“თუკი ვამბობთ, რომ “ფეიკ ნიუსი“ ცუდია, მაგრამ ის მაინც ვრცელდება, ე.ი. რაღაც კარგად არ მუშაობს - რაკი ვხედავთ, რომ მედიის ე.წ. თვითრეგულირების წესები არ მუშაობს, კანონმდებელი ვალდებულია, საკითხი კანონით დაარეგულიროს!“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილმა მედიასთან დაკავშირებით დაგეგმილ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომლის ინიცირებას “ქართული ოცნება“ გეგმავს.
“საერთოდ არ არის საუბარი ცენზურაზე - ცენზურა ინფორმაციის წინასწარ კონტროლს და ინფორმაციის წინასწარ გაფილტვრას გულისხმობს.
ბრიტანული სტანდარტი უკვე გასული ინფორმაციის შემდგომ შეფასებას ეხება, თუკი ინფორმაცია იყო ტყუილის შემცველი და ცილისმწამებლური. რა ვუყოთ იმ სიყალბეს, რომელიც მედიით ვრცელდება?! იმის გამო, რომ დღეს ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, ერთ-ერთი გამოწვევა მთელს მსოფლიოში არის ის, თუ როგორ ვებრძოლოთ “ფეიკ ნიუსებს“. ამაზე ფიქრობენ და ამას ებრძვიან ევროკავშირსა და აშშ-ი.
ჩვენც ამაზე ვფიქრობთ და ამას ვებრძვით. აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხილებებმა გვაჩვენა, რომ უცხოური დაფინანსებით მედია-ორგანიზაციების მთელი ქსელი მოქმედებდა, რომელიც ერთი ნარატივის დამკვიდრებაზე მუშაობდა.
ჩვენ ჩვენი მოქალაქეები უნდა დავიცვათ, რათა იყვნენ ინფორმირებული. დეზინფორმაციის ნაცვლად, უნდა იყოს ინფორმაცია - ეს იმ სტანდარტებით მოხდება, როგორც არის ბრიტანეთში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.