უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკელები აღიქვამენ, როგორც “კარგს” და “ძლიერს”, მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესახებ მათი მთავარი ერთსიტყვიანი შეფასებები მოიცავს “ბოროტს” და “დიქტატორს, - ეს არის J.L. Partners-ის მიერ ერთი თვის წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებია, რომელიც აანალიზებს ამომრჩეველთა დამოკიდებულებას უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ.
გამოკითხვაში მონაწილეებს პუტინის და ზელენსკის ერთსიტყვიანი შეფასება სთხოვეს, მათ “დიქტატორად” სწორედ პუტინი დაახასიათეს.
რესპუბლიკელებმაც კი, რომლებიც უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, პუტინი დაახასიათეს, როგორც “ცუდი”, “კრიმინალი” და “მკვლელი”.
პასუხები აჩვენებს ამერიკელების მტრულ დამოკიდებულებას რუსი ლიდერის მიმართ, რომელიც ახლა უკვე მეხუთე ვადითაა პრეზიდენტი.
გამოკითხვა ასევე ააშკარავებს, როგორ სცდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია საზოგადოებრივ აზრს.
ტრამპმა ზელენსკის მხარდამჭერი დასავლური კოალიცია გასულ კვირას, პუტინთან 90-წუთიანი საუბრის შემდეგ შეარყია - მას მერე, რაც უკრაინელმა ლიდერმა ეს გააპროტესტა, მას მწვავე კრიტიკით უპასუხა.
ოთხშაბათს მან ზელენსკი დაახასიათა, როგორც “ზომიერად წარმატებული კომიკოსი”, რომელმაც "შეერთებული შტატები 350 მილიარდი დოლარის დახარჯვაზე დაიყოლია ომში, რომელში გამარჯვებაც შეუძლებელი იყო”.
“დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება”, - დაწერა მან, მიუთითა რა იმ ფაქტზე, რომ ომის გამო უკრაინის არჩევნები გადაიდო.
გამოკითხვაში რესპონდენტებს პირდაპირ ჰკითხეს, ვის ენდობიან უფრო მეტად, რესპონდენტების 52%-მა თქვა, რომ უფრო მეტად ზელენსკის ენდობა, ვიდრე - პუტინს. ეს უკანასკნელი სანდოდ მხოლოდ 12%-მა დაასახელა.
J.L. Partners-ის თანადამფუძნებელმა, ჯეიმს ჯონსონმა განაცხადა, რომ ტრამპი, როგორც ჩანს, ამომრჩევლების აზრს მოწყვეტილია, მაგრამ ეს სწრაფად შეიძლება შეიცვალოს.
”ტრამპის ამომრჩევლებს შეიძლება, უკრაინა ურჩევნიათ რუსეთს, მაგრამ ეს არ არის მათი პრიორიტეტების სიის სათავეში და ნამდვილად არ განსაზღვრავს მათ პოლიტიკურ იდენტობას”, - თქვა მან, - “ეს ნიშნავს, რომ ვვარაუდობ, შემდეგ ჯერზე როცა იმავეს გამოვიკითხავთ, ზელენსკის საკითხზე რიცხვები უფრო პოლარიზებული იქნება - მეტი რესპუბლიკელი გაჰყვება პრეზიდენტ ტრამპის ხაზს, მიუხედავად მათი წინა შეხედულებებისა ამ საკითხზე. თუმცა, არ ველოდები, რომ თვითონ პუტინის მიმართ შეხედულებები შეიცვლება: აზრი, რომ ის ბოროტი დიქტატორია, ძალიან გამჯდარი ჩანს, რაც ბუჩაში და სხვაგან ბოლო წლების განმავლობაში ნანახი უსასტიკესი სცენების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის”.
ოთხშაბათს ზელენსკიმ თავისი შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ამერიკელი პრეზიდენტი პუტინს შეცდომაში შეჰყავს.
“პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, როგორც ლიდერის მიმართ სრული პატივისცემით... ის დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს", - თქვა მან.
ტრამპის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ მისი მიდგომა უარეს შედეგს გამოიღებდა.
თუმცა, რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა ტრამპის მიერ უკრაინის კრიტიკისგან და ზელენსკის აღსაწერად ტერმინ “დიქტატორის” გამოყენებისგან დისტანცია დაიჭირეს.
“ეს არ არის სიტყვა, რომელსაც მე გამოვიყენებდი”, - თქვა სენატორმა თომ თილისმა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ომი ერთი ადამიანის - პუტინის ქმედებების შედეგია! წყარო
იხილეთ ასევე: