ოდესმე გიფიქრიათ, როგორი ჩვილი იქნებოდით? - შესაძლოა ხშირად, თუმცა როგორც წესი ამას ბევრი ვერ იხსენებს.
ახალი კვლევის თანახმად, რომლის შესახებაც CNN წერს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ გაქვთ მოგონებები ღრმა ბავშვობიდან. ეს იმის მანიშნებელია, რომ დიდ ასაკში მოგონებებზე წვდომა არ გაქვთ.
კვლევა ჟურნალში Science-ში გამოქვეყნდა. მასში მონაწილეობა 4.2-დან 24.9 თვემდე ასაკის 26 ჩვილმა მიიღო. ისინი ორ ასაკობრივ ჯგუფად: 12 თვეზე უმცროსად და 12-დან 24 თვემდე დაყვეს. ექსპერიმენტის მიხედვით, ჩვილები MRI -ის აპარატში მოათავსეს, რა დროსაც თითოეულს ორი წამის განმავლობაში უნიკალურ სურათებს აჩვენებდნენ.
ამით მკვლევრებს სურდათ ჰიპოკამპის აქტივობის ჩაწერა - ეს არის ტვინის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ემოციებთან, მეხსიერებასთან და ავტონომიურ ნერვულ სისტემასთან.
„ჰიპოკამპი არის ტვინის ღრმა სტრუქტურა, რომლის დანახვა შეუძლებელია სტანდარტული ტექნიკის გამოყენებით. ამიტომ ჩვილებში მეხსიერების ექსპერიმენტების ჩასატარებლად, MRI -ის აპარატში მოგვიწია ახალი მიდგომის შემუშავება. ადრე ასეთი კვლევები ძირითადად ტარდებოდა ჩვილების ძილის დროს, რადგან ისინი ბევრს მოძრაობენ, ვერ ასრულებენ მითითებებს და აქვთ მოკლეხნიანი ყურადღება“, - თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა და იელის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა ნიკ თურქ-ბრაუნმა.
აპარატში მყოფ ჩვილებს, გარკვეული დროის შემდეგ აჩვენეს ორი სურათი გვერდიგვერდ: ერთი ნაცნობი სურათი, რომელიც ადრე უნახავთ და ერთი ახალი. მკვლევრები თვალყურს ადევნებდნენ ბავშვების თვალის მოძრაობას და აღნიშნავდნენ, თუ რომელ სურათებზე აკეთებდნენ მათ ყველაზე დიდ ყურადღებას.
საბაზისო მონაცემების შეგროვების შემდეგ, ჯგუფმა გააანალიზა იმ ჩვილთა ტვინის მონაცემები, რომლებიც უფრო დიდხანს უყურებდნენ ნაცნობ სურათს. შემდეგ შეადარეს მათ, ვინც არ აკვირდებოდა ნაცნობ სურათს. შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვილთა ჰიპოკამპი უფრო აქტიური იყო შედარებით გაზრდილ ჩვილებში - ახალშობილებს ჰიპოკამის აქტივობის მცირე მაჩვენებელი ჰქონდათ.
გარდა ამისა, მხოლოდ მოზრდილი ჩვილები აჩვენებდნენ აქტივობას ორბიტოფრონტალურ ქერქში, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს მეხსიერებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებასა და ამოცნობაში.
მეცნიერების ვარაუდით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, თუ რა გავლენას ახდენს ჩვილობის პერიოდი შვილებზე - თუ ბავშვობაში ნეიტრალური განცდები გქონდათ, ზრდასრულობაში ბავშვობის დიდ ნაწილს ვერ გაიხსენებთ.
მძაფრი ემოციების შემთხვევაში კი პირიქით - ჰიპოკამპი ადვილად ახდენს აღდგენას.
იხილეთ ასევე: