“აშშ-ის მაღალი დონის დელეგაცია, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მეუღლე, უშა ვენსი უხელმძღვანელებს, მიმდინარე კვირას გრენლანდიას ეწვევა“, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედის თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მინისტრი, კრის რაითი.
“ვიზიტის მიზანია გრენლანდიის, მისი კულტურის, ისტორიისა და ხალხის გაცნობა და ძაღლების რბოლაზე დასწრება, რომელსაც შეერთებული შტატები სიამაყით აფინანსებს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბრაიან ჰიუზმა.
“რა ესაქმება ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს გრენლანდიაში? ერთადერთი მიზანი ჩვენზე ძალაუფლების დემონსტრირებაა. მისი ყოფნა გრენლანდიაში უდავოდ გააძლიერებს ამერიკის რწმენას ტრამპის მისიის მიმართ და ზეწოლა გაიზრდება“, - აღნიშნა პრემიერმა.
გამოცემა ასევე ციტირებს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, სადაც ის აშშ-ის მეორე ლედის და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ვიზიტებს "პროვოკაციას" უწოდებს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი აშშ-ის მხრიდან გრენლანდიის ანექსიას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება. აშშ გრენლანდიის სტრატეგიული მდებარეობითა და მდიდარი მინერალური რესურსებით არის დაინტერესებული.
იმის გათვალისწინებით, რომ გრენლანდია ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკამდე, უმოკლეს მარშრუტზე მდებარეობს - ლოკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ს ბალისტიკური რაკეტების გამაფრთხილებელი სისტემისთვის.
დანიის პრემიერ მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ “დანიას სურს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ეს უნდა იყოს თანამშრომლობა სუვერენიტეტის ძირითად წესებზე".
მისივე განცხადებით გრენლანდიასთან დაკავშირებული დიალოგი შეერთებულ შტატებთან დანიის მთავრობასთან და გრენლანდიის მომავალ მთავრობასთან ერთად გაიმართება.
იხილეთ ასევე: