აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM) უარს ამბობს "რადიო თავისუფლებისთვის“ გრანტის შეწყვეტაზე. ამ გადაწყვეტილების შესახებ სააგენტოს უფროსმა მრჩეველმა, კერი ლეიკმა, მხარეებს მას შემდეგ აცნობა წერილობით, რაც "რადიო თავისუფლებამ“ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
რის შემდეგაც აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, დაეხურა "რადიო თავისუფლება".
"USAGM-ის ხელმძღვანელობას არ შეუძლია ერთი წინადადებით, მინიმალური დასაბუთებით აიძულოს "რადიო თავისუფლება" მუშაობა შეწყვიტოს, მაშინაც კი, თუ პრეზიდენტმა უბრძანებს მათ ეს გააკეთონ", - დაწერა აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლე როის ლამბერტმა. .
ლეიკმა ასევე აცნობა სასამართლოს, რომ მან გააუქმა გრანტის შეწყვეტის შესახებ თავისი წინა გადაწყვეტილება, რათა ამ გზით დასრულებულიყო სამართლებრივი დაპირისპირება მაუწყებელთან.
რომ მან გააუქმა თავისი წინა გადაწყვეტილება გრანტის შეწყვეტის შესახებ, რათა ამით სამართლებრივი დავა მოესპო.
ამავდროულად, კერი ლეიკმა წერილში განმარტა, რომ სააგენტო იტოვებს უფლებას, მომავალში გააუქმოს გრანტი.
გრანტის დარჩენილი ნაწილი გათვლილია 2025 წლის 30 სექტემბრამდე.
USAGM-ის ოფიციალური ანგარიშის თანახმად, 2025 წლისთვის "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ დასაფინანსებლად 153 მილიონი დოლარია გამოყოფილი.
RFE/RL-ის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაუწყებელი ამჟამად ელოდება ოფიციალურ დადასტურებას გრანტის დაფინანსების განახლების შესახებ.
"ახლა "რადიო თავისუფლება" არ უნდა გაჩუმდეს. მილიონობით ადამიანი გვენდობა, როგორც ინფორმაციის წყაროს იმ ადგილებში მომხდარი მოვლენების შესახებ, სადაც ცენზურაა. ჩვენ არ უნდა დავთმოთ პოზიცია ჩვენს მოწინააღმდეგეებთან იმ დროს, როდესაც საფრთხეები ამერიკისთვის იზრდება", - განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ კაპუსმა.
აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM) ზედამხედველობს ხუთ მსხვილ ამერიკულ მედიასაშუალებას, რომლებიც 49 ენაზე მაუწყებლობენ, მათ შორის არიან:
"რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“,"ამერიკის ხმა“,"რადიო თავისუფალი აზია“ (RFA), კუბის მაუწყებლობის ოფისი.
ეს მედია საშუალებები აშშ-ის დიპლომატიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევა, ხოლო მათი შემცირების გადაწყვეტილებას ბევრი დემოკრატიის ღალატს უწოდებდა.
მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ბრძანა, მნიშვნელოვნად შემცირებულიყო გლობალური მედიის სააგენტოს შტატი "სახელმწიფო ბიუროკრატიასთან" ბრძოლის ფარგლებში.
სტივენ კაპუსმა გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) შემცირებას "ამერიკის მტრებისთვის უზარმაზარი საჩუქარი" უწოდა.
აშშ-მა "რადიო თავისუფლება" 1953 წელს, ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირთან საინფორმაციო ბრძოლისთვის დააარსა.
სსრკ-ში "რადიო თავისუფლების" გადაცემები იბლოკებოდა, ისევე როგორც სხვა დასავლური რადიოსადგურები.
"ამერიკის ხმამ" ამჟამად, ფაქტობრივად, შეწყვიტა მაუწყებლობა. მისი თანამშრომლების უმეტესობა ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.
"ამერიკის ხმის" უკრაინული სამსახურის ყოფილმა ჟურნალისტმა ოსტაპ იარიშმა ადრე განაცხადა, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს, რომლებიც სამუშაო ვიზების წყალობით იმყოფებოდნენ და მუშაობდნენ აშშ-ში, 30 დღე მიეცათ ქვეყნის დასატოვებლად.
"ამერიკის ხმის" თანამშრომლებმა ასევე სასამართლოში შეიტანეს სარჩელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. მათ განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა არღვევს სიტყვის თავისუფლების უფლებას.
ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ სარჩელში ექვსი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები არღვევს კონსტიტუციის პირველ შესწორებას და კანონებს, რომლის მიხედვითაც კონგრესი აფინანსებდა "ამერიკის ხმას".