ჯრუჭის ოთხთავი, პარხლის ოთხთავი, გელათის ოთხთავი, ვანის ოთხთავი - ეს იმ უნიკალური მემკვიდრეობის უმცირესი ნაწილია, რომელსაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წლების განმავლობაში უვლის და ინახავს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 1958 წელს დაარსდა და მას შემდეგ აგროვებს უნიკალურ ხელნაწერებს. ეს არის ყველაზე დიდი საცავი საქართველოში, რომელიც არა მხოლოდ ქართულ, არამედ ათასობით უცხოურ დოკუმენტსაც ინახავს.
ინსტიტუტის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია ხელნაწერთა, ისტორიულ დოკუმენტთა და საარქივო მასალების უნიკალური კოლექციების დაცვა-შენახვა და მეცნიერული შესწავლა. სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება აქ არსებული ეროვნული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეს.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ არქივში დიდი ადგილი უკავია რელიგიურ ხელნაწერებს, მათ შორის, ოთხთავების უნიკალურ ხელნაწერებს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:
ჯრუჭის I ოთხთავი
ჯრუჭის I ოთხთავი X საუკუნის ქართული ხელნაწერია, რომელიც 936 წელს შატბერდის მონასტერში გადაწერა კალიგრაფმა გაბრიელმა. ეს გახლავთ ერთ-ერთი პირველი კლასიკურად ილუსტრირებული ხელნაწერი. შესრულებულია მთავრულით, შავი მელნით, ხოლო სათაურები და საზედაო ასოები - სინგურით ანუ წითელი ფერის საღებავით, რომლითაც ჩვეულებრივ ძველ ხელნაწერებში სათაურები და საზედაო ასოები იწერებოდა.
ჯრუჭის I ოთხთავი გახლავთ ამ ეპოქის ერთადერთი ხელნაწერი, რომელშიც მოხსენებულია თავად შემსრულებელი, თევდორე კამარათმწერელი. მან სახელი დაფარულად, სარკისებრ წააწერა საწყის გვერდს. ხელნაწერი შემკულია ჯვრებით, კამარებით, წინ კი გამოსახულია საწინაძღვრე ჯვარი. თაღოვან ჩარჩოში ჩასმულია ღვთისმშობელი ყრმითურთ, მახარებლებისა და კურნების სცენები.
სახარება შესრულებულია 26X21 სმ ეტრატზე. ხელნაწერი 297 გვერდს აერთიანებს. ის შესრულებულია შატბერდში. იმ დროის გემოვნებისა და მოთხოვნის შესაბამისად სადა, მოურთავი ტექსტია. მის სილამაზეს მხოლოდ მონოქრომული ასომთავრული განსაზღვრავს. გადაწერიდან 4 წლის შემდეგ, 940 წელს ხელნაწერი მინიატურებით მოუხატავთ.
ჯრუჭის ოთხთავი ტაო-კლარჯეთის მხატვრული სკოლის ნიმუშია. როგორც ჩანს, ამ მხარეში ადრეული პერიოდიდან არსებობდა ხელნაწერი წიგნისა და მათ შორის, ოთხთავის მხატვრული გაფორმების ტრადიციაც. მე-9-10 საუკუნეების ხელნაწერებში მინიატურები ტექსტის წინ, ცალკე რვეულში იყო თავმოყრილი. ჯრუჭის მხატვარი იმ დროისთვის ინოვაციურ, განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს, მასში მორთულობის განაწილება მინიატურათა შესაბამის ადგილზე ჩართვას გულისხმობს.
ჯრუჭის I I ოთხთავი
მე-12 საუკუნის სახარების ეს ხელნაწერი ახალი ჯრუჭის სახელწოდებითაა ცნობილი. როგორც მხატვრული სტილის თავისებურებებით, ასევე მინიატურების სიუხვით ქართულ ილუსტრირებულ ოთხთავთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია. ის აერთიანებს 334 მინიატურასა და წიგნის დეკორატიულ ელემენტს. კომპოზიციები წარმოდგენილია ორ ან სამ იარუსად. ხშირად დარღვეულია მინიატურების ჩარჩოთი შემოსაზღვრული სივრცე და ფიგურები ტექსტშია შეჭრილი.
საინტერესოა რომ წიგნის გადამწერიცა და მხატვარიც ერთი და იგივე ადამიანია. ეს გახლავთ მიქაელი. მის მინიატურებში მაცხოვრის იგავების ციკლია აქცენტირებული.
ჯრუჭის I I ოთხთავი შესრულებულია ეტრატზე და 278 გვერდს აერთიანებს. მისი ზომაა 24.5X18.6 სმ.
ვანის ოთხთავი
ვანის ოთხთავი მე-12-13 საუკუნეების ქართული ხელნაწერია. ის შესრულებულია ეტრატზე ორ სვეტად, ნუსხურით, სათაურები და საზედაო ასოები კი - ასომთავრულით. ხელნაწერი 274 ფურცლისგან შედგება. გადაწერილია იოანეს მიერ პრომაის ქართველთა მონასტერში, კონსტანტინოპოლში. ის პირადად თამარ მეფის დაკვეთითაა შესრულებული. ტექსტის რედაქცია ეკუთვნის გიორგი მთაწმინდელს.
ხელნაწერი მდიდრულადაა მოხატული, შემკულია კამარებით, მახარებელთა გამოსახულებებით, თავსამკაულებით და მინიატურებით ახალი აღთქმიდან. ვანის სახარების ხელნაწერი სხვადასხვა პერიოდში დაცული იყო შორათის მონასტერში (მესხეთში XIV-XV სს), ვანში (XVIII ს.), გელათში (XIX ს.) ამჟამად კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.
გელათის მონასტერი
გელათის ოთხთავი შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. ის ტექსტობრივი, კალიგრაფიული და მხატვრულ-დეკორატიული სისტემის თავისებურებების საფუძველზე XII საუკუნით თარიღდება. მაღალი ხარისხის, საგანგებოდ დამუშავებული ეტრატის 293 ფურცლის ზომაა 27X19.5 სმ. ტექსტი კალიგრაფიული ნუსხურით ერთ სვეტადაა გადაწერილი. წიგნი შემკულია ფურცლოვან ოქროზე შესრულებული 264 სიუჟეტური მინიატურით, 347 დეკორირებული საზედაო ასოთი და 11 თავსამკაულით. ოთხთავის თავდაპირველი ყდა დაკარგულია და მოგვიანებით, XIX საუკუნის 20-იან წლებში იგი თბილისში ხელახლა ჩასვეს ვერცხლის ჭედურ ყდაში. ყდის ზედა ფრთაზე გამოსახულია ჯვარცმა, მარიამ ღვთისმშობლის, იოანე მახარებლისა და ანგელოზთა თანხლებით. ჯვარზე იკითხება განმარტებითი წარწერა: „ი(ეს)ო ნ(აზარეველ)ო, მ(ეუფე)ო ჰ(ურიათ)ა. ქვედა ფრთაზე გამოსახულია აღდგომის კომპოზიცია, ხოლო ყუაზე მახარობლები. ყდა შემკულია თვლებით.
გელათის ოთხთავი ქართული მწერლობის კლასიკური ხელნაწერია, რომელიც შექმნილია მაკედონური პერიოდის ბიზანტიური წიგნის კანონთა დაცვით. როგორც შემკულობა და შესრულების ხარისხი მიგვანიშნებს, იგი საგანგებოდაა დაკვეთილი და გადაწერილი. გადაწერის თანადროული ანდერძი დაკარგულია, რის გამოც უცნობია როგორც წიგნის დამკვეთ-დამფინანსებელთა და გადამწერთა ვინაობა, ასევე სკრიპტორიუმი, რომელშიც შეიქმნა ეს უნიკალური წიგნი. „გელათის ოთხთავი“ ეწოდება იმის გამო, რომ მუზეუმში გადატანამდე გელათის მონასტერში იყო დაცული.
უნიკალური მემკვიდრეობის დაცვის პარალელურად, აღსანიშნავია ისიც, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ათეული წლებია დიდი გამოწვევების წინაშე დგას. უკანასკნელ პერიოდში მას განსაკუთრებულ დახმარებას უწევს „საზოგადოება ივერიისა“. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და „საზოგადოება ივერიისას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ცენტრში დაცული ქრისტიანულ სარწმუნოებასთან კავშირში არსებული ეროვნული საგანძურის ფუნდამენტური პროგრამის მზადებისა და განხორციელების პროცესის ფარგლებში მხარეთა თანამშრომლობა. „ივერიისა“ ხელნაწერთა ინსტიტუტს შემდეგი მიმართულებებით ეხმარება:
„საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით, დამზადდა და ხელნაწერთა ცენტრს საკონფერენციო და საგამოფენო სივრცისთვის საჩუქრად გადაეცა თანამედროვე სტანდარტის საგამოფენო სტენდები და ვიტრინები. თანამშრომლობის ფარგლებში ასევე გამოიცა ქართულ და ინგლისურენოვანი ალბომი ცენტრში დაცულ უნიკალურ ხელნაწერებზე.
ხელნაწერეთა ეროვნული ცენტრის დახმარება ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვან პროექტებს შორის, რომელსაც „საზოგადოება ივერიისა“ ახორციელებს. ამ მიზნით შემოწირულობის გაღება შესაძლებელია სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვით ან მითითებულ ნომერზე 0901777777 დარეკვით. ზარის ღირებულება 1 ლარია.
გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს:
R