ქართული ლიტერატურისა და კულტურის გავრცელების მიზნით ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართულენოვანი ბიბლიოთეკების მოწყობა გრძელდება. პროექტის მიზანია განათლების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ქართული წიგნიერების გავრცელება და პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ქართული დიასპორაა წარმოდგენილი.
ქართულენოვან წიგნებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რომლებიც უცხოეთში იზრდებიან და იღებენ განათლებას.
პროექტი „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და „საქართველოს ბანკის“ ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. შესაბამის მემორანდუმს ხელი უკვე მოეწერა და მალე ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება – მადრიდში, ალექსანდრიაში, ბორდოში, ნიცაში, ლონდონში, ფილადელფიაში, სეულსა და ტოკიოში.
2024 წლის იანვარში „ბიბლუსმა“ და გიორგი კეკელიძემ ერთობლივად დააფუძნეს „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას და საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას ემსახურება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს 50-მდე სოფელში გაიხსნა და წიგნებით მომარაგდა ბიბლიოთეკები, ასევე, 10-მდე ქვეყანაში მოეწყო ქართული სამკითხველო, რომელთა შორისაა: იტალია, პოლონეთი, თურქეთი, ერევანი, გერმანია, ნიდერლანდები და ა.შ. „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსების მთავარი ინიციატორი „ბიბლუსის“ დირექტორი ირაკლი გაგნიძე იყო.
„საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკებისა და წიგნის კუთხეების მოწყობა, არის უმნიშვნელოვანესი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც „ბიბლუსის“ და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“ ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში, ასევე ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლების და სამრევლოების სივრცეებში ქართული წიგნი დაიდებს ბინას. ეს პროცესი, ერთი მხრივ, ქართული კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მეორე მხრივ – ქართველი ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, აუცილებელი ღონისძიებაა, საკუთარ ენასთან და ქვეყანასთან კავშირის განსამტკიცებლად.
„საქართველოს ბანკი“, როგორც ამ პროექტის გენერალური მხარდამჭერი, განაპირობებს პროექტის სტაბილურობას და უფრო მეტად განვითარების პერსპექტივას. კერძო ბიზნესების მხრიდან თანამშრომლობის ეს ნაბიჯი არის ამოცანების და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის სწორად გააზრების კარგი მაგალითი“, – განაცხადა „ბიბლუსის“ შემოქმედებითმა დირექტორმა გიორგი კეკელიძე.
თავის მხრივ, „საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მხარდამჭერი ორგანიზაცია, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.
„მოხარული ვართ, რომ, ამჯერად, შესაძლებლობა გვაქვს, წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან და „ბიბლუსთან“ ერთად, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ბიბლიოთეკების მოწყობაში. პროექტის მიზანია, დავეხმაროთ ემიგრანტებს, მათ შორის ახალ თაობას, განათლების მიღებასა და საქართველოსთან კავშირების შენარჩუნებაში, რაც თანხვედრაშია საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთ მთავარ ღირებულებასთან - ხელი შევუწყოთ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, პირველი ბიბლიოთეკა ესპანეთში მოეწყობა, მომავალში კი ეტაპობრივად სხვა ქვეყნებსაც მოვიცავთ“, – აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) გუნდის ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.
აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსი“ დაარსებიდან 17 წელია, ხელს უწყობს წიგნიერების გავრცელებას და ხარისხიანი ზოგადი განათლების უზრუნველყოფას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით კი კომპანია პროექტს კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მისცემს.
R