ყოფილი სახალხო დამცველი, ამჟამად კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხელისუფლება ახალი პროვოკაციების მოსაწყობად ემზადება. მასთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ.
- ბატონო სოზარ, იქნებ, უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ, რა იგულისხმება ამ მზადებაში?
- დღეს დილით დავბრუნდი შვეიცარიიდან, სადაც ჩავედი ვახტანგ კომახიძის თხოვნით. მან მითხრა, რომ ჰქონდა სანდო წყაროს მიერ მიწოდებული ძალიან სერიოზული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ხელისუფლებამ თბილისის სხვადასხვა უბანში (ძირითადად ცენტრალურ უბნებში) შეიძინა 20 ბინა, სადაც შეიტანეს დიდი რაოდენობით იარაღი. ამ პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბაჩო ახალაია და მასში მონაწილეობდნენ დათა ახალაია და საზოგადოებისთვის ცნობილი კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა კრიმინალურ დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილნი. არსებობს ამისი უტყუარი მტკიცებულებები, როგორც აუდიო, ისე ვიდეოჩანაწერების სახით. ამ ქმედებების ზუსტი მიზანი არ ვიცით, ინფორმაციის მომწოდებელს მიზანზე არ ულაპარაკია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ეს. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იარაღის დასაწყობება არაეულობის მოსაწყობად სჭირდებოდეთ, ამას ყოველგვარი დამატებითი საწყობების გარეშეც მოახერხებდნენ. უფრო სავარაუდოა, რომ ამით არჩევნების წინ კიდევ ერთი სპექტაკლის დადგმას გეგმავენ, სპექტაკლისა რაღაც დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელიც გარედან იმართება, არეულობას გეგმავს და არჩევნების ჩაშლას აპირებს. ამას გვაფიქრებინებს მაგათი გაძლიერებული მუშაობა უცხოელებთან და იმის მტკიცება, რომ ჩვენ თითქოს არჩევნების შედეგების ცნობას არ ვაპირებთ და რომ არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის ვემზადებით. ისე იმუშავეს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე ძალიან ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს გააკეთებინეს ამ თემაზე განცხადებები. სინამდვილეში ჩვენ ღიად და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ერთადერთი მეთოდი ამ ხელისუფლების შესაცვლელად არჩევნებია. ოღონდ ეს უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი არჩევნები, ამიტომ გვინდა, რომ იყოს ძალიან ბევრი დამკვირვებელი, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს გაყალბების საშუალება.
- აუდიო და ვიდოჩანაწერები ახსენეთ, პირადად თქვენ ნახეთ ეს მასალა?
- არა. არც მე და არც ვახო კომახიძეს ეს მასალა არ გვაქვს, მაგრამ ინფორმაციის წყარო ამბობს, რომ ფლობს ამ მასალას და საჭიროების შემთხვევაში გამოაჩენს.
- ბატონო სოზარ, კადრებმა, სადაც პატიმრებს საოცარი სისატიკით აწამებენ, შეძრა ქართველი საზოგადოება, საპროტესტო აქციები არ წყდება. არსებობს ეჭვი, რომ ეს ხელისუფლებამ შეიძლება არჩევნების გადასადებად გამოიყენოს, უშვებთ ვარაუდს, რომ ამ კადრების გამოქვეყნება შეიძლება ხელისუფლების ინტერესშიც ყოფილიყო?
- ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ხელისუფლებას არ უნდოდა და არც აწყობდა ამ კადრების გავრცელება. ამის შემდეგ პრაქტიკულად განადგურდა ხელსუფლების ისედაც საკმაოდ დაბალი რეიტინგი, თანაც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. დღეს ჩვენ მოწმენი ვართ ხელისუფლების რღვევის პროცესის, სწორედ ამის შედეგია, ეს ინფორმაციები გარეთ რომ გამოდის. ამ რღვევის მაგალითია ვახო კომახიძისთვის მიწოდებული ინფორმაციაც. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს სადამსჯელო პოლიტიკა იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ და ახორციელებდა ბაჩო ახალაია. თუ ასეთი რამ ხდებოდა და მათ ეს არ იცოდნენ, აქამდე უკვე უნდა გადამდგარიყვნენ. სახალხო დამცეველობისას ერთ-ერთ მოხსენებაში ვწერდი ასეთ რამეს - ჩემმა ერთმა თანამშრომელმა ქუთაისი ციხის რიგით ზედამხედველს ჰკითხა, რაში გჭირდებათ, ასე მკაცრად რომ ექცევით პატიმრებსო? რაზეც ზედამხედველმა გამაოგნებელი რამ უპასუხა: - ადრე პატიმრები გვეძახდნენ, "ეი, "კლუჩნიკო", ახლა კიდევ "ბატონ ზედამხედველს" გვეძახიანო. იმისთვის, რომ ასე მიემართათ, თურმე ადამიანები უნდა ეწამებინათ და გაეუპატიურებინათ. რაც ვნახე, ეს მასშტაბები ჩემთვისაც კი სრულიად წარმოუდგენელი იყო. მომხდარში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია აწ უკვე ყოფილ სახალხო დამცველს.