სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ არ ითამაშებს. კაშიას დაბრუნების მიუხედავად, ტაქტიკური ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია, დაცვაში მომავალშიც ისე ვაპირებთ თამაშს, როგორც სომხეთში. ვფიქრობ, მოტივაციის პრობლემა არ იქნება.
მეკარის პოზიციის მართვა დანარჩენი გუნდისგან განსხვავდება. მამარდაშვილი ისევ ითამაშებს, ივნისში კი დავასვენებთ და გუგეშაშვილს დავეყრდნობით. ლაცაბიძის მონაცემების ნახვა უშუალოდ მინდოდა. ის თავმდაბალია, ბევრს ისმენს, ბევრს სწავლობს.
ხვალ ოფიციალური მატჩია და გამარჯვება გვსურს, ძალიან ბევრი ცვლილება არ იქნება. გუნდში იდეალური გარემოა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. გამოვყოფ ირაკლი აზაროვს, ვისაც ადრე ნაკრებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ასევე შესანიშნავი იყო საბა გოგლიჩიძე. იტალიაში ქართველმა ფეხბურთელებმა საკმაოდ დიდი კვალი დატოვეს და ეს გრძელდება."
პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ. მისი თქმით, მოუთმენლად ელოდება, როდის დაიწყება ხვალ თამაში. ამბობს, რომ განწყობა გუნდში კარგია.
"იმ ისტორიული მატჩის შემდეგ "დინამო არენაზე" პირველად ვითამაშებთ. აქ ბევრი დადებითი ემოცია გადაგვხდა და გვიხარია რომ ვბრუნდებით. ჩვენთვის ეს სტადიონი ბევრს ნიშნავს" - აღნიშნა კვარაცხელიამ.
მას შეკითხვა დაუსვეს გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებითაც:
"მე და მიქაუტაძე ერთმანეთს არ ვეჯიბრებით, მთავარია, ნაკრებისთვის ერთად ბევრი გავიტანოთ. ჟორჟს "ვეჩხუბე", რატომ გამასწარი გოლებში თქო… რეალურად, ჩვენ ძმებივით ვართ და ვცდილობთ, ჩვენი კარგი თამაშით საქართველოს ნაკრებს დავეხმაროთ".
ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრას საქართველოს ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ 23 მარტს, დინამო არენაზე გამართავს.
წაიკითხეთ ასევე: