დიდ ბრიტანეთში, საკუთარ სახლში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ოლეგ გორდიევსკი, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჯაშუშად მიიჩნევა.
გაერთიანებულ სამეფოში რეზიდენტად ჩასვლის შემდეგ, მან მალევე დაიწყო თანამშრომლობა ბრიტანულ MI6-თან, ფსევდონიმით OVATION.
ეს თანამშრომლობა 11 წელი გაგრძელდა მანამ, ვიდრე მოსკოვის ხელმძღვანელობას ეჭვი არ შეეპარა და 1985 წელს ის რუსეთში არ დააბრუნეს, მაგრამ იმავე წლის ზაფხულში ბრიტანელებმა მოახერხეს ფარული ოპერაციის განხორციელება და გორდიევსკის დაბრუნება ბრიტანეთში, სადაც ის განაგრძობდა დასავლური სადაზვერვო სააგენტოებისთვის კონსულტაციას.
2007 წელს, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაწეული სამსახურისთვის, დაჯილდოვდა წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენით - ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოთი გაერთიანებულ სამეფოში. სსრკ-ში დაუსწრებლად მიესაჯა სიკვდილი. თანამედროვე რუსეთში კი მოღალატედ გამოაცხადეს. ყოფილი კოლეგები გორდიევსკის „საზიზღარ პერსონაჟს“ და „ნიჭიერ ნაძირალას“ უწოდებენ.
Times-ის მიმომხილველი ბენ მაკინტაირი თავის წიგნში „ჯაშუში და მოღალატე“ გორდიევსკის ამბავს დეტალურად ჰყვება:
ბრიტანულ დაზვერვაში მუშაობის დროს, გორდიევსკი ხვდება ლეილა ალიევას.
ალიევა, ისევე როგორც გორდიევსკი, დაზვერვის აგენტების ოჯახში დაიბადა. თავიდან საგულდაგულოდ მალავდნენ რომანს და თვეში ერთხელ ხვდებოდნენ ერთმანეთს.
მათი ურთიერთობა ტყუილზე იყო აგებული: გორდიევსკი ლეილას უმალავდა, რომ ორმაგი აგენტი იყო.
1985 წლის 19 მაისში იგი ლონდონიდან მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ, კონსულტაციების და დანიშვნის შესახებ ბრძანების მაგივრად მის წინააღმდეგ დაიწყო არაოფიციალური გამოძიება. თავად გორდიევსკის მტკიცებით, 27 მაისს იგი წაიყვანეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ქალაქგარეთა სახლში, სადაც დაკითხეს "სიმართლის ვაქცინის" გამოყენებით.
მოსკოვში ჩასვლის შემდეგ გორდიევსკი და მისი მეუღლე გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდნენ: კგბ-ს არ ჰქონდა კონკრეტული მტკიცებულება ღირებული აგენტის ღალატის შესახებ და ამის გარეშე კომიტეტი მოქმედებას ვერ ბედავდა.
მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გორდიევსკიმ სმა დაიწყო. გააცნობიერა, რომ მისი, როგორც ორმაგი აგენტის მხილება მხოლოდ დროის საქმე იყო და გადაწყვიტა, გაქცეულიყო საბჭოთა კავშირიდან. ქვეყნიდან მისი არალეგალური გასვლის გეგმა ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებს წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული.
1985 წლის 19 ივლისს, წინასწარი სიგნალის მიღების შემდეგ, გორდიევსკი მოსკოვიდან ლენინგრადში ჩავიდა, შემდეგ კი მივიდა ფინეთის საზღვართან, სადაც დაემგზავრა ბრიტანელ დიპლომატებს, რომლებმაც იგი თავიანთი დიპლომატიური მანქანის საბარგულით წაიყვანეს.
გენერალ-მაიორი იური კობალაძე, რომელიც გორდიევსკისთან ერთად ლონდონის რეზიდენციაში მუშაობდა, აღიარებს, რომ ბრიტანულმა დაზვერვამ თავისი აგენტის გადარჩენის ოპერაცია უნაკლოდ ჩაატარა.
დაკარგულ პოლკოვნიკს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ. განიხილებოდა ვერსია, რომ ის თავის აგარაკზე ერთ-ერთ მეგობართან იყო წასული.
გორდიევსკიმ მოსკოვში დატოვა ცოლი, ლეილა და ორი ქალიშვილი. ბრიტანულმა დაზვერვამ საბჭოთა კავშირს თხოვნით მიმართა და ჯაშუშის ოჯახის ინგლისში გაგზავნა შესთავაზა, თუმცა სსრკ-მ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა.
ოლეგ გორდიევსკი ოჯახს მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეხვდა, მაგრამ მათ ერთობლივი ცხოვრება აღარ აეწყო. ლეილამ ყოფილი ქმრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო და ქონებისა და პენსიის ნაწილიც დაიმსახურა.