მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი, სავარაუდო მტკიცებულება იმისა, რომ შორეულ სამყაროში შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს.
კემბრიჯის გუნდმა, რომელიც პლანეტა K2-18b-ის ატმოსფეროს სწავლობს, აღმოაჩინა ისეთი მოლეკულების ნიშნები, რომლებსაც დედამიწაზე მხოლოდ მარტივი ორგანიზმები წარმოქმნიან.
ეს მეორე და უფრო იმედისმომცემი შემთხვევაა, როდესაც პლანეტის ატმოსფეროში NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით (JWST) სიცოცხლესთან დაკავშირებული ქიმიური ნივთიერებები აღმოაჩინეს.
თუმცა, როგორც მკვლევართა გუნდი, ისე დამოუკიდებელი ასტრონომები ხაზგასმით აღნიშნავენ, ამ შედეგების დასადასტურებლად მეტი მონაცემია საჭირო.
წამყვანმა მკვლევარმა, პროფესორმა ნიკუ მადჰუსუდანმა კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში BBC-ის განუცხადა, რომ იმედი აქვს, მალე გადამწყვეტ მტკიცებულებას მოიპოვებს.
"ეს არის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ შესაძლოა, იქ სიცოცხლე არსებობდეს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ სიგნალის საბოლოო დადასტურება ერთიდან ორ წელში შეგვეძლება".
K2-18b დედამიწაზე 2.5-ჯერ დიდია და ჩვენგან შვიდასი ტრილიონი მილის (1,127 ტრილიონი კილომეტრის) დაშორებით მდებარეობს.
JWST იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია, პლანეტის ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობა იმ სინათლიდან გააანალიზოს, რომელიც იმ პატარა წითელი მზიდან გამოდის, რომელსაც ის უვლის გარს.
პროფესორმა მადჰუსუდანმა აღნიშნა, რომ გააკვირვა იმან, თუ რამდენი აირი აღმოაჩინეს დაკვირვების ერთი სესიის განმავლობაში.
"იმ აირების რაოდენობა, რომელიც ატმოსფეროში გავზომეთ, ათასჯერ მეტია, ვიდრე დედამიწაზე გვაქვს... ასე რომ, თუ მათი სიცოცხლესთან კავშირი რეალურია, მაშინ ამ პლანეტაზე სიცოცხლე იქნება", - ," - თქვა მან.
მისივე თქმით, თუ დადასტურდა, რომ k2-18b-ზე სიცოცხლე არსებობს, ეს, პრაქტიკულად, იმის დასტურადაც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ "სიცოცხლე გალაქტიკაში ძალიან გავრცელებულია".
სხვა კვლევითმა ჯგუფებმა K2-18b-დან მიღებული მონაცემების ალტერნატიული ახსნა წარმოადგინეს. მიმდინარეობს სამეცნიერო დებატები არა მხოლოდ იმაზე, არის თუ არა იქ სასიცოცხლო აირები, არამედ პლანეტის შემადგენლობაზეც.
მიზეზი, რის გამოც ბევრი მკვლევარი ვარაუდობს, რომ პლანეტას უზარმაზარი თხევადი ოკეანე აქვს, K2-18b-ის ატმოსფეროში ამიაკის აირის არ არსებობაა. მათი თეორიის თანახმად, ამიაკს უზარმაზარი წყლის მასა შთანთქავს. მაგრამ, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორ ოლივერ შორტლის თქმით, ეს ასევე შეიძლება აიხსნას გამდნარი ქანების ოკეანით, რაც სიცოცხლეს გამორიცხავს.
NASA-ს კვლევითი ცენტრის, Ames-ის დოქტორ ნიკოლას ვოგანს მონაცემების კიდევ ერთი ინტერპრეტაცია აქვს. მან გამოაქვეყნა კვლევა და ამბობს, რომ K2-18b გაზის გიგანტია, რომელსაც ზედაპირი არ აქვს.
ეს ალტერნატიული ინტერპრეტაციები გააკრიტიკეს სხვა ჯგუფებმა იმის საფუძველზე, რომ ისინი JWST-დან მიღებულ მონაცემებთან შეუსაბამოა.
პროფესორი მადჰუსუდანი აღიარებს, რომ ბევრი სამეცნიერო ამოცანაა გადასაჭრელი, ვიდრე მეცნიერებაში ერთ-ერთ უდიდეს კითხვას უპასუხებენ.... მაგრამ მას სჯერა, რომ ის და მისი გუნდი სწორ გზაზე დგანან.
"ათწლეულების შემდეგ, შესაძლოა, უკან მოვიხედოთ და ვაღიაროთ, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც დედამიწის მიღმა ცოცხალი სამყარო ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა. ეს შეიძლება იყოს გარდატეხის წერტილი, როდესაც ფუნდამენტურ კითხვაზე, მარტონი ვართ თუ არა სამყაროში, პასუხის გაცემა შეგვიძლია", - აღნიშნა მან.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-შია გამოქვეყნებული.