“ამისთანა სისულელე არ გამიგია არც პრეზიდენტისგან, არც ადმინისტრაციის სხვა წევრისგან“, - ასე უპასუხა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.
“სანამ თქვენ შემობრძანდებოდით, მოვუსმინეთ 2004-2007 წლებში შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ ქარელს. მან თქვა, რომ სააკაშვილი მის კაბინეტშიც, როდესაც შეხვედრები იმართებოდა, ამბობდა, რომ ორ დიდ სახელმწიფოსთან არის შეთანხმებული ის, რომ ჩვენ ცხინვალი ძალისმიერი მეთოდით დავიბრუნოთ. მან სააკაშვილის ციტატა მოიყვანა, რომ “ამერიკელები მიხედავენ რუსებს“. ყველას მინდა შევახსენო, რომ ის იმავდროულად მთავარსარდალიც იყო. თქვენ დავითაიას კომისიის წინაშე ბრძანეთ, რომ მე ყველაფერში ვიყავი ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მინისტრის მოადგილე იყავით. მანამდეც იყავით მინისტრის მოადგილე და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ყველაფერში იყავით ჩართული პრეზიდენტის მიერ. თქვენთანაც ხომ არ აქვს ეს ნათქვამი და რას გულისხმობს ის, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსეთს? რომ მე ავიყვან ჩემს ჯარს და შევიყვან ცხინვალში?“, - აღნიშნა წულუკიანმა.
აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის “თავს იკავებს იმ სიტყვების გამოყენებისგან, რისი გამოყენებას სურს“.
“ამ კომისიას ვცემ პატივს, ამიტომ არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რა სიტყვებიც გამოყენებაც მინდა. ამისთანა სისულელე არ გამიგია არც პრეზიდენტისგან, არც ადმინისტრაციის სხვა წევრისგან“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
“შეხვედრები მქონდა დანიშნული საზღვარგარეთ და ვერ გავფრინდი - ისე დამემუქრა თქვენი სამდივნოს თანამშრომელი, გადავწყვიტე, პრობლემები არ შემექმნა“,- მიმართა “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, გამოკითხვაზე მყოფმა გრიგოლ ვაშაძემ.
“დღეს უნდა გავფრენილიყავი, მაგრამ ისე დამემუქრა თქვენი სამდივნოს თანამშრომელი, გადავწყვიტე, პრობლემები არ შემექმნა. თხოვნა მაქვს, 2 დღით ადრე გაფრთხილება, 1 კვირით მაინც გადაიტანოთ, რადგან ყველაფერი ხდება, ხომ იცით, ადამიანის ცხოვრებაში. შეხვედრები მქონდა დანიშნული საზღვარგარეთ და ვერ გავფრინდი“, - განაცხადა ვაშაძემ.
“2009 წელს გავაგზავნე მოთხოვნა და დასჭირდა 11 თვე ამის განხილვას და შეტყობინებას, რომ რუსეთის ფედერაცია თანხმდება, ჩემი ნებით დავტოვო მათი მოქალაქეობა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა განხილვის თემა ის უხერხულობა, რასაც ოკუპირებული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის მოქალაქის დანიშვნის ფაქტი შეიცავდა, ვაშაძემ დადებითად უპასუხა.
“ეს თემა განხილული იყო პრეზიდენტთან და შევთანხმდით, როგორც კი საჭირო მომენტი დადგებოდა, მოქალაქეობაზე უარს ვიტყოდი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ უამრავ ადამიანთან, ვინც რუსეთის ფედერაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო, ან ვსწავლობდი, ან ვმუშაობდი, შევხედავდით, შეიძლებოდა თუ არა ამ რესურსის გამოყენება. ვიცოდით, რომ ომის შემდეგ, ადრე თუ გვიან რაღაც კონტაქტები დაგვჭირდებოდა. ეს ხელს არ უშლიდა ნამდვილად, თუ ხელს არ უწყობდა. თუმცა, როდესაც დავრწმუნდით, 2009 წლის 30 იანვარს, რომ ეს არაფერში გამოგვადგებოდა, დავწერე განცხადება, გადავეცი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას და 11 თვის თავზე, დეკემბრის ბოლოს მოვიდა პასუხი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
იხილეთ ასევე: