უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნგრევა დაფიქსირდა ქალაქ დნიპროვსკის, პოდოლსკის, გოლოსევსკის, დესნიანსკისა და შევჩენკოვსკის რაიონებში.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძრები, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის გარდა, საოკუპაციო ძალები თავს დაესხნენ ბუჩას რაიონს, სადაც ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქს KAB-ის მინიმუმ 4 მართვადი ბომბით დაარტყეს, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.