მედია წერს ახლახან გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შესახებ, რომელშიც მათივე ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო ძალების პილოტი საუბრობს კალიფორნიაში ფრენის შესახებ, რა დროსაც, "ფეხბურთის ბურთის ზომის, ცილინდრის ფორმის, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაინახა".
პილოტის თქმით, ობიექტმა მისი თვითმფრინავის ფრთის ქვეშ გაიფრინა.
"ეს უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ახლახან რაღაცამ ჩემი ფრთის ქვეშ გაიფრინა. დაახლოებით ფეხბურთის ბურთის ზომის ობიექტი იყო, პირდაპირ ჩემი ფრთის ქვეშ", - ამბობს პილოტი ლოს ანჯელესის საჰაერო მოძრაობის კონტროლიორთან საუბრისას.
ის საიდუმლო სამხედრო ფრენაზე იმყოფებოდა.
საჰაერო მოძრაობის კონტროლიორმა ჰკითხა, ფიქრობდა თუ არა, რომ მფრინავი ობიექტი დრონი იყო, რაზეც პილოტმა, რომელიც 20,000 ფუტის სიმაღლეზე მიფრინავდა, უპასუხა, რომ ამაში დარწმუნებული არ იყო. ექსპერტებმა NewsNation-ს განუცხადეს, რომ ზოგიერთ სამხედრო დრონს ასეთ სიმაღლეებზეც შეუძლია ასვლა, თუმცა ასეთი ტიპის დრონები იშვიათია.
"სენსორის ოპერატორს ვთხოვე, კამერაზე მოძებნოს, ვნახოთ, თუ შევძლებთ მის პოვნას," - თქვა პილოტმა.
"ეს მუქი ნაცრისფერი, ცილინდრული ობიექტი დაახლოებით ფეხბურთის ბურთის ზომის იყო და ჩვენი მარჯვენა ფრთის ქვეშ დაახლოებით 10 ფუტის დაშორებით გაიფრინა," - განმარტავდა ის ჩანაწერში.
რამდენიმე წამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ რადარზე კვლავს დაინახა რაღაც, თუმცა გაურკვეველია, იყო თუ არა ეს იგივე ობიექტი, რომელმაც თვითმფრინავის ფრთის ქვეშ გაიფრინა.
შემთხვევის შესახებ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შეტყობინების ეროვნულ ცენტრს აცნობეს.
ეს შეხვედრა მსგავსია NASA-ს ყოფილი ასტრონავტის, ლეროი ჩიაოს მიერ გასულ ზაფხულს აღწერილი შემთხვევისა, როდესაც მან ორი ცილინდრული სფერო პირადი თვითმფრინავით ფრენისას, ტეხასში დაინახა.
ჩიაომ "ნიუ იორკ პოსტს" უთხრა, რომ ობიექტები განსხვავდებოდა ყველაფრისგან, რაც კოსმოსში სამჯერ ნამყოფ ასტრონავტს ოდესმე უნახავს.