლებული თანამშრომლები რამდენიმე დღეა, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით აქციებს მართავენ. მათი განმარტებით, კომერციული დირექტორის თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილის დანიშვნის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში 125 თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.